Thursday, August 27, 2026

პოლიტიკური (საიდუმლო) პოლიცია და რევოლუციონერები საქართველოში 1894-1908 წლებში (აგენტურის გამოყენების მეთოდები და ხერხები ტერორის წინააღმდეგ) 2003 წელი. ნაწილი მეორე - პოლიტიკური პოლიცია რევოლუციური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ საქართველოში 1890-1901 წლებში

$3. 

პოლიტიკური (საიდუმლო) პოლიცია რევოლუციური და  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ  საქართველოში 1890-1901 წლებში

 

     1880-იანი წლების დასაწყისში პოლიციის დეპარტამენტმა, რუსეთის იმპერიის პოლიტიკური ძებნის და ძიების მთავარმა ორგანომ შეძლო `ნაროდნია ვოლიას~ განადგურება. 1880-იანი წლების ბოლოს არსებული ხალხოსნური ორგანიზაციების სისუსტემ დაარწმუნა ხელისუფლება, რომ რევოლუციური მოძრაობა იმპერიაში თითქმის მოისპო. ალექსანდრე III-ის მმართველობა, რომელიც თავისი მეფობის დასაწყისში ცდილობდა მოლაპარაკების გამართვასაც კი უკვე განადგურებულ `ნაროდნაია ვოლიას~-თან, სამაგიეროდ პერიფერიებში ავიწროებდა დაპყრობილ მოსახლეობას (48). სახელდობრ საქართველოში იწყება ქართული კულტურის რბევა. სასწავლებლების პროგრამებიდან იღებენ ქართული ენის სწავლებას. პარალელურად `დაყავი და იბატონეს~ პრინციპის განხორციელების მიზნით დაიწყო `მეგრული~ და `სვანური~ ანბანის შექმნა. კავკასიის ხელისუფლებამ რეგიონში თავის დასაყრდენად აირჩია სომხების მდიდარი ზედაფენა. მათ მიეცათ მთელი რიგი შეღავათები. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე მკვიდრი მოსახლეობის პროცენტული რაოდენობის შემცირების მიზნით ჩამოასახლეს რამდენიმე ათასი რუსი კოლონისტი.

     როგორც ცნობილია, მოწინავე ქართულმა ინტელიგენციამ დიდი ბრძოლა გააჩაღა ეროვნულ თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, მაგრამ 1890-იანი წლების დასაწყისში მათ რიგებში განხეთქილება მოხდა. ხელისუფლებამ თავისდა მოულოდნელად შესანიშნავი საჩუქარი მიიღო .. `ბანკობიადით~. ინტელიგენციის დიდი ნაწილი `მაჩაბლისტები~ და ილიას მომხრეები ერთმანეთთან ქიშპობით აღმოჩნდნენ დაკავებული. ალბათ, ამიტომაც წერდა პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში პოლიტიკური ძიების მთავარი ორგანოს თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსი: `1889 წელმა საქართველოსთვის ისევე უკვალოდ განვლო, როგორც წინა წლებმა. არ ყოფილა არავითარი ფაქტი, რომელსაც მიეპყროს ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება და შეეცვალა ცხოვრების აპათიური დინება. საერთოდ, კი ადგილობრივი მოსახლეობის მასას ოდნავადაც არ აინტერესებს პოლიტიკა, არავითარი წარმოდგენა არა აქვს მასზე~ (49).

     მართლაც, ამ დროს ძლიერი ხალხოსნური რევოლუციური ორგანიზაციები საქართველოში არ იყო, თუმცა ხელისუფლებას კვლავ ეროვნული მოძრაობის გაძლიერების ეშინოდა. მთავარმმართებელი კავკასიის მდგომარეობის შესახებ 1889-1890-იან წლებში მეფეს მოახსენებდა: `საქართველოში ზოგიერთ წრეში მაინც სუფევს სეპარატისტული სულისკვეთება. ამიტომ, საჭიროა განსაკუთრებული ზომების შემოღება, დამნაშავეთა გადასახლება არა ციმბირში, საიდანაც ხშირად იპარებიან, არამედ სახალინის კუნძულზე~ და რაც მთავარია, იგი ითხოვდა `ადმინისტრაციაში და კერძოდ პოლიციაში რუსი ელემენტის გაძლიერებას, რადგან ადგილობრივი ელემენტები საიმედონი არ არიან~ (50).

