Thursday, August 27, 2026

პოლიტიკური (საიდუმლო) პოლიცია და რევოლუციონერები საქართველოში 1894-1908 წლებში (აგენტურის გამოყენების მეთოდები და ხერხები ტერორის წინააღმდეგ) 2003 წელი. ნაწილი მეოთხე - დამხმარე აგენტურა

 

$3. დამხმარე აგენტურა

 

     საიდუმლო თანამშრომლების რიცხვში შედიოდნენ ის პირები, ვინც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდნენ, მაგრამ სისტემატურად აძლევდნენ `ოხრანკას~ ინფორმაციას (153). ისინი შეხებაში იმყოფებოდნენ რევოლუციურ ორგანიზაციებთან, ან მის რომელიმე წევრთან. რევოლუციონერ . ჩხეიძის მოგონებაში აღნიშნულია, რომ მათი ორგანიზაცია თბილისში სისტემატურად ვარდებოდა და ჩავარდნის მიზეზი, როგორც შემდგომში გაირკვა, აღმოჩნდა ორგანიზაციის წევრის ნდობა ამხანაგისადმი, რომელიც გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით საუბრისას მიღებულ ინფორმაციას აწვდიდა `ოხრანკას~ (154).

     ასეთ პირებს, საიდუმლო თანამშრომლებისაგან განსხვავებით ეძახდნენ `დამხმარე თანამშრომლებს”, ან `ინფორმატორებს~. ინსტრუქციის მიხედვით ინფორმატორები იყოფოდნენ ორ ნაწილად. ძირითადი ინფორმატორები, რომლებიც იძლეოდნენ ცნობებს სისტემატურად. ასეთი იყო დამხმარე თანამშრომელი `ბაბაჯანოვი~, რომელიც არ შედიოდა არც ერთ ორგანიზაციაში, მუშაობდა კბილის ექიმად, იყო საზოგადოებაში მიღებული პიროვნება და მასთან კაბინეტში ხშირად იკრიბებოდნენ რევოლუციონერები. პოლიციის დეპარტამენტის დახასიათებით `ბაბაჯანოვს~ შეეძლო პოლიტიკური ძებნის _ `ინფორმაციის მოპოვება დამოუკიდებ-ლად, ფლობდა რა ამ საქმისათვის საჭირო ყველა მონაცემებს, იდგა რა ახლოს სოციალისტ-რევოლუციონერებთან და სოციალისტ-დემოკრატებთან, იცოდა ბევრი მათი კონსპირაციული საიდუმლო~ (155).

     ძირითადი ინფორმატორების გარდა იყვნენ `მეკავშირე~ და `შემთხვევითი~ აგენტები, რომლებიც იძლეოდნენ შემთხვევით, ნაკლებად მნიშვნელოვან ცნობებს. მათ არ გააჩნდათ პარტიული კავშირები, შესაბამისი ნაცნობობის წრე, რომ მუდმივად მიეწოდებინათ `ოხრანკისათვის~ ინფორმაცია. ისინი უბრალოდ აბეზღებდნენ დანახულს, მოსმენილს. მაშინვე იღებდნენ თავისი სამსახურის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას 3-5 მანეთამდე (156). მუდმივი და შემთხვევითი ინფორმატორები ყოველი მიწვდილი ინფორმაციისათვის ერთჯერადად იღებდნენ თანხას. პოლიტიკური პოლიციის მესვეურების აზრით, მათი გამოყენება არ იყო მაინც და მაინც ეფექტური, რადგან _ `მათ არ გააჩნდათ მუდმივი თანამშრომლის დადებითი თვისებები~ (157).

     1902 წლის 9 ივლისს პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულმა განყოფილებამ დაავალა პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივ ორგანოებს მიეღოთ ზომები გლეხებზე ზემოქმედებისათვის, რათა ისინი დახმარებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს აგიტატორების და საერთოდ, რევოლუციონერების გამოაშკარავება-დაკავებაში. დეპარტამენტი თვლიდა, რომ გლეხობაში აუცილებლად იქნებოდნენ არსებული სახელმწიფო სისტემისა და წესრიგის დაცვის მომხრეეები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნით ერთმანეთს დაუწყებდნენ თვალთვალს (158).

       1907 წლის ინსტრუქციაში კი უკვე გამოყოფილ იქნა სოფლის მოსახლეობის ის კატეგორია, ვინც ხალისით თანამშრომლობდა პოლიტიკურ პოლიციეს. თან ესენი იყვნენ: უქნარა, ზარმაცი, ღარიბი გლეხები, ვისაც არ გააჩნდა მიწა და სამუშაო, მთელ დღეს ატარებდნენ საჩაიეებში და დუქნებში. ინსტრუქციაში ნათქვამია ისიც, რომ საჩაიეებისა და დუქნების მეპატრონეებს, გამომდინარე მათი სამუშაოს სპეციფიკიდან `უამრავ ხალხთან ჰქონდათ ურთიერთობა და კარგად იყვნენ ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა ირგვლივ 20-30 ვერსზე, ხოლო მშრომელ ადამიანებს უყვართ ყველაფერზე გულახდილი მსჯელობა სასმელთან ერთად~ (159). აქვე აღნიშნულია სოფლის მწერლების გამოყენების სარგებლიანობაც ინფორმაციის მოპოვებაში, მაგრამ `მათი შენახვა ძვირი ჯდება და მოსახლეობა არ ენდობა, გულს არ უხსნის მათ~. ასე მიაჩნდა პოლიციის დეპარტამენტს.

     1908 წელს პოლიციის დეპარტამენტმა მოსთხოვა სოფლად `დამხმარე აგენტების~ ყოლა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებსაც, რადგან `მართალია, ისინი არ შედიან ორგანიზაციებში, მაგრამ მცირე გასამრჯელოს ფასად შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია მოსახლეობის განწყობაზე, აგიტატორების გამოჩენაზე, ანტისახელმწიფოებრივ მასობრივ გამოსვლებზე. მათ მიეცით ზუსტი მითითებები და აცნობეთ კონსპირაციული მისამართები ინფორმაციის გადმოსაცემად~ (160).

          ამ კატეგორიის დამხმარე თანამშრომლების შეძენა ქალაქში ხდებოდა რეს-ტორნების, დუქნების, სასტუმროების მომსახურე პერსონალიდან. როგორც პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი ყოფილი უფროსი  აღნიშნავდა: `ეს არ არის ახალი _ ინგლისში, საფრანგეთში, განსაკუთრებით გერმანიაში თითოეული შვეიცარი პოლიციის აგენტია~ (161).

     პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი ორგანოები მოსწავლე ახალგაზრდობის, სტუდენტობის, ჯარისკაცების წრეებში მიმდინარე მოვლენებისა და საქმიანობის კურსში ყოფნის მიზნით იყენებდა მათი საცხოვრებელი ბინების მეპატრონეებს, ან იმ ადამიანებს, ვისთანაც ჰქონდათ ხშირი ურთიერთობა, სტუმრობდნენ ან იკრიბებოდნენ. ინფორმაციის მოპოვების ამ ხერხს ეწოდებოდა `გვერდითი გაშუქება” (162). ინსტრუქციებში მოცემულია დამხმარე თანამშრომლების კლასიფიკაცია სფეროების მიხედვითრკინიგზის, ფაბრიკის, პროფესიული კავშირის და სხვა. 

           . ზუბატოვმა 1902 წლიდან პრაქტიკაში შემოიღო საიდუმლო თანამშრომლებლად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების გაჩენა. ისინი სტუდენტთა წრეში აგროვებდნენ ინფორმაციას და ხელფასს იღებდნენ `ოხრანკისგანყოფილებაში. პოლიტიკური პოლიციის ჩინები თავის წრეში მათ ირონიულად `ოხრანკისსტიპენდიანტებს უწოდებდნენ.

           ინსტრუქციებში ცალკეა გამოყოფილი აგენტურის შეძენის აუცილებლობა სასაზღვრო ტერიტორიებზე, გამომგონებლებში _ იმ წრეებში, ვინც დაკავებული იყო ავტომობილებით, ავიაციით, წყალქვეშა ცურვით. ასევე ითხოვდნენ `სარედაქციო აგენტურის~ შეძენას, ანუ ოპოზიციური გაზეთების თანამშრომლების `დააგენტურებას~ (163).

           განსაკუთრებით აღსანიშნავია აგენტურა ციხეებში. ლაპარაკია იმ პატიმრებზე, რომლებსაც მათი სამსახურის სანაცვლოდ აძლევდნენ თანხას, უმსუბუქებდნენ ციხის რეჟიმს, ან უმცირებდნენ პატიმრობის ვადას. მაგრამ ამ საკითხს ადგილებზე ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდა სხვადასხვა მიზეზის გამო.

