Thursday, August 27, 2026

პოლიტიკური (საიდუმლო) პოლიცია და რევოლუციონერები საქართველოში 1894-1908 წლებში (აგენტურის გამოყენების მეთოდები და ხერხები ტერორის წინააღმდეგ) 2003 წელი. ნაწილი მეხუთე - ოხრანკის საერთო განყოფილება, პოლიცია

 

$6. `ოხრანკის~ საერთო განყოფილების საქმიანობა

 

         `ოხრანკის~ განყოფილება სტრუქტურულად იყოფოდა სამ განყოფილებად _ შიდა მეთვალყურეობის (აგენტურულ), გარე მეთვალყურეობის და საერთო განყოფილებად. ორ მათგანზე უკვე ვისაუბრეთ, რაც შეეხება საერთო განყოფილებას, იგი აწარმოებდა მთელ ოფიციალურ მიმოწერას პოლიტიკურ ძიებაზე პოლიციის დეპარტამენტთან, ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოსთან, სხვა გუბერნიებში არსებულ `ოხრანკის~ განყოფილებებთან (277).

          ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც შეხებაში იყო `ოხრანკის~ განყოფილების საქმიანობასთან, იმის განურჩევლად იყვნენ ძებნაში, ნათესაური თუ ამხანაგური ურთიერთობა ჰქონდა პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პირებთან რეგისტრირებული იყვნენ საერთო განყოფილებაში (278). `ოხრანკის~ საერთო განყოფილების კართოტეკა შედგებოდა სარეგისტრაციო ფურცლებისგან. მათში ნებისმიერ პირზე გვარისა და სახელის მეშვეობით შეიძლებოდა შესაბამისი მასალის მოძიება. ცალკე იყო დაპატიმრებული პირების კართოტეკა. `სარეგისტრაციო ფურცელზე~ დაიტანებოდა მოქალაქის მოკლე ბიოგრაფია, ფოტოსურათი, გარეგნული აღწერილობა, დაპატიმრების მიზეზი, ოჯახური მდგომარეობა, ახლობლების (და, ძმა, მშობლები) მისამართების მითითებით და აგენტურისაგან მიღებული ცნობები ამ პირის დანაშაულებრივ საქმიანობაზე (279).

          საერთო განყოფილებაში იგზავნებოდა პოლიციის დეპარტამენტის ცირკულარები ძებნილი პირების სიით, ფოტოსურათებით. თითოეული სია შედგენილი იყო ანბანის მიხედვით. პოლიტიკური ძებნილები ხუთ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. პირველ ჯგუფში მოთავსებული იყვნენ იმ პერიოდისათვის (1900-1908 წლები) ცარიზმის პოლიტიკური პოლიციის აზრით ყველაზე საშიში პარტიების წევრები: სოციალისტ-რევოლუციონერები, სოციალისტ-რევოლუციონერი მაქსიმალისტები და ანარქისტები, ანუ ის პარტიები, ვის პროგრამაშიც ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის უმთავრეს საშუალებად გამოცხადებული იყო ტერორი. ამ ჯგუფში შედიოდნენ ასევე იმპერიაში არსებული სხვა რევოლუციური პარტიების წევრები. მათი ჯგუფები დანომრილი იყო შესაბამისი აღნიშვნებით /1 და /2.    

     მეორე ჯგუფის /1-ით აღნიშნულ სიაში შედიოდნენ ის პირები, ვისზეც აღმოჩენისთანავე უნდა დაემყარებინათ მეთვალყურეობა, მაგრამ არ დაეპატიმრებინათ და არც გაეჩხრიკათ. მხოლოდ ეცნობებინათ მათ შესახებ პოლიციის დეპარტამენტისათვის. 2 აღნიშვნით ამავე ჯგუფში ათავსებდნენ იმ პირთა მონაცემებს, ვისაც აკრძალული ჰქონდა იმპერიაში შემოსვლა, გამოქცეული იყო გადასახლებიდან, ის უცხოელები, ვისზეც საჭირო იყო მეთვალყურეობის დაწესება.

     მესამე ჯგუფში აღნიშნით , ათავსებდნენ იმ რევოლუციონერთა მეტსახელებს და ფოტოსურათებს, ვისი ვინაობაც არ იყო გარკვეული და საჭიროებდნენ ამოცნობას.

     მეოთხე ჯგუფში აღნიშვნით თავსდებოდნენ პირები, ვისზეც ძებნა უნდა შეეწყვიტათ.

     მეხუთეში აღნიშვნით შედიოდა მონაცემები მოპარული, დაკარგული პასპორტების, სამსახურებრივი ბლანკების, სხვადასხვა დოკუმენტაციის და ბეჭდების შესახებ. ეს სია ერთობლიობაში წარმოადგენდა `ოხრანკის~ საერთო განყოფილების პოლიტიკური ძებნილების კართოტეკის საფუძველს (280).

     საერთო განყოფილებისგან განსხვავებით ცალკე გააჩნდა რეგისტრაცია აგენტურულ განყოფილებას. აქ ამ განყოფილების `აგენტურულ ფურცლებზე~ სხვადასხვა პარტიების მიხედვით ივსებოდა რამოდენიმე ფერის ბლანკები. წითელ ბლანკებზე შეჰქონდათ პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი ორგანოს სამოქ-მედო ტერიტორიაზე არსებული სოციალისტ-რევოლუციური პარტიის წევრების მონაცემები, ცისფერზე _ სოციალ-დემოკრატების, მწვანეზე _ ანარქისტების, ყვითელზე _ სტუდენტების, თეთრზე კი შეყვანილი ჰყავდათ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პროფკავშირების, ამხანაგობების და სხვათა წევრები (281).

     აგენტურული განყოფილებისათვის ყველაზე საინტერესო პირებზე, ლაპარაკია პარტიის ლიდერებზე, რევოლუციური ორგანიზაციების ყველაზე აქტიურ წევრებზე ადგენდნენ ცალკე საქმეებს (282). საქმეში თავსდებოდა ფილერების და აგენტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია კონკრეტულ პიროვნებაზე. აგენტურულ განყოფილებაში რეგისტრირებულ პირზე ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში კეთდებოდა `მონაცემების~ ფურცელი. მასში მოკლედ იყო გადმოცემული ბიოგრაფიული მონაცემები, გარე მეთვალყურეობის შედეგად ფილერებისგან მინიჭებული მეტსახელი, წოდება, საქმიანობა, ასაკი, სარწმუნოება, გარეგნული აღწერილობა, ნათესაური და რევოლუციური კავშირები, პარტიულ იერარქიაში დაკავებული ადგილი. `მონაცემების~ ფურცელზე აღინიშნებოდა იმ აგენტის და ფილერის მეტსახელიც, ვინც მიაწოდა ინფორმაცია (283).

         პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი თუ ცენტრალური ორგანოების მოთხოვნის შემთხვევაში დგებოდა ინფორმაციის გასაგზავნად `ცნობა~, რომელშიც აგენტურულ განყოფილებაში აღრიცხვაზე მდგომი პირის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა იყო მთლიანად ასახული. მაგალითად, . ჟორდანიას შესახებ გაცემულ `ცნობაში~ ასახულია მისი რევოლუციური საქმიანობა დაწყებული `საქართველოს თავისუფლების ლიგის~ წევრობიდან 1892 წლიდან, დამთავრებული სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მოღვაწეობით (284).