     პოლიციის დეპარტამენტი შემდგომ წლებში თავის ადგილობრივ ორგანოებს ყურადღების გამახვილებას უკვე ეროვნულ მოძრაობაზე სთხოვდა. 1894 წლის მარტში თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი ხელმძღვანელობას აცნობებდა: `თქვენს მოწერილობაზე პატივი მაქვს მოვახსენო პოლიციის დეპარტამენტს, რომ მე არ მაქვს ფაქტები და საბუთები ქართველი ხალხის დასადანაშაულებლად სეპარატიზმისადმი მიდრეკილებაში, მაგრამ ეჭვს გარეშეა ასეთი მიდრეკილების არსებობა. ამას მიმტკიცებს მე ის ხმები, რომლებიც ნდობისა და დაჯერების ღირსია~. მაგალითად: `ქართველები ამბობენ საქართველო ქართველებისათვის, ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი შეხედულება, იგი დაფუძნებულია თბილისში მცხოვრები ყველა რუსის მოსაზრებაზე~ (51).

     იმავე წლის მაისში გაგზავნილ მოხსენებაში კი აღნიშნული მოხელე საქართველოში ეროვნული მოძრაობის არსებობას უკვე დანამდვილებით ადასტურებდა (52). ასეთი კარდინალური ცვლილება საქართველოში ეროვნული მოძრაობის არსებობაზე გამოიწვია პოლიტიკური პოლიციის მიერ `საქართველოს თავისუფლების ლიგის~ ორგანიზაციის აღმოჩენამ ვარშავაში 1893 წლის მაისში. `ლიგა~ შექმნეს პეტერბურგის, ვარშავის, ოდესის, ხარკოვის, კიევის და სხვა ქალაქების უმაღლესი სასწავლებლების ქართველმა სტუდენტებმა. მათ 1892-1893 წლებში ჯერ ქუთაისში და შემდეგ თბილისში ჩაატარეს ორი ყრილობა (53).

     სხვადასხვა დროს ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული და მისი ნამდვილი წევრები იყვნენ . ხელთუფლისაშვილი, . დეკანოზიშვილი, . სახოკია, . ფან-ცხავა, . ჯორჯაძე, . დედაბრიშვილი, . მახარაძე, . ჟორდანია და სხვები. `ლიგის~ წევრთა დიდი ნაწილი ორგანიზაციის განადგურების შემდეგ საქართველოში არსებული ეროვნული სულით გაჟღენთილი `სოციალისტ-ფედერალისტური~ და `ეროვნულ-დემოკრატიული~ პარტიების შემქმნელი და წამ-ყვანი წევრები გახდნენ. მცირე ნაწილი მარქსიზმის პოზიციაზე გადავიდა.

     `ლიგის~ საქმის ძიება ვარშავაში დაიწყო. აქ პოლიტიკურ პოლიციას ხელში ჩაუვარდა ორგანიზაციის არქივი. . მახარაძის სიტყვებით `სპეციალურად მოუწვევიათ მთარგმნელები და პროფესორი . მარი ჩამოუყვანიათ პეტერბურგიდან ვარშავაში. უთარგმნიათ მთელი მასალა~ (54). `ლიგის~ საქმიანობის უკეთ გამოძიების მიზნით ვარშავის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოდან ქუთაისში ჟანდარმთა სამმართველოს უფროსად გადმოიყვანეს პოლკოვნიკი დებილი (55).

     ხელისუფლების ასეთი დიდი დაინტერესების მიზეზი იყო ამ ორგანიზაციის მიზანი, რომელიც ქუთაისის დამფუძნებელმა ყრილობამ ასე განსაზღვრა _ `ახალგაზრდობის საბოლოო მიზანს შეადგენს სამშობლოს სამსახური, რომელიც უნდა გამოიხატოს საქართველოს განთავისუფლებაში რუსეთის ბატონობისაგან~ (56).

     აღსანიშნავია, რომ `ლიგის~ ყრილობებზე საქართველოს განთავისუფლების სხვადასხვა საშუალებების გარჩევისას, ორგანიზაციის წევრები უარყოფდნენ რუს რევოლუციონერებთან კავშირს, რადგან `რუსებს არ უყვართ სხვა ეროვნების ხალხები, მათ შორის ქართველებიც, ამიტომ ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს მათთან და არც შეიძლება გვქონდეს~.