          1907 წლის 7 ოქტომბერს პოლიციის დეპარტამენტმა თბილისში პოლიტიკური ძიების ორგანოებს მოსთხოვა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში საიდუმლო თანამშრომლების გაჩენა, რადგან ამით შეიძლებოდა წინასწარ აღეკვეთათ ტუსაღების ციხეებიდან გაქცევა (164).

     როგორც 1907 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის წერილიდან ჩანს, მას და თბილისის `ოხრანკის~ უფროსს განუხილავთ თბილისში არსებულ ციხეებში მყოფ პოლიტიკურ ტუსაღებში აგენტურის გაჩენის საკითხი (165). ირკვევა, რომ თბილისში არსებულ ციხეების ტუსაღებში აგენტურა არ ყავდათ და მათ შესაძენად სათანადო თანხები არ ჰქონდათ გამოყოფილი (166). თათბირზე მიზანშეუწონლად მიიჩნიეს შინაგანი აგენტურის შეძენა თბილისის ციხეების ზედამხედველებს შორის, ხოლო მაზრებში არსებულ ციხეებში მჯდომ პატიმართა შორის აგენტურის გაჩენა, რადგან სათანადო თანხები არ გააჩნდათ, გადაწყვიტეს დაევალებინათ მაზრის უფროსებისათვის (167).

     აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი საიდუმლო თანამშრომელი დაპატიმრების შემდეგ ციხეშიც აგრძელებდა მუშაობას, აწვდიდა ცნობებს `ოხრანკას”. ზოგიც თავისი ნებით ჯდებოდა ციხეში, რათა იქ მიეღო ინფორმაცია ციხეში მჯდომი თანაპარტიელებისაგან შემდგომი აგენტურული მუშაობის გაგრძელებისათვის. მაგალითად, `ოხრანკის~ აგენტი მოვშე კაპლანი იხსენებს, რომ იგი რევოლუციურ წრეებთან კავშირების და პაროლების მისაღებად სპეციალურად ჩაჯდა ციხეში (168).

     პოლიციის დეპარტამენტთან მისი ადგილობრივი ორგანოების მიმოწერიდან ჩანს, რომ დეპარტამენტის ჩინები უკმაყოფილო იყვნენ საიდუმლო თანამშრომლების გაჩენით მხოლოდ ციხის ადმინისტრაციაში (ზედამხედველებში) და კვლა-ვინდებურად მოითხოვდნენ შინაგანი აგენტურის გაჩენას პატიმრებში. სპეციალურ ცირკულარულ წერილებში მითითებულია, რომ თუკი გაიჩენდნენ ასეთ თანამშრომელს პატიმრებში, მისი ვინაობა არ უნდა სცოდნოდა ციხის ადმინისტრაციას და არ უნდა შეესუსტებინათ მათთვის ციხის რეჟიმი, რადგან მის შესუსტებას ხშირად მოსდევდა აგენტის კონსპირაციის დარღვევა (169).

          არსებობდა დამხმარე თანამშრომლების კიდევ ერთი სახეობა _ სახელმწიფო სამსახურში მყოფი ჩინოვნიკები. მათ შორის თანამშრომლების შეძენაზე განსაკუთრებული მითითება ჰქონდათ მიცემული პოლიტიკური ძებნის ადგილობრივ ორგანოებს. ამ უკანასკნელებს უნდა შეეგროვებინათ ინფორმაცია იმ თანამდებობის პირებზე, ვისაც მატერიალურად უჭირდა, არ ყოფნიდა ხელფასი და შეეთავაზებინათ თანხა იმ ცნობების საფასურად, რომელიც პოლიტიკური ძებნის ოფიცრებს აინტერესებდათ. ინსტრუქცია ასევე ითხოვდა ასეთ საქმიანობაში გამოეყენებინათ აკადემიური კავშირების ის წევრები, ინტელიგენციის ის წარმომადგენლები, ვინც იდეურად მიისწრაფოდნენ შეეწყვიტათ არეულობა და ხალისით იძლეოდა ცნობებს ანაზღაურების გარეშეც კი (170).

         1910 წელს საქართველოში რევოლუციურ პრესაში გამოქვეყნდა იმ პირთა სია, ვისაც რევოლუციონერები თვლიდნენ პროვოკატორებად, `ოხრანკა~ კი მიიჩნევდა `საიდუმლო თანამშრომლებად~ (171). სია მოწვდილი იყო საზღვარგარეთიდან, შევსებული ადგილობრივი რევოლუციური ორგანიზაციების ხელთ არსებული ინფორმაციით პოლიციის აგენტებზე. სიაში 30-მდე გვარი ფიგურირებს. `ოხრანკამ~ აღნიშნული სია გადაამოწმა და იქ მყოფ პირთა დიდ ნაწილზე არავითარი ცნობა არ აღმოაჩნდა. საქმე იმაშია, რომ ხშირად აგენტის ხელმძღვანელი ოფიცერი არ აფორმებდა მიღებული ინფორმაციის წყაროს, მალავდა მას საკუთარი თანამშრომლებისგან, რაც გამოწვეული იყო არა მარტო კონსპირაციის დაცვის აუცილებლობით, არამედ იმითაც, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიდხანს მარტოს სჭეროდა ხელში ინფორმაციის კარგი წყარო.

         რევოლუციონერები დიდად არ დაგიდევდნენ გამცემის აღმოჩენის შემთხვევაში ვინ იყო ის სინამდვილეში საიდუმლო თანამშრომელიშინაგანი აგენტი, `დამხმარე თანამშრომელი~, თუ ერთჯერადი `ინფორმატორი~. მათთვის ყველა იყო პროვოკატორი. ჩანს ეს უკანასკნელნიც მოხვდნენ ზემოთ აღნიშნულ სიაში. აგენტი-თანამშრომლები ამ პერიოდში უკვე ყავდათ ჟანდარმერიის საგუბერნიო და რკინიგზის ჟანდარმთა პოლიციის სამმართველოებს, თუმცა საკმაოდ მცირე რაოდენობით

         ჩვენს მიერ გაკეთებულ თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების საქმიანობის ანალიზიდან ჩანს, რომ აგენტ-თანამშრომელთა რიცხვი მუდმივად იცვლებოდა. აგენტების ხელმძღვანელობას ეწეოდნენ თვით `ოხრანკის~ განყოფილების უფროსი . ანგელიევი და განყოფილების აგენტურული ქვეგანყოფილების გამგე როჟანოვი. აგენტების ინფორმაციები ჩაწერილია მათი ხელით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს ორნი იყვნენ აგენტურის `ხელმძღვანელები~. როგორც წესი, `გამოჩენილი~ აგენტი საკმაოდ მალე სწურავდა თავის თავს _ მჟღავნდებოდა. პოლიტიკური პოლიციის ტერმინით ხდებოდა `ჩავარდნა“. ზოგის ერთ თვეში, ზოგისაც ორ-სამ წელიწადში, რისი მიზეზებიც მრავლად მოიპოვებოდა (172).

         `თანამშრომელთა~ დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო ხშირად მალავდა რევოლუციური ორგანიზაციის წევრებთან არსებულ კავშირებს, მათი დაპატიმრებისას (პოლიტიკური პოლიციის ტერმინით `ლიკვიდაციისას~) კი ხშირად აპატიმრებდნენ საიდუმლო თანამშრომლებს (173). საქმე იმაშია, რომ `ოხრანკის~ ყველა ჩინისათვის ბუნებრივია, არ იყო ცნობილი აგენტების ვინაობა. რევოლუციის წლებში ნაჩქარევი ლიკვიდაციები იწვევდა ღირებული `საიდუმლო თანამშრომლის~ ვინაობის გამჟღავნებას. ისინი ხშირად მათგანვე მიწვდილი ინფორმაციის საფუძველზე აყავდათ პატიმრობაში, დაპატიმრებულ რევოლუციონერებს კი ისეთ ბრალდებებს უყენებდნენ, რაც პირდაპირ მიუთითებდა გამცემის ვინაობაზე. ერთ-ერთი რევოლუციონერის მოგონებებში აღნიშნულია: `ტერორისტული აქტის მომზადების შესახებ საუბარი გახდა ცნობილი ჟანდარმთა სამმართველოსათვის. თვით წაყენებული ბრალდებების რიგი შეესაბამებოდა საუბრის რიგს. ეჭვი არ იყო, რომ პოლიცია ინფორმირებული იყო საიდუმლო თანამშრომლის მეშვეობით~. ამიტომ, მისივე სიტყვებით ამ საუბარში მონაწილე პირებიდან გამცემის გამოთვლა იოლი გამოდგა (174). თბილისის `ოხრანკის~ აგენტ `ახვერდოვის~ მოხსენებაში ხელმძღვანელისადმი ვკითხულობთ, რომ ჟანდარმმა დაკითხვისას დაპატიმრებულებს ისეთი სახის კითხვები დაუსვა, რითაც იოლად გაირკვა ინფორმაციის გამცემის ვინაობა (175).