          საიდუმლო თანამშრომლები-აგენტები, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, თავის ხელმძღვანელ ოფიცერს სიტყვიერად აბარებდნენ ანგარიშს პაემნების დროს. `ოხრანკის~ ოფიცერი მათ მონათხრობს იწერდა `აგენტურული ჩანაწერის~ სახით. ჩაწერილი ინფორმაცია `ოხრანკის~ განყოფილებაში მუშავდებოდა, ივსებოდა გარე მეთვალყურეობის და საერთო განყოფილებიდან ამოღებული მასალით (285). გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე ხდებოდა აგენტურული ქსელის და მთლიანად `ოხრანკის~ განყოფილების შემდგომი საქმიანობის დაგეგმვა.   

           თითოეულ რევოლუციურ ორგანიზაციაზე ცალ-ცალკე დგებოდა საქმეები. მაგალითად, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის საქმე თბილისის `ოხრანკის~ განყოფილებაში იწყება 1907 წლის 2 ოქტომბრიდან და ივსებოდა მასალებით 1917 წლის 28 იანვრამდე. საქმეში თავიდან ჩამოთვლილია პარტიის წევრები, მონაცემები და ცნობები მათი რევოლუციური საქმიანობის შესახებ. აღნიშნულია ვინ და როდის იქნა დაპატიმრებული (286).

     საინტერესოა პარტიის წევრების ჩამონათვალი და მათი მოკლე დახასიათება: `კორნელი ილარიონის ძე კასრაძე _ ძალიან სერიოზული ტერორისტი, იპოლიტე ვართაგავა _ ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებელი, აკაკი წერეთელი _ პოეტი, დიმიტრი სოფრომის ძე ჯაში _ გაზეთ `ივერიის" თანამშრომელი~ და სხვები. საქმეში დევს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის პროგრამა და წესდება. ვრცლად არის მოცემული 1907 წლის 2-7 ოქტომბერს ჩატარებული პარტიის III კონფერენციის ამსახველი მასალა, რომლის ანალიზიდან ჩანს, რომ `ოხრანკელებს~ სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში ყავდათ კარგად ინფორმირებული აგენტი, რადგან კონფერენციაზე მიმდინარე პროცესები თვითმხილველის მიერაა აღწერილი. საქმეში მოთავსებულია სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის შესახებ `ოხრანკის~ განყოფილების უფროსის მიერ გაკეთებული `მიმოხილვა~ _ პარტიის მთლიანი საქმიანობის აღწერა. `მიმოხილვის~ შედგენაში გამოყენებულია პარტიის მიერ გამოცემული არალეგალური ლიტერატურის, გაზეთების და ნაბეჭდი სახის სხვა მასალის ეგზემპლარები, რომლებიც საქმეს თან ერთვის.

          საქმის ბოლოში მოთავსებულია დიაგრამები. ერთ-ერთზე გრაფიკულად წრეებისა და ხაზების მეშვეობით გამოხატულია სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ორგანიზაციული აგებულება (287). ამდაგვარ დიაგრამებს ადგენდნენ ყველა მათთვის ცნობილ პარტიულ ორგანიზაციაზე ცალკ-ცალკე. წრეებში წერ-დნენ პარტიის ხელმძღვანელი პირების, მმართველი ორგანოს, რიგითი წევრების გვარებს და სახელებს. დიაგრამის შუაში თავსებოდა პარტიის ხელმძღვანელ ცენტრში შემავალი პირების მონაცემები. მის გარშემო გვერდებზე რიგითი წევრების. წრეების დამაკავშირებელი ხაზები მიუთითებდნენ ორგანიზაციის წევრთა კავშირებს. შავი ფერის ხაზებით აღნიშნავდნენ პარტიული საქმიანობის რომელ სფეროში იყო დასაქმებული ესა თუ ის პირი, მწვანეთი აღნიშნავდნენ პირად ნაცნობობას. ხაზების თავმოყრის ადგილი აღნიშნავდა ორგანიზაციის ცენტრს. დიაგრამების ფურცელზე იწერებოდა იმ საიდუმლო თანამშრომლების მეტსახელები, ვინც მიაწოდა ინფორმაცია. დასაპატიმრებლად გამიზნული პირის წრეს აფერადებდნენ ყვითლად. ვინც დააპატიმრეს უსვამდნენ ჯვარს (288).

          დიაგრამებზე წრეების რიცხვი იზრდებოდა პარტიული ორგანიზაციის რიცხობრივ ზრდასთან ერთად. ამდაგვარ დიაგრამებს ადგენდნენ ყოველწლიურად. მათი გადახედვით ნათელი ხდებოდა წლების განმავლობაში ორგანიზაციის მუშაობის სრული სურათი.

          ისინი თავისი შინაარსით იყო ორი სახის: ერთზე ასახავდნენ პარტიული ორგანიზაციის განშტოებებს, მეორეზე საკუთრივ კონკრეტული ორგანიზაციის წევრთა პარტიულ კავშირებს.

          მათ ადგენდნენ გარე მეთვალყურეობის განყოფილებაშიც. აქ ის ასახავდა ორგანიზაციის წევრებზე მეთვალყურეობას და ატარებდა შიდა მეთვალყურეობის (აგენტურული) განყოფილებისაგან განსხვავებით კონკრეტულ ხასიათს. ამ განყოფილების დიაგრამებზე ასახულია ფილერული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირთა კავშირები. კონკრეტული მონაცემები _ ვის შეხვდნენ, სად შევიდნენ და სხვა. ამ მასალას ფილერის ანგარიშის მიხედვით დიაგრამებზე იტანდა `ოხრანკის~ ოფიცერი. ეს დიაგრამები თავის მხრივ იგზავნებოდა აგენტურულ განყოფილებაში და იქ უკვე ამ განყოფილების დიაგრამებზე აისახებოდა (289).

          გარე მეთვალყურეობის განყოფილებაში `გარე მეთვალყურეობის~ დღიური რევოლუციურ პარტიებზე ცალ-ცალკე დგებოდა. მათში დაწვრილებით ისახებოდა პარტიის წევრებზე მეთვალყურეობის პროცესი. `დღიურის~ და `აგენტურული ჩანაწერების~ საფუძველზე `ოხრანკის~ განყოფილების უფროსი წელიწადში ერთხელ გზავნიდა პოლიციის დეპარტამენტში `პოლიტიკურ მიმოხილვას~, სადაც აღწერილი იყო სამოქმედო რაიონის ტერიტორიაზე არსებული პარტიების მუშაობა. რაიონული `ოხრანკის~ განყოფილებების შექმნის შემდეგ (1907 წლიდან) `პოლიტიკურ მიმოხილვებს~ გზავნიდნენ რაიონული `ოხრანკის~ განყოფილების უფროსები. ამ `მიმოხილვებიდან~ ჩანს, რომ `ოხრანკის~ თანამშრომლები საკმაოდ ობიექტურად აფასებდნენ პოლიტიკურ სიტუაციას. მაგალითისათვის მო-ვიყვანთ მათ შორის ერთერთს.

          1906 წლის 16 მარტით დათარიღებულ `პოლიტიკურ მიმოხილვაში~ თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში რევოლუციური მოძრაობის და თბილისში პოლიტიკურ ძალთა განლაგების შესახებ აღნიშნულია: `აქ პოლიტიკური საკითხი მჭიდროდ არის გადახლართული ეროვნულ საკითხთან, რაც აძლევს დიდ უპირატესობას რევოლუციურ და ოპოზიციურ ძალებს თავის საქმიანობაში, ამიტომ მათი ამოცანა სანახევროდ გაადვილებულია~.