     პროფესორ ალ. ბენდიანიშვილის აზრით `ამ ფარული ორგანიზაციის პროგ-რამის ანალიზს და მისი წევრების საქმიანობის ხასიათზე დაკვირვებას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ `საქართველოს თავისუფლების ლიგა~ იყო ეროვნულ-რევოლუციური პარტიის ჩანასახი~ (57).

     მისი ერთ-ერთი წევრი . მახარაძე `ლიგას~ წმინდა `პატრიოტულ-ნაციონალისტური~ ხასიათის ორგანიზაციად მიიჩნევდა. მაგრამ ის და . ჟორდანია მასში მონაწილეობას შემდგომ წლებში აფიშირებას არ უკეთებდნენ. ჩანს სოციალ-დემოკრატისთვის შეუფერებლად თვლიდნენ `ნაციონალისტური~ ხასიათის ორგანიზაციის რიგებში ყოფნას.

     საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს პოლიტიკური პოლიციის ადგილობ-რივ ორგანოთა დიდი ყურადღება ეროვნული მოძრაობის მიმართ გამოკვეთილია `ლიგის~ საქმის დასაწყისშივე არსებულ მასალაში. პირველივე ფურცელზე არის თბილისის გუბერნატორის მიერ გაგზავნილი წერილი თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსთან, რომელშიც აცნობებს კონსტანტინეპოლში - `ერთი ქართველის მცდელობას მიეღო ნებართვა ჟურნალის გამოსაცემად, რომელიც მოამზადებდა კავკასიის განთავისუფლებას~. `ლიგის~ საქმეშია ასევე ცნობები ქართველ თავადაზნაურთა შორის ფარული ეროვნული ორგანიზაციის `დამოუკიდებელთა საზოგადოების~ არსებობის შესახებ (58).

     1893 წელს პოლკოვნიკმა დებილმა `ლიგის~ წევრებთან დაკავშირებით დაიწყო . ლაღიაშვილის მიერ 1886 წელს თბილისის სემინარიის რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის საქმის ამოქექვა. იგი აღნიშნავდა, რომ . დედაბრიშვილს და ორგანიზაციის სხვა წევრებს მიმოწერა აქვთ ლაღიაშვილთან, რომელიც ახლა ამერიკაში იმყოფებაო. დებილს განსაკუთრებით აინტერესებდა არა მიწერ-მოწერის შინაარსი, არამედ _ `სემინარიის რექტორის მკვლელობა იყო თუ არა რუსი ერი-სადმი ქართველი ერის სიძულვილის გამოვლენა.~ პოლკოვნიკი დებილი 1890-იანი წლების ბოლოს გადაიყვანეს თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსად. მართალია, პოლიციის დეპარტამენტი XIX და XX საუკუნის მიჯნაზე ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებს სთხოვდა მეტი ყურადღების გამახვილებას სოფლად ნელ-ნელა მზარდი ხალხოსნური აგიტაციის წინააღმდეგ, დებილი კვლავ ეროვნული მოძრაობის შესახებ აწვდიდა მასალას. მაგალითად, 1900 წლის დასაწყისში იგი დეპარტამენტს აცნობებდა `გორის მაზრის სოფელ თერძმისში მიმდინარეობს ეროვნული ხასიათის აგიტაცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ სოფლის რამოდენიმე გლეხი თანასოფლელებს ეუბნებიან ისინი ქართველები არიან და არ უნდა სურდეთ რუსი მეფე~ (59).

     `ლიგის~ საქმის დამთავრების შემდეგ დიდხანს გრძელდებოდა მეთვალყურეობა მის ყოფილ წევრებზე. დებილი 1901 წელს `ლიგის~ ერთ-ერთი წევრის . ჯაყელის შესახებ თავის თანაშემწეს ავალებდა მეტი დაკვირვება ეწარმოებინა ამ პირის ცხოვრებაზე `იმის გამო, რომ ჯაყელი არის ერთ-ერთი ქართველი პატრიოტი~ (60).