          საიდუმლო თანამშრომლის გამჟღავნება ხდებოდა იმის გამოც, რომ პოლიციის დეპარტამენტში გაგზავნილი მასალა, რომელიც შეიცავდა აგენტის ნამდვილ სახელს და გვარს, იბეჭდებოდა კანცელარიაში და ბუნებრივია, კანცელარიის თანამშრომლებისთვის მათი ვინაობა ცნობილი ხდებოდა. მოთხოვნა _ `თანამშრომლისვინაობა სცოდნოდა მხოლოდ ხელმძღვანელ ოფიცერს, ირღვეოდა სხვა მიზეზებითაც. 1908 წელს სარატოვიდან თბილისის `ოხრანკის~ უფროსს ეგზავნება დეპეშა, რომ გამოიძახეს მისი თანამშრომელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ბერიძე მეტსახელად `ულიჩნი~ (176).

     თბილისის `ოხრანკის~ აგენტ-თანამშრომელი `გეორგიევი~ ხელმძღვანელისადმი მიწვდილ ინფორმაციაში წერდა, რომ ფილერებს აჩვენებდა განყოფილებისათვის საჭირო პიროვნებას შემდეგნაირად: იგი მასთან ერთად გამოვიდოდა ბინიდან ხელჩაკიდებული. ამის შედეგად კი აგენტის ვინაობა ცნობილი გახდა `ოხრანკის~ ფილერებისათვის (177). 

          1908 წელს . აზეფი გაამჟღავნა პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ლოპუხინმა. ამასთან დაკავშირებით პოლიციის დეპარტამენტი პოლიტიკური ძებნის ადგილობრივ ორგანოებს სწერდა: `აზეფის მხილებამ შეიძლება მავნე გავლენა იქონიოს ზოგიერთ მოქმედ თანამშრომელზე. პოლიციის დეპარტამენტი თვლის სწორად დაყენებული აგენტურა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საშუალებას რევოლუციონერების საქმიანობის წინააღმდეგ, ამიტომ მისი შენარჩუნება და განვითარება აუცილებელია. იმ შემთხვევაში, როცა თანამშრომელი აზეფის საქმესთან დაკავშირებით შიშობს, უნდა მიეთითოს მას, რომ პოლიტიკური ძებნის ორგანოებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ აზეფის საიდუმლო 16 წლის განმავლობაში და მისი გახმაურება მოხდა გამონაკლისის სახით~ (178). 

          რამდენად იყო ეს `გაცემის გამონაკლისი შემთხვევაჩანს ვლ. ბურცევის სიტყვებიდან, რომ მის ხელში გაიარა პოლიციის დეპარტამენტის არქივის საიდუმლო დოკუმენტაციის მთელმა რიგმა ტომებმა, რომელიც მასთან მიჰქონდა დეპარტამენტის ჩინოვნიკს მცირე გასამრჯელოს ფასად (179).

     რევოლუციონერი . ჯორბენაძე `ოხრანკის~ აგენტის ვინაობის გამჟღავნებას შემდეგნაირად აღწერს: `გორის ორგანიზაციის საქმე გაირჩა სასამართლო პალატაში ... მე მოვითხოვე თავისუფლებაში მყოფი ამხანაგებიდან რამენაირად ეშოვათ ეს `საქმე~ და შემოეგზავნათ ციხეში.  ჩემდა მოულოდნელად ესეც ადვილად მოეწყო. `საქმეში~ აღმოჩნდა თანამშრომლის მონანიება მისი მონაცემების მითითებით~ (180).

        თვითონ `ოხრანკის~ განყოფილების უფროსის . ანგილევის მოუქნელმა მოქმედებამ გაამჟღავნა მისი, შეიძლება ითქვას, ყველაზე უფრო ძვირფასი მონაპოვარი სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. 4 თვეში შეწყდა (1906 წლის დეკემბერი _ 1907 წლის აპრილი) სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ავლაბრის რაიონის სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, შეთავსებით `ოხრანკის~ აგენტის `ვაჟნის~ საქმიანობა. იგი საკმაოდ ღირებულ ცნობებს იძლეოდა. დაწყებული მონაცემებით ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების იმ ჩინოვნიკებზე, ვინც რევოლუციონერებთან თანამშრომლობდნენ, დამთავრებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის წევრთა სიით. სწორედ მისი მეშვეობით მომზადდა თბილისში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის წევრთა დაპატიმრება. `ვაჟნის~ ბოლო მოხსენებიდან ჩანს, როგორ ჩააგდო ის . ანგილევმა. როგორც ზემოთ შევნიშნეთ ანგილევმა მას სახლში გაუგზავნა `ოხრანკის~ განყოფილების დარაჯის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელმაც გაამჟღავნა `ვაჟნის~ კავშირი `ოხრანკასთან~ (181).

          `თანამშრომლების~ ვინაობა მჟღავნდებოდა პოლიტიკური პოლიციის ჩინოვნიკებს შორის არსებული დაპირისპირების გამოც. პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებული განყოფილება 1908 წელს აცნობებდა თავის ადგილობრივ ორგანოებს: `ხშირად პოლიტიკური ძებნის ადგილობრივი ორგანოების ჩინები ცდილობენ გადაიბირონ თავისი კოლეგების ხელქვეით მყოფი საიდუმლო თანამშრომლები, აღუთქვამენ ფულად ჯილდოებს. თუკი ვერ მიაღწიეს მათგან თანხმობას,Yაშინებენ, რომ გაამჟღავნებენ და ზოგიერთ შემთხვევაში გასცეს კიდეც ისინი~ (182).     

     ინსტრუქციებით გადაბირების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენდა ფულით და-ხარბება (183). `ოხრანკის~ განყოფილების უფროსები არ ერიდებოდნენ გადასაბირებლად გამიზნული პირების ციხიდან გამოძახებას და ინფორმაციის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ფულს (184). ინსტრუქცია ითხოვდა: `საიდუმლო თანამშრომლები დროულად უნდა კმაყოფილდებოდნენ თავისი ხელფასით, რომლის სიდიდე მდგომარეობს პირდაპირ დამოკიდებულებაში მათგან მიღებული აგენტურული ცნობების ღირებულებაში და ადგილით, რომელიც უკავიათ რევოლუციურ ორგანიზაციაში~. მითითებულია იმ თანამშრომლების ფულადი ჯილდოთი წახალისების აუცილებლობა, ვინც იძლეოდა სწორ და სანდო ცნობებს (185).

     `ოხრანკის~ განყოფილებების უფროსების ხელში იყო მოქცეული სამეთვალ-ყურეო და შინაგან აგენტურაზე დაშვებული თანხები (186). პოლიციის დეპარტამენტის საიდუმლო ფონდიდან ცალკე იყო დაშვებული თანხა კონსპირაციული ბინების შესანახად საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოების, `ოხრანკის~ განყოფილებების და `ოხრანკის~ პუნქტებისათვის. 

     თბილისის `ოხრანკის~ განყოფილებას რევოლუციის პერიოდში კონსპირაციული ბინების დასაქირავებლად და საიდუმლო თანამშრომლებზე გასაცემად გამოყოფილი ჰქონდა 13-დან 14 ათას მანეთამდე წელიწადში. 1907 წლიდან დაუშვეს საიდუმლო თანამშრომლებზე გასაცემი თანხა თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოსათვის (187).

     თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების საიდუმლო თანამშრომლები სხვადასხვა რაოდენობის ხელფასს იღებდნენ. თანხის გაცემის უწყისში იწერებოდა საიდუმლო თანამშრომლის ნამდვილი სახელი, მეტსახელი, რომელი წლიდან იყო `თანამშრომელი~, რამდენს იღებდა თვეში, რა თანხა მიიღო (188). თანხა მერყეობდა 30-დან 50 მანეთამდე. ყველაზე დიდი ხელფასი გამოწერილია სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში აგენტ-თანამშრომელ ბერიძეზე (`ულიჩნი~). მას 1908 წელს თვეში საშუალოდ 105 მანეთი აქვს მიღებული. თანამშრომლები შიგადაშიგ ითხოვდნენ დამატებით თანხებს თითქოსდა რაიმე სერიოზული საქმის გასახსნელად, ტიპოგრაფიის აღმოსაჩენად (189). აღსანიშნავია, რომ მათ აკრძალული ჰქონდათ `ოხრანკიდან~ მიღებული თანხით შეეძინათ რაიმე ძვირფასი ნივთი. მეტიც, ინსტრუქციის მიხედვით: `თანამშრომლებს უსიტყვოდ ეკრძალებათ ამხანაგების გამასპინძლება მიღებული ხელფასით, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. სასურველია, რომ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თანამშრომელმა თავისი თავი ჩააყენოს მატერიალურად გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობაში~ (190).