          რევოლუციური პარტიების გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე და მათ შორის ვის ეკავა წამყვანი ადგილი შემდეგნაირადაა გადმოცემული: `უმთავრესი რევოლუციური ძალა თბილისში ადგილობრივი პროლეტარიატია, უპირატესად ქართული, რომელიც დგას რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დროშის ქვეშ. სოციალისტ-რევოლუციონერები, სოციალისტ-ფედერალისტები და `დაშნაკისტები~, როგორც რევოლუციური ძალა, არსებული პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ კავკასიაში აქტიური საქმიანობის გამწევი არ არიან~.

          სოციალ-დემოკრატების წამყვან ბირთვად მიჩნეულია `გურული ინტელიგენცია~ . ჟორდანიას მეთაურობით. აღნიშნულია: `ისინი ამ მოძრაობის სათავეში ჩადგნენ 1890-იან წლებში და ახლაც იგივე სიტუაციაა.~ კავკასიაში მიმდინარე რევოლუციური პროცესების მიზეზი კი არის: `კავკასიის ისტორიულად ჩამოყალიბებული ეკონომიური პირობები~.

         სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის წამყვან ძალად დასახელებული არიან მენშევიკები და ამიტომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკაც მიჩნეულია მათ მიერ შემუშავებულად. დაწვრილებით განხილულია მენშევიკების წითელ რაზმელების მიერ წარმოებული პარტიზანული ომის ხერხები. ამ ხერხების და მეთოდების შემმუშავებლად მიჩნეულია . ჟორდანია _ `მთავარი დიქტატორი ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, უდიდესი ნებისყოფის ადამიანი, რომელსაც შეუძლია საოცარი სისწრაფით ყველაფრის ხელში აღება და ნიჭიერი ორგანიზატორია~ (290).

         მოხსენებაში საუბარია ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივი წრეების პოლიტიკურ განწყობაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა მზადება სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისათვის, რომელი პარტიების გავლენა იგრძნობოდა სახელმწიფო დაწესებულებების ჩინოვნიკებში და სხვა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიციის დეპარტამენტის ყურადღების მთავარი საგანი 1902 წლიდან იყო სოციალისტ-რევოლუციონერების პარტია `რადგან მათ შექმნეს `სამხედრო ორგანიზაცია~ და გადავიდნენ ტერორზე~. შესაბამისად დეპარტამენტი ძალიან ბევრ ცირკულარს გზავნიდა პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივ ორგანოებში მიეწოდებინათ ინფორმაცია სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიის წევრების საქმიანობის, ვინაობის მითითებით და იყო თუ არა მათზე მაკომპრომიტირებელი მასალა. თუ იყო აღიძრა საქმე, გაასამართლეს, რა სასჯელი დაედოთ და სხვა (291).

          1904 წლიდან, გაუქმდა რა 1889 წლის 1 მარტის პოლიციის ფარული ზედამხედველობის დებულება, `ოხრანკის~ განყოფილების შინაგანი და გარე მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირთა სია პოლიციის დეპარტამენტში იგზავნებოდა წელიწადში ერთხელ 1 იანვრისათვის. რევოლუციური ორგანიზაციების განადგურების, წევრების დაპატიმრებიდან ერთი კვირის შემდეგ მეთვალყურეობის დღიური და სხვა მასალა იგზავნებოდა პოლიციის დეპარტამენტში (292). რაიონული `ოხრანკის~ განყოფილებების ჩამოყალიბების შემდეგ უკვე, ზემოთ ჩამოთვლილი შეტყობინებების გარდა, ყოველ თვე აგზავნიდნენ მოკლე ცნობების სახით პოლიტიკურ დამნაშავეების შესახებ საიდუმლო თანამშრომლებისგან მიღებულ ინფორმაციას.

          რევოლუციური მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მცირდებოდა ვადები პოლიტიკური ძებნისათვის აუცილებელი მასალის მიწოდებაზე. 1904 წლიდან დაიწყეს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა 24 საათის განმავლობაში (293). 1904 წლის 27 ივლისის ცირკულარით პოლიციის დეპარტამენტმა მოითხოვა, როგორც კი აიყვანდნენ მეთვალყურეობაში პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პირებს, მაშინვე ეცნობებინათ ცენტრში (294).             1907 წლის `გარე მეთვალყურეობის~ ინსტრუქციით `ოხ-რანკის~ განყოფილებები პოლიციის დეპარტამენტს უკვე ყოველთვე უგზავნიდნენ ასევე ანგარიშს იმ პირებზე მეთვალყურეობის შესახებ, ვისაც უთვალთვალებდნენ ფილერები (295).

 

 

 

 

თავი IV

საერთო პოლიცია პოლიტიკური ძებნის და ძიების

ადგილობრივი ორგანოების გვერდით

 

          რუსეთის იმპერიაში 1862 წელს შეიცვალა საერთო პოლიციის სტრუქტურა. საგუბერნიო ქალაქებში ჩამოყალიბდა საქალაქო პოლიციის სამმართველოები. მათ ხელმძღვანელობდა პოლიცმეისტერი. ყავდა მოადგილეები და გააჩნდა კანცელარია. ქალაქი დაყოფილი იყო ნაწილებად (`უჩასტოკი~), ნაწილები უბნებად და `ოკოლოტკებად~. ნაწილის სათავეში იდგა პრისტავი, რომელიც თავის მხრივ ხელმძღვანელობდა `ოკოლოტკებს~, პოლიციის ნაწილის ზედამხედველებს და `გოროდოვოებს~.

           კავკასიაში XIX საუკუნის ბოლოს გუბერნიებში არსებულ თითოეულ მაზრას საკუთარი საერთო პოლიციის ორგანოები გააჩნდა მაზრის უფროსის, მისი თანაშემწის სახით. მაზრის საპოლიციო სამმართველოები დაყოფილი იყო `ნაწილებად~ (296). მაზრის უფროსს ემორჩილებოდნენ `სტრაჟნიკები~, რომლებიც მცირე რაზმებად დაყოფილი იმყოფებოდნენ სოფლებში და დაბებში .. `პუნქტებზე~ (297).

             საერთო პოლიციის საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართო იყო. მათ ევალებოდათ: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ხელისუფლების ბრძანებების და დადგენილებების გამოქვეყნება, მოსახლეობის აღწერა, დამნაშავეთა დაპატიმრება, ძებნა, მეთვალყურეობა სამედიცინო საჭიროებისათვის წურბელების დროულად დაჭერაზე და სხვა (298).

           როგორც ზემოთ არაერთხელ ავღნიშნეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტში შესულ საერთო პოლიციას 1882 წლის 1 მარტის `დებულებით პოლიციის ფარულ ზედამხედველობაზე~ დაევალა პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პირებზე საიდუმლო ზედამხედველობის წარმოება. ასეთ სიტუაციაში მათი მოქმედება გადაჯაჭვული იყო ჟანდარმერიის სამმართველოების საქმიანობასთან და საერთო პოლიცია მოქმედებდა როგორც ჟანდარმერიის ჩინების დამხმარე ძალა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ფარული ზედამხედველობის წარმოების პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო და რადგან იგი მის პირდაპირ მოვალეობას არ წარმოადგენდა, საერთო პოლიცია მას თავს არიდებდა. თავის უარყოფით როლს თამაშობდა პოლიტიკური ძებნის და ძიების ტექნიკის უცოდინრობა საერთო პოლიციის მიერ ფარული ზედამხედველობის წარმოების საქმეშიც. ამასთან, საერთო პოლიციას ძალიან ჰქონდა გატეხილი სახელი არა მარტო საზოგადოების, არამედ ხელისუფლების თვალშიც. 1900-იანი წლების დასაწყისში საბაჟო უწყებამ გამოსცა განკარგულება სამსახურში არ მიეღოთ საერთო პოლიციაში ნამუშევარი პირები (299).