     `ლიგასთან~ კავშირის გამო 1896 წელს დაწესდა და გრძელდებოდა 1903 წლამდე ფარული ზედამხედველობა . ღამბაშიძეზე. მასზე შეგროვებულ ცნობებში ხაზგასმულია ამ უკანასკნელის დიდი ნაცნობობა აკაკი წერეთელთან (61).

     UXIX -ნის ბოლოს პოლიტიკური ძიების ადგილობრივი ორგანოების სათავეში იდგნენ პოლკოვნიკ დებილის მსგავსი ასაკიანი, ცარიზმის წინაშე დამსახურებული გენერლები და პოლკოვნიკები, აღზრდილები ჟანდარმთა კორპუსის ძველ ტრადიციებზე (62). ისინი ცხოვრობდნენ `ნაროდნაია ვოლიას~ ტიპის შეთქმულებითი ორგანიზაციის მოგონებებით და ვერ ამჩნევდნენ არსებული პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას. ხალხოსნური იდეოლოგიის მატარებელი რევოლუციონერები და ასპარეზზე ახლადგამოსული სოციალ-დემოკრატები ფართოდ შლიდნენ აგიტაცია-პროპაგანდას. 1891-1892 წლებში რუსეთის 20 გუბერნიაში დაწყებულმა შიმშილობამ და მისგან გამოწვეულმა ქოლერის ეპიდემიამ განაპირობა ახალგაზრდების მასიური წასვლა სოფლად მოშიმშილეთა დასახმარებ-ლად. ხალხის გაჭირვების თვალნათლივ დანახვამ განაპირობა მათი მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი, რასაც მოყვა რევოლუციური აგიტაციის გაძლიერება და რევოლუციური იდეების ახალი ძალით გავრცელება მოსწავლე-ახალგაზრდობაში(63). მართალია, ამ დროს რეპრესიებს გადარჩენილი რევოლუციური ორგანიზაციები ძალიან სუსტი იყო და მისი წევრები უფრო მეტად თეორეტიკოსობდნენ, ვიდრე პრაქტიკულ მუშაობას ეწეოდნენ, რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ სუსტად იქცეოდა: იგი თავისი დაუფიქრებელი დამოკიდებულებით რევოლუციური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მოქცეული მოსწავლე-ახალგაზრდობის მიმართ ანხორციელებდა, შეიძლება ითქვას, მათი ბუნებრივი გადარჩევის პროცესს. პოლიტიკურ დანაშაულში მხოლოდ ეჭვმიტანილებსაც კი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლებიდან რიცხავდნენ, აპატიმრებდნენ, ასახლებდნენ იმპერიის შორეულ მხარეებში. მათ შორის სუსტები შორდებოდნენ რევოლუციურ მოძრაობას, სამაგიე-როდ სულიერად ძლიერები, იძენდნენ რა გამოცდილებას პოლიტიკურ პოლიციასთან ბრძოლაში, ახალი ენერგიით აგრძელებდნენ რევოლუციურ მოღვაწეობას.

     1902 წლის 14 იანვარს პოლიციის დეპარტამენტი ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებს აცნობებდა `საუნივერსიტეტო ქალაქებში მომხდარი არეულობების მონაწილე პირები, უმაღლესი სასწავლებლების მოსწავლეები, რომლებიც გაძევებულნი იქნენ ქალაქიდან, ხშირად უახლოვდებიან ადგილობრივ მოსწავლე-ახალგაზრდობას, აცნობენ მათ მთავრობის საწინააღმდეგო აზრებს და საერთოდ მათზე ახდენენ მავნე გავლენას, ამზადებენ მომავალი სარევოლუციო მოღვაწეობისათვის~ (64). სწორედ 1890-1899 წლებში უმაღლესი სასწავლებლებიდან გარიცხული ახალგაზრდობა `ამოვარდნილი ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმიდან~ გახდა 1905-1907 წლების რევოლუციის წამყვანი ძალა.

     საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდობაც სწრაფად მოექცა რეპრესიებს გარიდებული პოლიტიკური ემიგრაციის _ ხალხოსნური იდეოლოგიის მიმდევარი და ახლად წარმოშობილი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის მეთაურების გავლენის ქვეშ. უკვე 1894 წლის დასაწყისში პოლიციის დეპარტამენტი სთხოვდა იმპერიის გუბერნიებში არსებულ ყველა ძალისმიერ სტრუქტურას არ გაეშვა მხედველობის არედან საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან სამშობლოში არდადაგებზე ჩამოსული სტუდენტები (65).