          1905-1907 წლის რევოლუციის პერიოდში რევოლუციური აგიტაციის უმთავრეს ფორმას პროკლამაციები, გაზეთები და საერთოდ, ნაბეჭდი სახის პროდუქცია წარმოადგენდა. ამიტომ, პოლიციის დეპარტამენტი თითოეულ გახსნილ საიდუმლო ტიპოგრაფიაზე დიდ თანხებს უხდიდა მათ აღმომჩენებს (191). დიდ ფულად ჯილდოს იძლეოდნენ ასევე მოსალოდნელი ტერორისტული აქტის, ექსპროპრიაციის მომზადების გახსნის ან გამოჩენილი რევოლუციონერის დაპატიმრების შემთხვევაშიც. პოლიტიკური პოლიციის ოფიცრები ტყავში ძვრებოდნენ საიდუმლო ტიპოგრაფიების აღმოსაჩენად და აგენტების მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. ისინი კი ხშირად თვითონ ჰქმნიდნენ ხელოვნურად დანაშაულს. ამ საკითხს შემდეგში შევეხებით

     აღსანიშნავია, რომ აგენტ-თანამშრომელზე ხელფასის გარდა ფულადი ჯილდოს გაცემის დროს კონსპირაციის დაცვის მიზნით არ ხდებოდა ხელწერილის ჩამორთმევა. ამ სიტუაციას კი `ოხრანკისოფიცრები იყენებდნენ აგენტურისათვის განკუთვნილი თანხების მისათვისებლად და მასიურად ხდებოდა ყალბი `თანამშრომლებისათვისგამოყოფილი თანხების მითვისება, რასაც ხელს უწყობდა პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნა: `საიდუმლო თანამშრომლები უნდა იყოლიოთ ყველა მოქმედ რევოლუციურ ორგანიზაციაში და შეძლებისდაგვარად რამდენიმე თითოეულში~ (192).

          პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის კომისაროვის თქმით `რაც არ უნდა სასაცილო იყოს, `ოხრანკის~ განყოფილებები აფორმებდნენ დიდი რაოდენობით ყალბ აგენტებს~ (193). 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა `ოხრანკისგანყოფილებების `საიდუმლო თანამშრომელთა~ სიაში ისე, რომ მათ ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. სამწუხაროდ ზოგიერთი მათგანისთვის ეს საზოგადოებიდან მოკვეთით დამთავრდა, როგორც `ოხრანკის~ აგენტების.

     საიდუმლო თანამშრომელს ფასი ჩავარდნამდე ჰქონდა. გამჟღავნების შემდეგ მათ გარკვეულ დროს უხდიდნენ ხელფასს, აძლევდნენ ახალ პასპორტს სხვა მონაცემებით. თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების უფროსის ცნობით ვინმე     . ფოკელმანის (მეტსახელით `ბრიუზგლი~) აგენტურული მოღვაწეობა დაიწყო საიდუმლო თანამშრომლის რანგში ოდესაში, შემდეგ შეიცვალა გვარი და მიიღო ახალი პასპორტი. `მუშაობდა~ კიშინოვში, შემდეგ კვლავ შეიცვალა პასპორტი და `მუშაობდა~ პეტერბურგში (194). ზოგიერთ დამსახურებულ აგენტს აგზავნიდნენ მოშორებულ გუბერნიებში `ოხრანკის~ განყოფილებებში სამუშაოდ. მათ ახალ ადგილზე ზოგჯერ იყენებდნენ მეთვალყურე აგენტებად _ ფილერებად (195).  ირკუტსკის `ოხრანკის~ განყოფილების უფროსი 1906 წელს ითხოვდა თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების უფროსისაგან: `რაიმე მიზეზით იქნებ სურდა მის განყოფილებაში გადასვლა რომელიმე საიდუმლო თანამშრომელს, 100 მანეთი ხელფასით თვეში~ (196). გამჟღავნებული აგენტები ხშირად თვითონაც სთავაზობდნენ სამსახურს სხვა გუბერნიების `ოხრანკის~ განყოფილებებს. მაგალითად ბაქოს `ოხრანკის~ პუნქტის უფროსი აცნობებდა . ანგილევს, რომ: `მთავაზობს სამსახურს თქვენი ყოფილი თანამშრომელი . ავალოვა, მეტსახელით `ჩორ-ნენკაია~, სანდოა თუ არა, გამოდგება თუ არა, რამდენს უხდიდით?~ (197). 1907 წლის ოქტომბერში თბილისის `ოხრანკის~ უფროსს სამსახური შესთავაზა . . ზგურსკი-სლიანსკიმ, რომელმაც განუცხადა . ანგილევს, რომ იგი `ივან-პრიეზჟის~ მეტსახელით თანამშრომლობდა ოდესის `ოხრანკის~ განყოფილებაში. ანგილევმა მიღებული წესისამებრ გააგზავნა შეკითხვა ოდესაში და მიიღო პასუხი:        `. . ზგურსკი-სლიანსკი იძლეოდა ცნობებს ელიზავეტოგრადში, შემდეგ ჩავარდა და წავიდა ოდესაში, სადაც იძლეოდა უკვე `ერთჯერად~ ცნობებს. აქედან წავიდა კავშირების უქონლობის გამო. არის ეშმაკი და მოხერხებული. კავკასიაში შეუძლია სარგებლობის მოტანა~ (198). 

          გამჟღავნებული აგენტების უმრავლესობას, კერძოდ მათ, ვისაც ვეღარ გამოიყენებდნენ მომავალში, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როგორც გამოუსადეგარ ნივთს, ისე აგდებდნენ ქუჩაში. ამ ადამიანებს ხელისუფლების მხრიდან ემუქრებოდათ ხშირად სიკვდილით დასჯა, ანდა პატიმრობა ადრე ჩადენილი დანაშაულებებისათვის. რევოლუციონერების მხრიდან კი სიკვდილი გარანტირებული ჰქონდათ. რევოლუციონერ . ლომიძის მოგონებაში ვკითხულობთ: `1905-1908 წლებში კომიტეტს არავინ ეკითხებოდა და თუკი დარწმუნდებოდნენ ვინმეს გამცემლობაში, იმაზე ბევრ გამოძიებას არ ნიშნავდნენ და თვითონ უსწორდებოდნენ, ჰკლავდნენ გამცემლებს~ (199).

          ამიტომ ყოფილი `საიდუმლო თანამშრომლები~, ხშირ შემთხვევაში იძულებით გამხდარი აგენტებად, აქეთ-იქით აწყდებოდნენ, იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილებს, იმალებოდნენ, რომ აეცილებინათ ორივე მხრიდან წამოსული საშიშროება. იმის გამო, რომ ჩავარდნის შემდეგ ხელმძღვანელ ოფიცერს აკრძალული ჰქონდა მათთან ურთიერთობის გაგრძელება, მიმართავდნენ პირდაპირ პოლიციის დეპარტამენტს. ითხოვდნენ თანხებს, რათა თავი გაეტანათ, მანამ ცხოვრებას ხელახლა აიწყობდნენ. პოლიციის დეპარტამენტი, თუკი აღნიშნული პირი აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი ადგილობრივი `ოხრანკის~ განყოფილებების მიერ მიწვდილი ცნობების საფუძველზე, ხშირ შემთხვევაში უხდიდა მათ 300-400 მანეთ ერთჯერად დახმარებას, მოთხოვნილზე ბევრად ნაკლებს (200). აქვე აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით სასარგებლო .. `ცენტრალურ აგენტურას~ უნიშნავდნენ პენსიას წელიწადში 1000-დან 2000 მანეთამდე, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისი იყო.

          შემზარავი ტრაგედიებია აღწერილი გამომჟღავნებულ აგენტთა წერილების შინაარსში პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. ისინი დარჩენილები ყოველგვარი სახსრების გარეშე ეცემოდნენ ცხოვრების ფსკერზე, გამუდმებით იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილებს, იკლავდნენ თავს. გამწარებული ადამიანები, ვისაც ჩაფურთხებული სულის მეტი, არ დარჩენოდათ რა, მიდიოდნენ შანტაჟზე თავისი ყოფილი უფროსების მიმათ, რომ გაამჟღავნებდნენ მათთვის ცნობილ `ოხრანკის~ სხვა აგენტებს. მაგალითად, თბილისის `ოხრანკის~ ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ეწეოდა თვალთვალს `ოხრანკის~ თანამშრომლებზე და მათ უჩვენებდა რევოლუციონერებს (201).           

          თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების მასალებში არის საქმე, რომელშიც ნათქვამია, რადგანაც `თბილისის `ოხრანკის~ განყოფილებამ უარი თქვა საერთო პოლიციის ყოფილ აგენტ ევგენია მელიქ-შახნაზაროვას სამსახურზე, მან იშოვა სოციალისტ-რევოლუციონერების და `დაშნაკების~ `იავკები~ და გადასცა მათ კავკასიის რაიონული და თბილისის `ოხრანკისგანყოფილებების ოფიცრების მონაცემებისახელი, გვარი, გარეგნული აღწერა. ამის შედეგად ახლა სოციალ ლისტ-რევოლუციონერების პარტიაში დგას საკითხი ერთ-ერთი მოხელის მოკვლის შესახებ~ (202).