      1904 წელს, რევოლუციური პარტიების გააქტიურების პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნული დებულება გააუქმა და საერთო პოლიციას ჩამოართვა ფარული ზედამხედველობის წარმოება (300). თუმცა უკვე 1905 წელს ნათელი გახდა, რომ პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი ორგანოები ვეღარ უმკლავდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ მასიურ ტერორს. ამიტომ, ქალაქის და მაზრის პოლიციის სამმართველოებს დაევალათ რევოლუციური მოძრაობის წარმომადგენლების, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეების, ხელმძღვანელების ვინაობის გამორკვევა და მათი დაპატიმრება (301).

           ფაქტობრივად, საერთო პოლიციას დაეკისრა პოლიტიკური ძებნის წარმოება, რადგან რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეების საქმიანობის გამორკვევა შეუძლებელი იყო პოლიტიკური ძებნის ხერხების გამოყენების გარეშე. უფრო შორს წავიდა კავკასიის პოლიციის გამგე გენერალი შირინკინი. მან 1906 წელს გამოსცა განკარგულება, რომლითაც საერთო პოლიციას ქალაქად და სოფელად უნდა გაეჩინა აგენტურა პოლიტიკური ძებნის საწარმოებლად.

1903-1908 წლებში ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოსვლებში ლომის წილი ეკავა ტერორისტულ აქტებს და ექსპროპრიაციებს. აღნიშნული სახის დანაშაული მჭიდროდ დაკავშირებულია სისხლის სამართლის დანაშაულთან. უკვე ეს გარემოება აპირობებდა პოლიტიკური და საერთო პოლიციის ერთმანეთის საქმიანობის სფეროში შეჭრას.

          თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი, მისი თქმით: `იძულებული იყო თითქმის ყოველდღე გაემეორებინა პრისტავების და სისხლის სამართლის სამძებრო ნაწილის გამგისთვის, რომ მათ არავინ დაეპატიმრებინათ და არ მოეხდინათ ჩხრეკები `ოხრანკის~ განყოფილებასთან შეთანხმების გარეშე. ყველა ცნობა მიღებული დასმენების, ჩვენებების, განცხადებების საშუალებით პოლიტიკურ დანაშაულზე გადაეცათ `ოხრანკის~ განყოფილებისათვის. შეესრულებინათ `ოხრანკის~ განყოფილების ხელმძღვანელის მოთხოვნები და ბრძანებები. `ოხრანკის~ განყოფილების ჩინებისათვის გაეწიათ დახმარება ნებისმიერ საკითხში~ (302).

      1906 წელს `იმის გამო, რომ საერთო პოლიციის ჩინები უფრო ახლოს დგანან მოსახლეობასთან, ვიდრე პოლიტიკური პოლიცია~, მათ უკვე პოლიციის დეპარტამენტიდან დაევალათ აგენტურის შეძენა ქალაქების და სოფლების მოსახლეობაში (303).

აქვე აღსანიშნავია, რომ `საიდუმლო თანამშრომლების~ შეძენა 1905 წლიდან დაევალათ რკინიგზის ჟანდარმთა პოლიციის სამმართველოებსაც. 1908 წლის 11 მაისს პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულმა განყოფილებამ მიუთითა, რომ `ზოგიერთ სამმართველოს დღემდე არ ყავს `საიდუმლო თანამშრომლები~, პოლიტიკური ძებნა კი წარმოადგენს ჟანდარმთა კორპუსის ოფიცრების მთავარ და პირდაპირ მოვალეობას~ (304).

     1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში `აგენტურული მასალის~ მოპოვება დაევალათ ასევე რკინიგზის ჟანდარმთა პოლიციის სამმართველოების პუნქტის უნტერ-ოფიცრებსაც (305).

         პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნების მიუხედავად ჟანდარმერიის ოფიცრები პასიურობდნენ აგენტურის შეძენის საკითხში. მათი საქმიანობა ხელმძღვანელობის მხრიდან ფასდებოდა მოკვლევების რაოდენობით. პოლიტიკური ხასიათის დანაშაულის მზადების აღმოჩენა მათ არ ევალებოდათ.

         1905 წლის 26 თებერვალს კავკასიაში ცარიზმმა აღადგინა მეფისნაცვლის ინსტიტუტი. ადგილობრივ ადმინისტრაციულ ხელისუფლებას მიეცა მეტი უფლებები და დამოუკიდებლობა ვიდრე მთავარმმართებლობის დროს.

          კავკასიაში პოლიტიკური ძებნის და ძიების ცენტრალიზაციის მიზნით სენატის ბრძანებით 1905 წლის 22 მაისს დაარსდა კავკასიის პოლიციის გამგის განსაკუთრებული თანამდებობა. ამ თანამდებობაზე ინიშნებოდა სამხედრო ჩინი და თუ არ ირიცხებოდა ჟანდარმთა კორპუსში, მინისტრის სპეციალური ბრძანებით ფორმდებოდა. ამ ორგანომ 1905 წლის სექტემბრიდან დაიწყო ფუნქციონირება (306). შტატში შედიოდნენ პოლიციის გამგე, განსაკუთრებულ დავალებათა შტაბს-ოფიცრები, ორი კურიერი. გააჩნდა კანცელარია, რომელიც იყოფოდა ორ _ განსაკუთრებულ და საერთო განყოფილებად. დებულებით განსაკუთრებულ განყოფილებას უნდა ეხელმძღვანელა პოლიტიკური ძებნისა და ძიებისათვის, გაეწია საერთო პოლიციის ორგანოების ხელმძღვანელობა. განსაკუთრებული განყოფილების შტატში შედიოდა მმართველი, საქმისმწარმოებელი, მისი თანაშემწე, 2 თარჯიმანი, 3 მწერალი. შტატში ასევე შედიოდნენ პოლიციის ზედამხედველებიც (307). მისი საქმიანობა დარეგულირებული იყო დებულებით `კავკასიაში პოლიციის გამგის საქმიანობის შესახებ~ (308). დებულებით უნდა მომხდარიყო პოლიტიკური და საერთო პოლიციის ორგანოების გაერთიანება. შესაბამისად კავკასიის პოლიციის გამგე დისციპლინარული და ინსპექტორული უფლებებით ისარგებლებდა ჟანდარმთა საგუბერნიო, საოლქო, რკინიგზის ჟანდარმთა პოლიციის სამმართველოების, ციხესიმაგრის ჟანდარმთა პოლიციის რაზმის ჩინებზე. ამასთან ერთად, აღნიშნული ორგანოების და საერთო პოლიციის ჩინებს უხელმძღვანელებდა ყველანაირი სახის პოლიტიკური დანაშაულის გამოკვლევის პროცესში. ჟანდარმერიის საგუბერნიო სამმართველოებს და საერთო პოლიციის ხელმძღვანელებს ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებები უნდა წარედგინათ პოლიციის გამგესთან.