     1895-1898 წლებში ემიგრაციაში მყოფ რევოლუციონერებში პესიმისტური განწყობილება შეიცვალა აქტიური მუშაობის სურვილით. გაძლიერდა რუსეთის იმპერიაში მათი ემისრების, არალეგალური ლიტერატურის შეგზავნა, დაიწყო ძველი კავშირების აღდგენა თანამოაზრეებთან და დაქსაქსულ რევოლუციურ ორგანიზაციებთან. გამოცოცხლდა ლიბერალური ჩინოვნიკობა, ერობების მოღვაწეებმა დაიწყეს მცდელობები გაერთიანებისაკენ, რათა ახალი მოთხოვნები წაეყენებინათ და წაეგლიჯათ მეტი უფლებები ხელისუფლებისათვის.

     ჟანდარმერიის ოფიცრები ასეთ სიტუაციაში კმაყოფილდებოდნენ მოსახლეობაზე მეთვალყურეობით, ხმების, ჭორების შეგროვებით, ადგილობრივი მნიშვნელობის მოვლენების აღრიცხვით. აწარმოებდნენ უკვე მომხდარ პოლიტიკურ დანაშაულზე ძიებას. ჟანდარმერიას პოლიტიკური ძებნის წარმოება, ესე იგი დანაშაულის მოხდენამდე მისი აღმოჩენა არ შეეძლო სათანადო გამოცდილების და საშუალებების არქონის გამო. ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველობს არ ჰყავდათ არც საიდუმლო აგენტები, არც მეთვალყურე აგენტები _ ფილერები. ისინი თავმოყრილი იყვნენ იმპერიის ცენტრში პოლიციის დეპარტამენტში და მოსკოვის `ოხრანკაში~. ფილერულ საქმიანობას გუბერნიებში უკიდურეს შემთხვევაში ანხორციელებდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცრები, რომლებსაც თანამედროვის მოგონებით `ხანდახან ავიწყდებოდათ ჩექმებზე დეზების მოხსნა~ (66).

     ასეთ სიტუაციაში საქართველოში 1893 წელს აღმოცენებული პირველი მარქსისტული ორგანიზაცია სწრაფად შლიდა მუშაობას. უკვე 1895-1896 წლებში მარტო რკინიგზის მუშათა შორის ითვლებოდა 5 სოციალ-დემოკრატიული წრე, ხოლო 1898 წლის დამდეგს მათმა რიცხვმა 25- მიაღწია (67).

     ქართველი სოციალ-დემოკრატები 1894-1901 წლებში თითქმის დაუბრკოლებლად ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას თბილისში, ქუთაისში და მთლიანად საქართველოში (68). . ჟორდანია წერს: `იმ დროს `კვალში~ ყველა ჩვენს აზრს, გარდა პირდაპირი მოწოდებისა თავისუფლად ვბეჭდავდით~. ამ გარემოებას იგი ორი მიზეზით ხსნიდა: პირველი _ საცენზურო კომიტეტს პეტერბურგიდან მიღებული ჰქონდა სპეციალური ცირკულარი რომლითაც უნდა ყურადღება გაემახვილებინათ ეროვნული ხასიათის პროპაგანდაზე. ამ კომიტეტს `პატრიოტული ლექსები უფრო აფრთხობდა, ვინემ ეკონომიური საკითხები~ და მეორე _ `ცენზორი იყო ახალგაზრდა კაცი . ჟურული, რიგიანი ხასიათის და ლიბერალურად განწყობილი, მარქსიზმის არა იცოდა რა და ცირკულარის ფარგლებში რჩებოდა~ (69).

     მარქსიზმის არცოდნა სოციალ-დემოკრატებისათვის ჟანდარმერიის და ცენზურის მიერ მწვანე გზის მიცემაში არაფერ შუაში იყო. ამ შემთხვევაში მთავარ როლს თამაშობდა პოლიციის დეპარტამენტის მითითებები პოლიტიკური ძებნის ადგილობრივი ორგანოებისათვის.

 

 

 

 ში

No comments:

Post a Comment