 

$4 მეთვალყურე აგენტები - ფილერები

 

          მართალია ინსტრუქციებით `მთავარ და ერთადერთ საფუძველს პოლიტიკური ძიებისათვის წარმოადგენდა სრულიად საიდუმლო და მუდმივი აგენტურა~, საკმაო ინფორმაციას რევოლუციონერებზე `ოხრანკისგანყოფილებებისათვის იძლეოდნენ გარე მეთვალყურეობის აგენტებიფილერები. ფაქტობრივად მეთვალ-ყურეობა გახლეჩილი იყო ორ ნაწილადერთის მხრივ გარე მეთვალყურეობა ფილერების მეშვეობით, რომლებსაც ხალხში უწოდებდნენ `შპიკებს~ და `გოროხოვოე პალტო~- და მეორეს მხრივ რევოლუციური ორგანიზაციები `შუქდებოდა~ შიგნიდან პარტიაში მყოფი `ოხრანკის~ აგენტების მეშვეობით (203).

     პოლიციის დეპარტამენტი 1894 წლიდან ნელ-ნელა, მზარდი რევოლუციური აგიტაციის გამო, იძულებული გახდა ეზრუნა რევოლუციური მოძრაობის გასაშუქებლად პარტიებში საიდუმლო აგენტების გაჩენაზე. მათგან მიღებული ცნობების დასამუშავებლად კი გაჩნდა საჭიროება მოსკოვის `ოხრანკის~ განყოფილებასთან, როგორც იმ წლებში პოლიტიკური ძებნის ცენტრალურ ორგანოსთან, ჩამოე-ყალიბებინათ მეთვალყურე აგენტების 30 კაციანი რაზმი (204). ამ რაზმის ჩამოყალიბება დაკავშირებულია მოსკოვის `ოხრანკის~ მაშინდელ ხელმძღვანელ   . ზუბატოვის თანაშემწე ევსტრატე მედნიკოვის სახელთან. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით მოსკოვის `ოხრანკასთან~ ჩამოყალიბდა .. `ევსტრატკინა შკოლად~ წოდებული, სასწავლებლის მსგავსი დაწესებულება ფილერების მოსამზადებლად. თანამედროვის სიტყვებით, იგი უშვებდა `თითით საჩვენებელ ფილერებს~ (205). 1890-ანი წლების მეორე ნახევარში იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსკოვის `ოხრანკის~ ფილერთა რაზმის საქმიანობა, რომ მისი შემადგენლობა 20 კაცით იქნა გაზრდილი. თუმცა, ამავე დროს გუბერნიებში არ ყავდათ საიდუმლო აგენტურა და გარე მეთვალყურეობა უმეტეს შემთხვევაში ხორციელდებოდა გადაცმული ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცრების მიერ, რომლებსაც თანამედროვის სიტყვებით: `ხანდახან ავიწყდებოდათ ჩექმებზე დეზების მოხსნა~ (206).

          1902 წელს . ზუბატოვი გადავიდა რა პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებული განყოფილების უფროსად, მასთან ერთად პეტერბურგში გადავიდა    . მედნიკოვიც. ამავე წელს რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ჯერ `ძებნის~, შემდეგ კი `ოხრანკის~ განყოფილებების შექმნის შემდეგ მოსკოვის `ოხრანკის~ ფილერთა რაზმი რეფორმირებულ იქნა. მათი ნაწილი დაიგზავნა გუბერნიებში ჩამოყალიბებულ `ძებნის~ განყოფილებებში (207).

     1902 წლის 12 აგვისტოს `ძებნის~ განყოფილების დებულების მიხედვით განყოფილების უფროსებს დაევალათ რა პოლიტიკური ძებნის _ გარე მეთვალყურეობის და საიდუმლო აგენტურის ხელმძღვანელობა, Mმათ არა მარტო უნდა გაეჩინათ საიდუმლო თანამშრომლები, არამედ აერჩიათ და ესწავლებინათ მეთვალ-ყურე აგენტებისფილერებისათვის (208).

1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში პრაქტიკაში დამუშავდა და 1907 წელს გამოიცა ინსტრუქცია #140 გარე (ფილერული) მეთვალყურეობის ორგანიზებაზე. დებულებით აკრძალული იყო, ისევე როგორც ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცრების ინსტრუქციაში ფილერებად პოლონელების და ებრაელების მიღება, თუმცა პრაქტიკაში ეს მოთხოვნა ხშირად ირღვეოდა.

     ინსტრუქციაში არაფერი იყო ნათქვამი კონკრეტულად მოსახლეობის რომელი კატეგორიიდან უნდა შეეძინათ და შემდეგ აღეზარდათ ფილერები. მოსკოვის `ოხრანკის~ უფროსი 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში ფონ კოტენი წერდა: `პრაქტიკამ მიჩვენა კარგი ფილერები გამოდიან კაზაკებიდან, ვაჭრებიდან, ციხის ზედამხედველებიდან~. იგი ფილერული სამსახურისათვის ასარჩევი კანდიდატებიდან უპირატესობას ანიჭებდა 30 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებს, სიმაღლეს. უნდა ყოფილიყო საშუალოზე დაბალი, კარგი მხედველობის. `თუმცა პრაქტიკაში ვნახე _ წერს იგი _ განსაკუთრებით კარგი მხედველობის პირთა აყვანა უაზრობაა, რადგან შედარებით სუსტი მხედველობის პირებიდან გამოდიან კარგი ფილერები, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონოდათ შესამჩნევი ნაკლი სიკოჭლე, კუზი და სხვა~ (209).

     გარე მეთვალყურეობის აგენტობის კანდიდატს განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში ამოწმებდნენ. კერძოდ, ცდილობდნენ მისი ხასიათის შესწავლას სხვა მოსამსახურეებთან ურთიერთობის საფუძველზე. შემდეგ აგზავნიდნენ `სამოქმედო ტერიტორიის~ ქალაქის ან დასახლებული პუნქტის დეტალურად გასაცნობად. მას უნდა სცოდნოდა ქალაქის უბნები, ქუჩები, მოედნები, პოლიციის განყოფილებების განლაგება, სახლებს შორის გამავალი ეზოები, გასასვლელები, დუქნები, ბაღები, მატარებლის შემადგენლობის გასვლის, ჩამოსვლის დრო, ტრამვაის მოძრაობის განრიგი, მეეტლეთა სადგომები, მათი ტაქსა, სასწავლო, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების განლაგება, ფაბრიკების, ქარხნების მუშაობის დაწყების დრო, დამთავრება, სახელმწიფო მოსამსახურეების, მოსწავლეების ფორმის ტანსაცმელი, განმასხვავებელი ნიშნები (210).

     ამის შემდეგ ახალბედა სწავლობდა გარკვეული წესით პიროვნების აღწერას. მას იგი ასეთი თანამიმდევრობით უნდა დაესახასიათებინა _ სქესი, ასაკი, სიმაღლე, აგებულება, თმის ფერი, ეროვნება, რა ფერის, სტილის ტანსაცმელს ატარებდა, რა სახის ფეხსაცმელი ეცვა.

           იმისათვის, რომ ერთი შეხედვით ეცნოთ სამეთვალყურეო, თუნდაც გადაცმული და გარეგნობაშეცვლილი, ფილერს უნდა შეესწავლა სამეთვალყურეოს სიარულის მანერა, დამახასიათებელი მოძრაობები, როგორ ეჭირა თავი, ხელები, როგორ ადგამდა ფეხებს და სხვა.  ინსტრუქცია ითხოვდა, ფილერებს სამეთვალ-ყურეოს ერთი შეხედვით დამახსოვრების მიზნით ხშირად ევარჯიშათ. დღეში რამდენჯერმე ნებისმიერი პირისათვის ქუჩაში ერთი შეხედვის შემდეგ უნდა დაეხუჭათ თვალები და გონებაში წარმოედგინათ მისი გარეგნული მონაცემები. მეორედ შეხედვისას კი შეემოწმებინათ სწორად შეაფასეს თუ არა იგი (211).

სამეთვალყურეოსათვის სახეზე შეხედვა ნებადართული იყო მხოლოდ ხალხმრავალ ქუჩაზე, ბაზარში. ყრუ ქუჩებზე და გზაჯვარედინებზე სამეთვალ-ყურეოსთან პირისპირ შეხვედრა სასტიკად იყო აკრძალული. `არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხვდეთ მზერით სამეთვალყურეოს. არ უჩვენოთ თქვენი თვალები, რადგან თვალები ამახსოვრდება ყველაზე მეტად ადამიანს~, ითხოვდა ინსტრუქცია (212). პრაქტიკაში საქმე სხვაგვარად იყო. სწორედ აქეთ-იქით თვალის ცეცების და სახის უცებადი მორიდების გამო სცნობდნენ ხშირად ფილერებს რევოლუციონერები.