          შუამავლის როლი შინაგან სამინისტროს და ჟანდარმერიის ადგილობრივ ორგანოებს შორის ეკუთვნოდა კავკასიის პოლიციის გამგეს. ცირკულარები, ინსტრუქციები, სხვა სახელმძღვანელო მითითებები მისი მეშვეობით უნდა გადასცემოდა ჟანდარმერიის ადგილობრივ დაწესებულებებს (309). რაც შეეხება საერთო პოლიციის ჩინებს, ისინი დაუქვემდებარდა მეფისნაცვალის მოადგილეს სამოქალაქო ნაწილში. მართალია, მათ კავკასიის პოლიციის გამგის მითითებები უნდა შეესრულებინათ, მაგრამ ზემოთ მოყვანილი დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათზე ზემოქმედების უფლება პოლიციის გამგეს არ გააჩნდა. ფაქტობრივად პოლიტიკური და საერთო პოლიციის გაერთია-ნების მაგივრად კავკასიის პოლიციის გამგეს შუამავალი ორგანოს სახით დაუქვემდებარდა მხოლოდ კავკასიაში არსებული ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოები. ამიტომ, მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა რუსეთის იმპერატორთან გაგზავნილ წერილში, 1906 წლის 15 აპრილს მოითხოვა კავკასიის პოლიციის გამგისთვის ან მეტი უფლებების მინიჭება პოლიტიკური და საერთო პოლიციის საქმიანობის გაერთიანების მიზნით, ანდა გაუქმება და მისი მოვალეობების გადაცემა მეფისნაცვლის კანცელარიისათვის (310).

ვორონცოვ-დაშკოვის მოთხოვნის პასუხად 1906 წლის 23 აპრილს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა კავკასიის პოლიციის გამგის თანამდებობა. მისი საქმეები გადავიდა მეფისნაცვლის მოადგილესთან სამოქალაქო ნაწილში. კავკასიის პოლიციის გამგის კანცელარია შეუერთდა მეფისნაცვლის კანცელარიის პოლიციის ნაწილს განსაკუთრებული განყოფილების სახით. მის სათავეში დააყე-ნეს ჟანდარმერიის ოფიცერი ვიცე-დირექტორის უფლებებით. იგი ემორჩილებოდა მეფისნაცვლის კანცელარიის უფროსს (დირექტორს), მაგრამ დისციპლინარულ და სამწყობრო დაქვემდებარებაში იყო ჟანდარმთა კორპუსის მეთაურთან (311).

     მეფისნაცვლის კანცელარიის პოლიციის ნაწილის განსაკუთრებული განყოფილების შტატში შედიოდა: განყოფილების უფროსიპოლკოვნიკი, მდივანი, 2 შტაბს-ოფიცერი, 3 საქმისმწარმოებელი, 2 ჩინოვნიკი სხვადასხვა დავალებებისათვის, არქივარიუსი, რეგისტრატორი, თარჯიმანი, 3 კანცელარიის ჩინოვნიკი, 14 პოლიციის ზედამხედველი. თუ ადრე `ოხრანკისგანყოფილება პოლიციის გამგეს არ ემორჩილებოდა, ახლა განსაკუთრებული განყოფილების შტატში შემავალი ერთი ოფიცერი მიმაგრებული იყო `ოხრანკისგანყოფილების უფროსთან მოადგილის მოვალეობის შესასრულებლად (312). ამასთან ერთად, ჟანდარმთა საგუბერნიო, სამაზრო და რკინიგზის ჟანდარმთა პოლიციის სამმართველოები, ციხე-სიმაგრის ჟანდარმთა პოლიციის რაზმი ბათუმში `სახელმწიფო დანაშაულის აღმოჩენის და გამოკვლევის საკითხშიდაუქვემდებარდა ზემოაღნიშნულ განსაკუთრებულ განყოფილებას.

         ამრიგად, მეფისნაცვლის კანცელარიის პოლიციის ნაწილის განსაკუთრებული განყოფილებას უნდა ეხელმძღვანელა ყველა სახის პოლიტიკურ დანაშაულზე ძიებისათვის, რომელსაც აწარმოებდნენ ჟანდარმთა საგუბერნიო და საოლქო სამმარ-თველოები და საერთო პოლიციის ჩინები. განსაკუთრებული განყოფილება თავის მხრივ ხელმძღვანელობდა მეფისნაცვლის უშუალო მითითებებით და პოლიციის დეპარტამენტიდან მიღებული განკარგულებებით. მართალია, ამ განყოფილებას უფრო მეტი უფლებები გააჩნდა ვიდრე კავკასიის პოლიციის გამგეს, ჟანდარმერიის ჩინები კვლავინდებურად ემორჩილებოდნენ საკუთარი დებულების მიხედვით დის-ციპლინარულ და სამწყობრო დამოკიდებულებით ჟანდარმთა კორპუსის შტაბს. განსაკუთრებული განყოფილების დროებითი დებულების მე-9 მუხლის თანახმად, პოლიტიკური ხასიათის მოვლენების, საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ განყოფილებას და ასევე ჟანდარმთა კორპუსის შტაბს.

          იმის მიუხედავად, რომ თბილისის `ოხრანკის~ განყოფილებაში მეფისნაცვლის პოლიციის ნაწილის განსაკუთრებული განყოფილების თანამშრომელი მივლინებული იყო მოადგილის სტატუსით, `ოხრანკის~ განყოფილება მაინც არ იყო მოვალე პოლიტიკური ძებნის პროცესში ჩაეხედებინა მეფისნაცვლის კანცელარიის განსაკუთრებული განყოფილება.

     1905-1906 წლების რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1906 წელს მოახდინა პოლიტიკური ძებნის ორგანოების დეცენტრალიზაცია. მიანიჭა მათ გარკვეული დამოუკიდებლობა პოლიტიკური ძებნის საქმეში. იგი გამოიხატა .. `ოხრანკის ოლქების~ შექმნაში. 1906 წლის ბოლოს იმპერიის ტერიტორიაზე შეიქმნა ათი რაიონული `ოხრანკის~ განყოფილება. თითოეული განყოფილება მოიცავდა რამდენიმე გუბერნიას. მართალია, კავკასიაში 1906-1907 წლებში თბილისის `ოხრანკის~ განყოფილება ითვლებოდა რაიონულად, რეორგანიზაცია მას ამ წლებში არ შეეხო, იმიტომ, რომ პოლიტიკური ძებნის და ძიების ორგანოები კვლავ თავმოყრილი იყო მეფისნაც-ვლის კანცელარიის პოლიციის ნაწილის განსაკუთრებულ განყოფილებაში (313).

          მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა 1907 წელს ცენტრალური ხელისუფ-ლებისაგან კვლავ მოითხოვა კავკასიაში პოლიტიკური ძიების და ძებნის ორგანოების გაერთიანება და აღძრა შუამდგომლობა რაიონული `ოხრანკის~ განყოფილების ჩამოყალიბების შესახებ კავკასიის ტერიტორიაზე, რომლის საქმიანობა უნდა მიესადაგებინათ კავკასიის მხარის განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ მოწყობასთან. 1907 წლის 24 დეკემბერს შეიქმნა კავკასიის რაიონული `ოხრანკის~ განყოფილება და როგორც იქნა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ოფიცრებს მიეცათ საშუალება აეღოთ რევანში `ოხრანკის~ ოფიცრებზეთბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსი დაინიშნა რაიონული `ოხრანკის~ განყოფილების უფროსად (314). 1908 წელს კავკასიის რაიონული `ოხრანკის~ განყოფილების შტატში შედიოდა: განყოფილების უფროსი პოლკოვნიკი, 2 მოადგილეშტაბს-ოფიცრები, 4 განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკი, 1 საქმისმწარმოებელი, საქმისმწარმოებლის თანაშემწე, რეგისტრატორი, ჟურნალისტი, 3 მწერა-ლი, თარჯიმანი და ფოტოგრაფი.

          იმპერიის სხვა ადგილებში დაარსებული რაიონული `ოხრანკის~ განყოფილებების _ პეტერბურგის, მოსკოვის, ვარშავის და სხვების ხელმძღვანელობა დაევალათ ამ ქალაქებში არსებულ `ოხრანკის~ განყოფილებების უფროსებს. ამასთან, ზემო ჩამოთვლილ რაიონული `ოხრანკის~ განყოფილებებს ხელმძღვანელობას უწევდა პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებული განყოფილება. კავკასიაში კი რაიონული `ოხრანკის~ განყოფილების უფროსი დებულების თანახმად უშუალოდ ემორჩილებოდა მეფისნაცვალს.

         კავკასიის (იწოდებოდა ასევე _ თბილისის `ოხრანკის~), რაიონული `ოხრანკის~ განყოფილება მოიცავდა თბილისის, ბაქოს, ელიზავეტოპოლის, ქუთაისის, ერევნის გუბერნიებს, ბათუმის, ყარსის ოლქებს, ზაქათალის, სოხუმის მაზრებს, ბაქოს საქალაქისთაოს, შავი ზღვის კავკასიის სანაპირო ოლქს, განსაკუთრებულ რაიონულ ოლქებად გამოყოფილ ყუბანის, თერგის, დაღესტნის ოლქებს და შავი ზღვის გუბერნიას.

          კავკასიის რაიონული `ოხრანკის~ განყოფილებამ როგორც იქნა კავკასიაში მოახდინა პოლიტიკური ძებნის და ძიების ორგანოების გაერთიანება. რაიონული `ოხრანკის~ დებულების მიხედვით ჟანდარმთა საგუბერნიო, რკინიგზის ჟანდარმთა პოლიციის სამმართველოები, საერთო პოლიციის საქალაქო და სამაზრო სამმართველოების ჩინები პოლიტიკური ძებნის და ძიების საქმეში ხელმძღვანელობდნენ რაიონული `ოხრანკის~ განყოფილების უფროსის მითითებებით.

         მეფისნაცვლის კანცელარიის პოლიციის ნაწილის განსაკუთრებული განყოფილების უფროსს არ გააჩნდა ის უფლებები, რაც რაიონული `ოხრანკის~ განყოფილების უფროსს. ამ უკანასკნელს შეეძლო ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს და საერთოდ პოლიციის ნებისმიერი ჩინისათვის დაევალებინა ჩხრეკის ან დაპატიმრების წარმოება მათი უშუალო ხელმძღვანელების გვერდის ავლით.

          რაიონული `ოხრანკის~ განყოფილების ოფიცრებს შეეძლოთ ესარგებლათ არა მარტო იმ მასალით, რაც კი არსებობდა ადგილობრივ `ოხრანკის~ განყოფილებებში და ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებში, არამედ ჰქონდათ ნებისმიერი საქმის გაცნობის უფლება. მეტიც, `საიდუმლო თანამშრომლების~ სასტიკი დაკონსპირირების მიუხედავად, მათი მოთხოვნის შემთხვევაში `აგენტები~ უნდა გაეცნოთ და მიეცათ ამ უკანასკნელებთან შეხვედრის საშუალება. დებულება რაიონული `ოხრანკის~ განყოფილების უფროსისაგან ითხოვდა საკუთარი .. `ცენტრალური აგენტურის~ გაჩენას მის სამოქმედო რაიონში. ბუნებრივია, ამ მოთხოვნის შემდეგ, `საიდუმლო თანამშრომლების~ გაჩენა დაიწყეს თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოშიც, რომლის უფროსი ამავდროულად იყო რაიონული `ოხრანკის~ ხელმძღვანელი.

         რაიონული `ოხრანკის~ განყოფილების უფროსს შეეძლო, პოლიტიკური ძებნის და ძიების ორგანოების საქმიანობის კოორდინაციის და ხელმძღვანელობის გაადვილების მიზნით, მოეწვია ამ დაწესებულებების უფროსების საოლქო ყრილობა.

          ამრიგად, კავკასიის რაიონული `ოხრანკის~ განყოფილების შექმნით ფაქტობრივად მოხდა პოლიტიკური ძებნის და ძიების ორგანოების გაერთიანება, მაგრამ, პოლიტიკური ძებნა, გამომდინარე პრაქტიკიდან, კვლავ ადგილობრივი `ოხრანკის~ განყოფილებების პრეროგატივა იყო. ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებს ძირითადად პოლიტიკური ძიების წარმოება უხდებოდათ და მოვალენი იყვნენ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია `ოხრანკის~ ადგილობრივი განყოფილებებისათვის გადაეცათ, თუმცა, გარკვეულწილად, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მათ შეძლეს ხელში ჩაეგდოთ პოლიტიკური ძებნის ის ნაწილი, რაც `საიდუმლო თანამშრომლების~ ხელმძღვანელობაში სერთო გამოიხატებოდა. ფილერული მეთვალყურეობის წარმოება და `საიდუმლო თანამშრომლების~ უმეტესობა კვლავ თბილისის `ოხრანკის~ განყოფილებაში იყო თავმოყრილი (315).

 

 

 

 

თავი V

ადგილობრივი ადმინისტრაცია და პოლიტიკური

ძებნის და ძიების ორგანოები 1894-1908 წლებში

 

          ადგილობრივი ხელისუფლება გუბერნატორების სახით ანხორციელებდა არა მარტო საერთო პოლიციის საქმიანობის ზედამხედველობას და წარმართვას, არამედ საერთო პოლიციის მიერ პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პირებზე ფარული ზედამხედველობის წარმოებაზე თვალყურის დევნებას. 1881 წლის 14 აგვისტოს შემოღებული დებულებით, `სახელმწიფო წესრიგის და საზოგადოებრივი სიმშვიდის დაცვის ზომების შესახებ~ გუბერნატორი აცხადებდა გუბერნიას `განსაკუთრებულ დაცვაზე~ და შეეძლო პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პირების გა-სახლება გუბერნიიდან. გუბერნატორის კანცელარიიდან იგზავნებოდა იმ პირთა სია, ვისზეც საერთო პოლიციას ევალებოდა ფარული ზედამხედველობა.