დამწყები ფილერები გადიოდნენ `პრაქტიკულ მომზადებას~. მათ აგზავნიდნენ სამეთვალყურეოდ რომელიმე გამოცდილ ფილერზე. ამ უკანასკნელს ევალებოდა თავიდან მშვიდად ევლო, გაეკეთებინა `შემოწმებები” _ უცებ შემოტრიალებულიყო სახლების კუთხეებთან და შეემოწმებინა ვინმე ხომ არ უთვალთვალებდა. როდესაც ფილერი ისე ისწავლიდა მეთვალყურეობას, რომ სამეთვალყურეო მას ვერ აფიქსირებდა, ეს უკანასკნელი ართულებდა თავის მარშრუტს, ერეოდა ხალხის მასაში, გადადიოდა ერთი ეტლიდან მეორეში.

     პრაქტიკული მეთვალყურეობის ყველაზე უფრო დამახასიათებელი ხერხების შესწავლის შემდეგ, დამწყებებს აგზავნიდნენ გამოცდილ ფილერებთან ერთად სამეთვალყურეოდ. `ოხრანკის~ განყოფილებაში ყოველდღე ხდებოდა ფილერების საღამოს შეკრებები. აქ ფილერები გარე მეთვალყურეობის განყოფილების ხელმძღვანელ ოფიცერს აბარებდნენ ყოველდღიური მეთვალყურეობის ანგარიშს. ოფიცერი უხსნიდა მათ, სწორად მოიქცნენ თუ არა, ამა თუ იმ კონკრეტული სიტუაციის დროს. გარდა ამისა, ფილერებს ასწავლიდნენ, რომელი მონაცემების შეჯერებით შეიძლებოდა გარკვევა სამეთვალყურეო სად ცხოვრობდა, ჩამოსულია თუ ადგილობრივი, სამეთვალყურეოს შეხვედრა სხვა პირთან შემთხვევითი იყო თუ წინასწარ გამიზნული, რომელ შემთხვევაში შეიძლებოდა სამეთვალყურეოს გაშვება მეთვალყურეობიდან და სხვა.

     ზემოჩამოთვლილი მონაცემების შეჯერებით ფილერები ხშირად დამოუკიდებლად ხსნიდნენ სახელმწიფო დანაშაულს. თბილისის `ოხრანკის~ ფილერის ვეჩერინის მოგონებაში ვკითხულობთ, რომ მან 1904 წლის ზაფხულში ყურადღება მიაქცია რკინიგზის სადგურში ეტლით მოსულ სტუდენტს და ახალგაზრდა ქალს, რომლებმაც არ ანდეს საკმაოდ მძიმე ორი კალათა მებარგულს და როდესაც დაეჭვებულმა ფილერმა გააჩხრეკინა პოლიციას ეს კალათები, იქ იარაღის 5000 ტყვია აღმოაჩინა (213).

     ვარშავის `ოხრანკის~ განყოფილების გარე მეთვალყურეობის გამგის გური-ნის მოგონებებში აღნიშნულია, რომ მან ვარშავის ერთ-ერთ ბაღში შემთხვევით შესულმა ყურადღება გაამახვილა უცნობ პირზე, რომელიც აღელვებული მიმო-დიოდა. მან თავისი ინიციატივით `აიყვანა~ მეთვალყურეობაში და გამოარკვია იგი იყო ტერორისტი და დაპატიმრებისას აღმოუჩინეს ბომბი (214).

     ფილერების საცხოვრებელ ადგილზე არავის არ უნდა სცოდნოდა მათი საქმიანობა და მუშაობის ადგილი. კონსპირაციის დაცვის მიზნით ფილერებს უნდა მიეთითებინათ ისეთი სამსახური ცნობისმოყვარე მეზობლებისათვის, სადაც მუშაობა გვიან ღამით მთავრდებოდა რკინიგზაზე, ტრამვაის დეპოში და სხვა. პოლიციის დეპარტამენტის ბრძანებით 1907 წლიდან ფილერების ვინაობის საიდუმლოდ შენახვის მიზნით მათაც საიდუმლო აგენტურის მსგავსად დაუწყეს მეტსახელების მიცემა. ფილერებს უნდა ჩაეცვათ როგორც ადგილობრივ საშუალო ფენის წარმომადგენლებს და ტანსაცმელი არ უნდა გამორჩეულიყო იმ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საერთო მასისათვის დამახასიათებელი ჩაცმულობიდან (215).

     მოქალაქეებზე მეთვალყურეობის დაწესების მიზეზი ძირითადად ორი იყო: პირველი _ აგენტურის მითითების გამო. მეორე იმიტომ, რომ ამ მოქალაქესთან ურთიერთობაში იმყოფებოდა ის პირი, ვისზეც დაწესებული იყო გარე მეთვალ-ყურეობა. მაგალითად, სოციალისტ-რევოლუციონერების მიერ კავკასიის პოლიციის გამგის შირინკინზე თავდასხმის მომზადების დროს, თბილისის `ოხრანკის~ მიერ გარე მეთვალყურეობა, ამ პარტიის წევრ მარია ნიკოლოზის ასულ ხუდადოვაზე დაწესდა აგენტურის მითითების თანახმად, ხოლო მის ძმა ვლადიმირზე კი თავის დასთან ხშირი შეხვედრების გამო (216).

     სამეთვალყურეოზე თვალთვალის დაწყების დავალებას .. `ნარიადსფილერი იღებდა დილით გარე მეთვალყურეობის გამგისგან. მას უთითებდნენ ადგილს, საიდან უნდა დაეწყო თვალთვალი _ `აეყვანა~ სამეთვალყურეო. სიტყვიე-რად უთითებდნენ ამ პირის გარეგნულ ნიშნებს, თუ გააჩნდათ უჩვენებდნენ ფოტოსურათს.

     სამეთვალყურეოს `აყვანის~ შემდეგ ფილერი მუდმივად უთვალთვალებდა მას. დაყვებოდა უკან და არკვევდა სად წავიდოდა, ვის შეხვდებოდა, ესაუბრებოდა, რა ეცვა სამეთვალყურეოსთან შემხვედრ ადამიანს, როდის დაკარგა იგი მეთვალ-ყურეობიდან და ასე შემდეგ (217). ფილერებს მკაცრად აფრთხილებდნენ, რომ სჯობდა სამეთვალყურეო მიეტოვებინათ, ვიდრე იგი შეამჩნევდა მეთვალყურეობას (218).

     მეთვალყურეობაში აყვანილ პირს ფილერი აძლევდა მეტსახელს. მეტსახელი უნდა ყოფილიყო მოკლე, ერთსიტყვიანი. ისეთი, რომ გარკვეულიყო ქალს ეკუთვნოდა იგი თუ მამაკაცს. აუცილებელი წარმოადგენდა იყო ისეთი სახელის მიცემა, რომელიც დაახასიათებდა სამეთვალყურეოს გარეგნობას. მარია ხუდადოვას მიცემული ჰქონდა მეტსახელად `დრაპოვაია~, რადგან ატარებდა დრაფის პალტოს, მის ძმას ვლადიმერს კი `ტიომნი~ – ატარებდა შავ სათვალეს (219).

სამეთვალყურეოსთან შეხვედრილ სხვა პირებსაც ეძლეოდათ მეტსახელები. ამ შემთხვევებში აძლევდნენ ისეთ მეტსახელებს, რომელიც რაიმე გარკვეულ ჯგუფისთვის, მაგალითად, ძაღლის ჯიშებისთვის ან თევზების სახეობებისთვის იყო დამახასიათებელი. ეს საჭირო იყო იმისათვის, რომ ნათელი ყოფილიყო რომელ პირებთან კავშირში მიდიოდა სამეთვალყურეოს მთელი დღის მარშრუტის, საქმიანობის განხილვა საღამოს შეკრებაზე. ფილერები ხშირად გადასცემდნენ ერთმანეთს სამეთვალყურეოებს, რათა ერთი და იგივე პირის თვალთვალი არ აღმოეჩინა სამეთვალყურეოს, თუკი ერთსა და იმავე პირს ეძლეოდა სხვადასხვა ფილერის მიერ განსხვავებული მეტსახელი, ეს უცებ ირკვეოდა იმავე საღამოს შეკრებებზე. ფილერების გამოკითხვას `ოხრანკის~ ოფიცრები ზოგჯერ მათ საცხოვრებელ ბინებში აწარმოებდნენ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ კონსპირრებულად (220).

     განსაკუთრებულ შემთხვევებში მეთვალყურეობას ერთად ანხორციელებდა ორი, სამი ფილერი. ინსტრუქციით ერთს უნდა ემეთვალყურა სამეთვალ-ყურეოსთვის ზურგიდან. მეორე და მესამე ფილერს კი ევლოთ იმ ქუჩის პარალელური ქუჩით, რომელზეც მიდიოდა სამეთვალყურეო. ასეთი გათვლა მდგომარეობდა შემდეგში _ მათი ნაბიჯი არ უნდა ყოფილიყო ჩქარი სამეთვალყურეოზე, რათა იგი გზაჯვარედინებზე დაეფიქსირებინათ.

     ფილერი, ეძლეოდა თუ არა საშუალება, იწერდა უბის წიგნაკში სამეთვალ-ყურეოს შესახებ ყველაფერს დროის მითითებით _ სად შევიდა, რამდენ ხანს დარჩა და სხვა. ამ წიგნაკის საფუძველზე აბარებდა ანგარიშს თავის ხელმძღვა-ნელს. ყოველდღიური მოხსენებები ერთად იყრიდა თავს .. `გარე მეთვალყურეობის დღიურში~ და იდებოდა იმ ორგანიზაციის თუ პარტიის საქმეში, რომელსაც ეკუთვნოდა სამეთვალყურეო პირი.

     მეთვალყურეობის გაწევისას კონსპირაციულ ბინებზე, ან ტიპოგრაფიის, იარაღის საწყობის სავარაუდო ადგილსამყოფელზე ინიშნებოდა `სამეთვალყურეო პოსტი~. პოსტზე იმყოფებოდა ორი და მეტი ფილერი. იმ მიზნით, რომ არ შეემჩნიათ ერთ ადგილზე მუდმივად მყოფი ფილერები, ისინი ხშირად იცვლებოდნენ. ამ მეთოდით `ოხრანკის~ განყოფილების ფილერთა დიდი ნაწილი ეცნობოდა სამეთვალყურეო პირთა ჯგუფს და მათი თვალთვალიდან გაშვების შემთხვევაში დამოუკიდებლად აწარმოებდნენ მათ ძებნას ქალაქის თუ დაბის სხვადასხვა უბნებში.

ზოგ შემთხვევაში პოსტებზე მდგარი ფილერები ქირაობდნენ სამეთვალყურეო ობიექტის ახლომდებარე ბინებს ან სასტუმროს ნომრებს, რომლის ფანჯრებიც მდებარეობდა ობიექტის მოპირდაპირე მხარეს. შედიოდნენ მაღაზიებში, დუქნებში, საბილიარდოებში, სადაც ვაჭრობდნენ, ქეიფობდნენ, თამაშობდნენ და ამავე დროს ამ დაწესებულების ფანჯრებიდან უთვალთვალებდნენ.

     ერთ-ერთი ფილერის მოგონებაში ვკითხულობთ, რომ სამეთვალყურეო ობიექტის წინ მდებარე საბილიარდოში ფილერებმა დაიწყეს ყოველდღე სიარული. ორი თამაშობდა, ერთი კი სარკმლიდან აკვირდებოდა ობიექტს. `ამ ხერხით ჩვენ შევძელით ტიპოგრაფია აგვეყვანა გარე მეთვალყურეობის ჩავარდნის გარეშე~, ამთავრებს თავის მონათხრობს ფილერი (221).

     გარე მეთვალყურეობის ასეთსავე ხერხებს იყენებდნენ იმ პერიოდში ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურები. ცნობილი სოციალ-დემოკრატი ლევ ტროცკი (ბრონშტეინი) წერს, რომ საფრანგეთის ხელისუფალნი ცუდად ეპყრობოდნენ: `მე გარს მეხვეოდნენ ჯაშუშები, რომლებიც სრულიად დაუფარავად `მუშაობდნენ~. ისინი მოვიდნენ ლუდხანაში, საიდანაც ხელისგულივით მოჩანდა მთელი ჩვენი ქუჩა. გააგდეს პატრონი და იქ მოაწყვეს თავიანთი სამეთვალყურეო პუნქტი, ეს ჯაშუშები ფეხდაფეხ დამდევდნენ მეტროში, ტაქსში~ (222).

     სამეთვალყურეო პოსტზე მყოფ ფილერებს აცმევდნენ, როგორც გაზეთების დამტარებლებს, წვრილ ვაჭრებს, კურიერებს და ისინიც შესაბამისად ვაჭრობდნენ გაზეთებით, წვრილი საქონელით. მოძრაობდნენ რა სამეთვალყურეო ობიექტის მიმდებარე ქუჩებში, უთვალთვალებდნენ გამჟღავნების რისკის გარეშე. ფილერების ინსტრუქციაში მითითებული იყო, როგორ უნდა დაეჭირათ თავი თუ სამეთვალ-ყურეო მოულოდნელად გამოვიდოდა შენობიდან და შეეჩეხებოდა. როგორ უნდა მდგარიყვნენ, როგორ შესულიყვნენ სამეთვალყურეოსთან თავის ასარიდებლად ლუდხანაში, დუქანში. კერძოდ, უცებ არ უნდა შეტრიალებულიყვნენ და არ აეჩქარებინათ ნაბიჯისათვის, არ უნდა ევლოთ თვალში მოსახვედრი ნელი ნაბიჯით. აგრეთვე მოცემულია სამეთვალყურეოს გამოჩენის შემთხვევაში ერთმანეთთან სანიშნებელი ნიშნების (`პაროლების~) ტექნიკა და სხვა (223).

     რევოლუციონერების საბრძოლო მასალების საწყობის, ფეთქებადი ნივთიერებების ლაბორატორიის, ტიპოგრაფიის სავარაუდო განლაგების ადგილზე, თუ ახლოს იყო მეეტლეთა გასაჩერებელი ადგილი სამეთვალყურეო პოსტზე აყენებდნენ ცხენოსან ფილერებს, რომელთა დამხმარეებად ტრიალებდნენ წვრილ ვაჭრებად და გაზეთების დამტარებლად გადაცმული ფილერები.

         ფილერების საქმიანობის განმსაზღვრელ ინსტრუქციაში მთელი თავია მიძღვნილი თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მეეტლე ფილერები: `მეეტლის გამოჩენა იქცევს მეეზოვეებისა და დარაჯების ყურადღებას, რომლებიც ჩვეულებრივ მათ ერეკებიან, რათა ცხენებმა არ მოსვარონ იქაურობა~ (224). მეეტლე ფილერს უნდა `დაეჭირა მეეზოვის ტიპი" და ერთ-ერთისთვის ეთქვა, რომ ექიმი მიიყვანა ავადმყოფთან, მეორისთვის საიდუმლოდ გაენდო, რომ ელოდებოდა `ბატონს~, რომელიც არის სხვის ცოლთან, ან იგივე ეთქვა ასეთივე `ქალბატონზე~, მესამე მიეპატიჟა გასამასპინძლებლად, რომ თითქოსდა შემოსავლიანი ადგილიდან არ გაეგდო. ეტლიანი ფილერები მეთვალყურეობდნენ სამეთვალყურეოს იმ დროსაც, როცა ისინი ეტლებით სარგებლობდნენ, მისდევდნენ უკან მათ ეტლებს. პეტერბურგის `ოხრანკას~ ავტომობილების რიცხვის ზრდის გამო ამ მიზნით ავტომობილიც კი ჰყავდა. აქვე ავღნიშნავთ, რომ ამ პერიოდშივე ისმინებოდა სამეთვალყურეო პირთა სატელეფონო საუბრებიც. ამრიგად, რუსეთის პოლიტიკური პოლიციის საქმიანობაში ტექნიკური პროგრესი სახეზე იყო.

          რაიონული `ოხრანკის~ განყოფილებების შექმნის შემდეგ ფილერებს პერიოდულად გზავნიდნენ გუბერნიების იმ პერიფერიულ ტერიტორიებზე, სადაც რევოლუციური მოძრაობა ყველაზე მეტად იყო განვითარებული (225). ასეთ შემთხვევაში ფილერებს ევალებოდათ, თუკი გააჩნდათ ოჯახი მასთან ერთად გამგზავრებულიყო, რადგან ნაკლები შანსი იყო გამჟღავნებულიყო მათი საქმიანობა. ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ ცოლთან ან ბავშვთან ერთად გასეირნება `ფარავდა~ მეთვალყურეობას (226).

           `მივლინებებში~ მყოფი ფილერები დაკვირვების შედეგებს წერილობით აცნობებდნენ ფოსტის მეშვეობით ხელმძღვანელებს. როდესაც იცოდნენ სამეთვალ-ყურეოს გამგზავრების ადგილი, იქ უგზავნიდნენ დეპეშას ადგილობრივ პოლიტიკური ძებნის განყოფილებებს ამ პირის მეთვალყურეობაში აყვანის თხოვნით. დეპეშა დგებოდა როგორც სავაჭრო შეტყობინება. მასში განყოფილების გამგე იხსენიებოდა პატრონად, ფილერები მოსამსახურეებად, სამეთვალყურეო პირი საქონლად. მაგალითად, `კეთილი ინებეთ და მიიღეთ საქონელი~, ანდა სამეთვალყურეოს `დაკარგვის~ შემთხვევაში _ `საქონელი გაფუჭდა~, დაპატიმრებისას _ `საქონელი ჩალაგებულია ყუთებში~ და სხვა (227).