1904 წლიდან გუბერნატორი გახდა .. `განსაკუთრებული თათბირის~ თავმჯდომარე. ამ ორგანოს წევრები იყვნენ საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი და საოლქო სასამართლოს პროკურორი. `განსაკუთრებული თათბირის~ მოვალეობას შეადგენდა პოლიტიკურ დანაშაულზე მოკვლევის წარმოების შეწ-ყვეტა, ან ძიების გაგრძელებაზე მითითების მიცემა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ სამი დაწესებულების ხელმძღვანელის ერთად თავმოყრით, ცდილობდა პოლიტიკური ძიების უკეთ წარმართვის მიზნით შეეთანხმებინა ადგილობრივი ხელისუფლების, საერთო პოლიციის და ჟანდარმერიის ოფიცრების საქმიანობა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოების ოფიცრები ხშირად იგნორირებას უკეთებდნენ გუბერნატორის მოთხოვნებს, რადგან გუბერნიის ხელმძღვანელობას ადმინისტრაციულად არ ექვემდებარებოდნენ. პოლიციის დეპარტამენტი თავის მხრივ ურთიერთგამომრიცხავ ცირკულარებს უგზავნიდა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებსხან ითხოვდა გუბერნატორის მოთხოვნაზე გაეგზავნათ ჟანდარმერიის ოფიცრებს შესაბამისი მასალა, მაგრამ საიდუმლო ცნობები არ ჩაერთოთ მასში (316). ხან კი ავალებდნენ გუბერნატორისათვის გაეგზავნათ მისგან მოთხოვნილი სამმართველოში არსებული ნებისმიერი სახის მასალა (317).

          პრაქტიკაში ჟანდარმები გუბერნატორებს თავისი შეხედულების მიხედვით      უგზავნიდნენ ინფორმაციას. ჟანდარმერიის ოფიცრების საქმიანობის განხილვისას აღვნიშნეთ, რომ ისინი ხშირად აჭარბებდნენ თავის უფლებებს, ერეოდნენ ისეთი საკითხების გადაჭრაში, რაც გუბერნატორის უფლებამოსილებას წარმოადგენდა (318). 1905 წელს ჟანდარმთა კორპუსის შტაბი მიუთითებდა ჟანდარმერიის ჩინებს, რომ `ჟანდარმერიის ოფიცრები ხაზგასმული დამოუკიდებლობით იქცევიან გუბერნატორებთან ურთიერთობის დროს და გუბერნიის ხელისუფლებას უკეთებენ იგნორირებას~ (319). ამიტომ შინაგან საქმეთა მინისტრმა უბრძანა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსებს: `მართალია, ისინი არ არიან უშუალოდ დამოკიდებული გუბერნატორებზე, მაგრამ სახელმწიფო დანაშაულზე ძიების წარმოების შესახებ ინფორმაცია უნდა დროულად მიაწოდონ და ასევე შეათანხმონ თავისი საქმიანობა გუბერნიის ხელისუფლებასთან~ (320).

         მეორეს მხრივ, პოლიციის დეპარტამენტი გუბერნატორისაგან ითხოვდა, რომ საერთო პოლიციას ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულზე საქმეების გამოძიება შეეთანხმებინა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ხელმძღვანელობისათვის (321). ამასთან, პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივ ორგანოებს უნდა დროულად მიეწოდებინათ მათ მიერ მოპოვებული პოლიციური ხასიათის _ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული თუ საყოფაცხოვრებო დანაშაულის შესახებ მთელი ინფორმაცია გუბერნატორებისათვის (322).

          რუსეთის იმპერიაში პოლიტიკური და საერთო პოლიციის საქმიანობა მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული არა მარტო ერთმანეთთან, არამედ იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოებისსასამართლო პალატის, საოლქო სასამართლოს, პროკურატურის მუშაობასთან.

     XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე რუსეთის იმპერიაში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება იყოფოდა რამდენიმე სტადიად. წინასწარი მოძიება შედგებოდა მოკვლევისგან და გამოძიებისგან (323). როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფო (პოლიტიკურ) დანაშაულზე მოკვლევას აწარმოებდნენ ჟანდარმერიის ოფიცრები და ასევე სასამართლოს გამომძიებლები პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ (324). მოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დანაშაულის ფაქტის დადგენა. ჟანდარმერიის ოფიცერს დაპატიმრების შესახებ დადგენილება უნდა ეცნობებინა სასამართლო პალატის პროკურორისათვის (325). ჩხრეკებს ატარებდნენ სასამართლოს გამომძიებელი ან ჟანდარმერიის ოფიცერი საერთო პოლიციის ჩინებთან ერთად (326).

          პოლიტიკური ხასიათის დანაშაულზე საერთო პოლიციას დამოუკიდებლად ჩხრეკის და დაპატიმრების უფლება ჰქონდა იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილზე სასამართლოს ან პოლიტიკური ძიების წარმომადგენელი არ იმყოფებოდა (ასეთ შემთხვევაში გატარებული ღონისძიებები კანონით ექვემდებარებოდა შემოწმებას სასამართლოს წარმომადგენლის, ან გამომძიებლის მიერ). ჟანდარმერიის ჩინებს პოლიტიკური საქმეების ძიების დროს ნება ჰქონდათ დართული ბრალდებული გაეჩხრიკათ და დაეპატიმრებინათ თავისი შეხედულებით. ამრიგად, შეეძლოთ ბრალდებულის პატიმრობაში აყვანა ბრალდების სიმძიმის მიუხედავად. ბრალდებულის კორესპოდენციის ამოღებას და გასინჯვას გამომძიებლის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდებოდა. ჟანდარმებს კი შეეძლოთ მხოლოდ პროკურორთან შეთანხმებით (აცნობებდნენ) ამოეღოთ კორესპოდენცია. საერთო პოლიციის მიერ მოკვლევის წარმოების პროცესი იმყოფებოდა სასამართლოს კონტროლის ქვეშ, ჟანდარმერიის მიერ წარმოებული კი მხოლოდ პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ (327). ბრალდების წაყენებისათვის საჭირო სახელმწიფო დანაშაულის ფაქტზე არსებული მასალა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ გადაეცემოდა საოლქო სასამართლოს პროკურორს (ან სამხედრო საოლქო სასამართლოს). პროკურორი შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის ან არარსებობის საფუძველზე წყვეტდა საქმის ძიებას, ან აღძრავდა ბრალდებას. ამ შემთხვევაში პროკურორი ადგენდა საბრალდებო დასკვნას, რომელიც მიდიოდა სასამართლოში (328). სახელმწიფო დანაშაულზე აღძრულ საქმეებს არჩევდნენ სასამართლო პალატა და საოლქო სასამართლო (329).

          აღსანიშნავია, რომ 1900-1908 წლებში პროკურატურა ცდილობდა მეტი კონტროლის დაწესებას ჟანდარმერიის ჩინების საქმიანობაზე, მაგრამ მას ჟანდარმერიის ოფიცრების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების ან არასწორი მოქმედების შესახებ მხოლოდ საჩივრის გაგზავნის უფლება გააჩნდა პოლიციის დეპარტამენტში. პოლიტიკური პოლიციის მხრიდან ჩადენილმა ისეთი სახის სამართალდარღვევებმა, როგორიცაა ბრალდების გარეშე დაპატიმრებები, ჩხრეკები, იმატა 1905 წლიდან. თვით ახლად დანიშნული კავკასიის პოლიციის გამგე შირინკინი აღაშფოთდა, როდესაც გამომჟღავდა თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ოფიცრების მიერ ჩადენილი ასეთი სახის რამოდენიმე ათეული შემთხვევა. ჟანდარმერიის ოფიცრები საერთოდ არ უგზავნიდნენ დაპატიმრების შესახებ გამოტანილ დადგენილებების ასლს სასამართლო პალატის პროკურორს (330). ამიტომ, თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორი იძულებული იყო კვლავ და კვლავ მოეთხოვა თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსისათვის დაეშვათ მოკვლევის წარმოების პროცესში პროკურატურის თანამშრომლები (331).

         პროკურატურა თავის მხრივ ხშირად მიმართავდა თბილისის საერთო პოლიციის ხელმძღვანელობას, რომ პოლიციის პრისტავები არც თუ იშვიათად აპატიმრებდნენ მოქალაქეებს სახელმწიფო დანაშაულის ბრალდების საფუძველზე, რისი უფლებაც მათ არ გააჩნდათ და დაპატიმრებულებს გადასცემდნენ `ოხრანკისგანყოფილებას. მოქმედი კანონმდებლობით კი ეს პირები პოლიტიკური ძიების ფორმალური მოკვლევის ორგანოს _ ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოსათვის უნდა გადაეცათ.

          საკმაოდ ბევრი საარქივო მასალა არსებობს ჟანდარმერიის, `ოხრანკისოფიცრების და სასამართლოს გამომძიებლებს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. სასამართლო გამომძიებლების მოთხოვნების მიუხედავად პოლიტიკური პოლიციის ჩინები არ ცხადდებოდნენ სასამართლოშიგამოუცხადებლობას ხსნიდნენ კონსპირაციული მუშაობის მეთოდების, ძიების ხერხების გამჟღავნების შიშით მათი სასამართლოში დაკითხვის შემთხვევაში (332).

         იუსტიციის სამინისტრო თავის მხრივ სასამართლო პალატის და საოლქო სასამართლოს პროკურორებს სთხოვდა გაეწიათ დახმარება ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებისათვის იურიდიული კონსულტაციების სახით, კერძოდ, მიეცათ რჩევები ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოში არსებული მასალიდან გამომდინარე კანონის რომელი მუხლით დაისჯებოდა დამნაშავე საქმის სასამართლოში გადაცემის შემდეგ, შეიძლებოდა თუ არა ამ საქმის ბრალდების დამძიმება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში და სხვა (333). 

1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში მასიური არეულობების ფონზე პოლიციის დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო ითხოვდნენ რევოლუციური მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლების დაპატიმრებას, ან პატიმრობის ვადის გაგრძელებას. პოლიტიკური პოლიციის ჩინებს კი ხშირად არ გააჩნდათ შესაბამისი მტკიცებულებები, ამიტომ მათგან ითხოვდნენ, რომ შეეთანხმებინათ აღნიშნული სახის დაპატიმრებები სასამართლო პალატის, ან საოლქო სასამართლოს პროკურორებთან (334). თუკი შეთანხმებას ვერ აღწევდნენ, მაშინ ასეთი სახის პრობლემას აცნობებდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ათანხმებდა აღნიშნულ საკითხს იუსტიციის მინისტრთან (335).

          შინაგან საქმეთა მინისტრმა დურნოვომ ნება მისცა პოლიტიკური პოლიციის ჩინებს, თუკი სასამართლო ორგანოები გადაწყვეტდნენ, თვალსაჩინო რევოლუციო-ნერების, აგიტატორების გათავისუფლებას ფორმალური მოკვლევის პროცესში დანაშაულებრივი ფაქტების არქონის გამო, ისინი არ გაეთავისუფლებინათ პოლიციის დეპარტამენტის ნებართვის გარეშე (336).

         საერთოდ კი ეს ნაკლისამხილის გარეშე რევოლუციონერების დაპატიმრება დამახასიათებელი იყო პოლიტიკური პოლიციისათვის 1905-1906 წლებში. ამიტომ პოლიციის დეპარტამენტმა 1906 წელს მოითხოვა ნაჩქარევი დაპატიმრების მაგივრად ჯერ მოეპოვებინათ რეალური სამხილი მტკიცებულებების სახით.

1906 წელს პოლიციის რეფორმის შესახებ შექმნილ კომისიას დაევალა დაემუშავებინათ დებულება ჟანდარმერიის ოფიცრებისა და სასამართლოს ჩინების შეთანხმებული მოქმედების შესახებ პოლიტიკური ძიების პროცესში, რაც არ განხორციელდა (337).

         უწყებრივი დაპირისპირებების მიუხედავად პოლიტიკური პოლიცია სასამართლო დაწესებულებების ჩინოვნიკებთან შეთანხმებას მაინც ახერხებდა რამოდენიმე მიზეზით. კარიერის გაკეთების სურვილი ამ უკანასკნელებს უბიძგებდა ხელისუფლების თვალში ერთგული მოხელის სახელი დაემსახურებინა. ამასთან ერთად, ხელისუფლება თავიდან იშორებდა მისთვის არასასურველ სასამართლოს მოხელეებსმათ ათავისუფლებდნენ სხვადასხვა საბაბით სამსახურიდან. პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი დიდი რანგის ჩინოვნიკის სიტყვებით, `მათი ბედი დამოკიდებული იყო პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი ხელმძღვანელობის შეხედულებაზე~ (338). ამიტომ, სასამართლოს ჩინოვნიკები ხშირად უშვებდნენ წინასწარ განზრახვით, თუ უნებლიედ უხეშ შეცდომებს განაჩენის გამოტანისას (339). ჩვეულებისამებრ ისინი საკმაოდ სასტიკი იყო. თვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეთა აზრით, კავკასიაში პოლიტიკურ დანაშაულზე ძალიან მკაცრი განაჩენები გამოჰქონდათ. მაგალითად, თბილისის სასამართლო პალატის წევრ ბოგოროდსკის განაჩენები პოლიტიკური სახის დანაშაულზე რუსეთის იმპერიის საერთო სტატისტიკაშიც კი გამოირჩეოდა თავისი სისასტიკით (340).

          აღსანიშნავია, რომ ხშირად დაკითხვისას პროკურატურის კარიერისტი წარმომადგენლები, ხედავდნენ რა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიურად იყო დათრგუნული და შეიძლება მისგან გულწრფელი აღიარების მიღება, რომლის გამოყენებით კი მას `საიდუმლო თანამშრომლად~ გახდიდნენ, ატყობინებდა ამის შესახებ პოლიტიკური პოლიციის წარმომადგენელს. ეს უკანასკნელი შედიოდა კონტაქტში ბრალდებულთან, `ამუშავებდა~ მას. ამის შემდეგ პროკურატურის წარმომადგენელი უკვე `საიდუმლო თანამშრომლის~ მიერ მიცემული ჩვენებიდან საერთოდ სპობდა, ან იღებდა ისეთ ფაქტებს, რომელებიც ბრალდებულს სასჯელით ემუქრებოდა. პროკურატურის წარმომადგენლების ასეთი მოქმედება დასტურდება რევოლუ-ციონერ . ჩხეიძის მოგონებიდან: `1908 წლის ნოემბერში დამაპატიმრეს... როცა ვერაფერი გაიგეს ჩემგან, მომმართეს ძველებურად: `თქვი სიმართლე და ახლავე წახვალ სამუშაოდ. ჯამაგირს აიღებ ერთი სამად. იცხოვრე შენთვის და ვერც ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ამ წინადადების დროს პროკურორიც იქ იყო~ (341). პოლიციის დეპარტამენტის Yყოფილი უფროსი ბელეცკის სიტყვებით: `ასეთი მოქმედება სისტემად იყო გადაქცეული თვით შინაგან საქმეთა მინისტრების ნებართვით~ (342).

No comments:

Post a Comment