           იმ შემთხვევაში, როდესაც სამეთვალყურეო ტოვებდა ქალაქს, მას ფილერები უკან მიყვებოდნენ და სადაც ჩავიდოდნენ, იქ `აბარებდნენ~ ადგილობრივ ფილერებს. 1907 წლის 24 იანვარს თბილისის `ოხრანკის~ განყოფილებას პოლიციის დეპარტამენტმა აცნობა, რომ დეპარტამენტში შესული იყო ინფორმაცია რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის V ყრილობის მოწვევის შესახებ. დეპარტამენტი ითხოვდა გამოერკვიათ დელეგატები ადგილობრივი ორგანიზაციიდან და ფილერებს აეყვანათ მეთვალყურეობაში. თუ ყრილობა რუსეთში ჩატარდებოდა, მიეცილებინათ დელეგატები ადგილამდე, თუ საზღვარგარეთ, მაშინ მიეცილებინათ საზღვრამდე და იქ დაეკავებინათ (228).

     1907 წლამდე მეთვალყურე აგენტურა გააჩნდა მხოლოდ `ოხრანკის~ განყოფილებებს. რკინიგზის ჟანდარმთა პოლიციის სამმართველოები არ იყვნენ მოვალე ყოლოდათ ფილერები (229). 1908 წლის დებულებით რაიონული `ოხრანკის~ განყოფილებებზე ადგილობრივ საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოებს დაევალათ გარე მეთვალყურეობის ორგანიზაცია _ ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცრებისგან ფილერების მომზადება. ამ დებულების $14-ის მიხედვით ასეთი უნტერ-ოფიცრები უნდა ყოფილიყვნენ საშტატო შემადგენლობის 2 პროცენტი, ხოლო თუკი დამატებითი შტატის უნტერ-ოფიცრები დიდი რაოდენობით ჰყავდათ, მაშინ მათი შემადგენლობის ნახევარი (230).

     ფილერების რაოდენობა 1905-1907 წლებში საქართველოში არსებულ პოლიტიკური ძებნის განყოფილებებში საკმაოდ მცირე იყო. თბილისის `ოხრანკის~ განყოფილებას 1908 წლის მარტში შტატში ყავდა 9 ფილერი. 1909 წლის დასაწყისში მათი რაოდენობა გაიზარდა 17-მდე. ცალკე ყავდა ფილერები კავკასიის რაიონული `ოხრანკის~ განყოფილებას _ 28. ყველაზე მეტად ფილერთა რიცხვის ნაკლებობას განიცდიდა ბათუმის `ოხრანკის~ პუნქტი, რომელსაც 1904 წელს შტატში ჰყავდა ორი ფილერი. 1905 წელს კავკასიის პოლიციის გამგემ დაუმატა თავისი კანცელარიის განსაკუთრებული განყოფილების პოლიციის ზედამხედველთა რიცხვიდან ორი პირი ფილერული სამუშაოს შესასრულებლად. ბათუმის `ოხრანკის~ პუნქტის უფროსი 1906 წელს თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსს აცნობებდა, რომ 4 ფილერი არასაკმარისი იყო, რადგან შეიძლებოდა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პოსტის დაყენება. სერიოზული მეთვალყურეობისას კი საჭირო იყო სამი პოსტის დაყენება. სხვა ტერიტორიიდან სამეთვალყურეოს `მიღებისას~ უკვე ხდებოდა საკუთარი მეთვალყურეობის მოხსნა და მეთვალყურეობა `ვარდებოდა~ (231). 1908 წლის ივლისში ბათუმის `ოხრანკის~ პუნქტს დაუმატეს ორი ფილერი და მათი რიცხვი ექვსამდე გაიზარდა (232).

     ფილერებს საკმაოდ მიზერულ თანხას უხდიდნენ თვეში 7-დან 12 მანეთამდე (233). ამიტომ, ისინი თავის მოხსენებებში ხშირად ყალბად რთავდნენ ეტლით ან კონკით მგზავრობის საფასურს. აღნიშნული ხასიათის სიცრუე ახა-სიათებდა თვით `ოხრანკის~ განყოფილებების ხელმძღვანელებს, რომლებიც პოლიციის დეპარტამენტში წარდგენილ მოხსენებებში მეთვალყურეობის წარმოების შესახებ რთავდნენ არა მარტო იმ პირებს, ვისზეც გარე მეთვალყურეობა ხორციელდებოდა, არამედ `ოხრანკის~ განყოფილებაში რევოლუციურ ორგანიზაციებთან კავშირში აღრიცხულ ყველა პირს. პოლიციის დეპარტამენტი თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების უფროსს 1906 წელს მიუთითებდა: `ანგარიშებში ჩამოთვლილი სამეთვალყურეოთა რიცხვი არ ედრება განყოფილების სამეთვალ-ყურეო ძალებს და მასში ჩართული არიან უკვე კარგა ხნის დაპატიმრებული პირებიც კი~ (334).

     ზემოთ აღნიშნული არასწორი ინფორმაციის მიწვდა გამოწვეული იყო იმით, რომ პირველი _ დეპარტამენტს აჩვენებდნენ თუ რა ნაყოფიერად მუშაობდნენ და მეორე _ ელემენტარულად ითვისებდნენ გარე მეთვალყურეობის წარმოებისთვის გამოყოფილ თანხებს.

     დროთა განმავლობაში ფილერებს დაუწყეს მეტი მოთხოვნების წაყენება. ფილერებს თვალთვალის გარდა სხვა სახის საქმიანობაც, რომ შესძლებოდათ და `შინაგანი აგენტურის დახმარების გარეშე მოეხდინათ რევოლუციური ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულის მომზადების გახსნა~, ჯერ კიდევ 1905 წლის შუა ხანებში პოლიციის დეპარტამენტმა მოინდომა ფილერების სკოლის დაარსება (235). 1907 წლის გარე მეთვალყურეობის #140 ინსტრუქციით ფილერს არა მარტო უნდა ეთვალთვალა, არამედ გამოერკვია სამეთვალყურეოსთან შეხებაში მყოფი პირების ვინაობა, საქმიანობა, კავშირები. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ჩაეტარებინა რევოლუციური გარემოს გამოკვლევა, რაც ითხოვდა პოლიტიკური ძებნის ხერხების ცოდნას (236). პოლიციის დეპარტამენტმა 1907 წელსვე მოითხოვა პოლიტიკური ძებნის ადგილობრივი განყოფილებებისგან ფილერების აღზრდა-სწავლება წარემართათ ისე, რომ იპოვათ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან~ (237).

          1908 წელს პოლიციის დეპარტამენტმა მიუთითა ადგილობრივ პოლიტიკური ძებნის ორგანოებს, რომ `აგენტურული ცნობების~ დასამუშავებლად ნაკლებად სერიოზულ აგენტთან ერთად `მივლინებაში~ გაეგზავნათ ფილერებიც, რომლებიც: `უნდა გამიჯნულიყვნენ რუტინულ ხერხებს და დაეკონსპირირებინათ თავისი საქმიანობა. მივლინების ადგილზე უნდა ჩაეცვათ როგორც წვრილ ვაჭრებს ან სტუდენტებს. გამოეყენებინათ პოლიტიკური ძებნის ხერხები. არ დაბნეულიყვნენ ნებისმიერ სიტუაციაში და ეპოვათ გამოსავალი ნებისმიერ დროს~ (238).

აღსანიშნავია, რომ ფილერებს პრაქტიკაში ამ მიზნით ხშირად იყენებდნენ. `ოხრანკის~ ერთ-ერთი ოფიცრის მოგონებაში აღწერილია მეთვალ-ყურეობაში აყვანილი ოჯახის მოსამსახურე გოგონას მეშვეობით როგორ შეიტყვეს ოჯახის წევრების რევოლუციური საქმიანობის ყველა დეტალი. ამ გოგონას სპეციალურად გააცნეს ახალგაზრდა მამაკაცი _ ფილერი. მან თავი შეაყვარა გოგონას და დანიშნა კიდეც. ოჯახმა თავისი მოსამსახურის საქმრო, ბუნებრივია, მიიღო სახლში და ნდობით ეკიდებოდა. ამით ისარგებლა ფილერმა და სრული ინფორმაცია შეაგროვა ოჯახის წევრთა რევოლუციური საქმიანობის შესახებ (239). ფილერებს `ოხრანკის~ განყოფილებები იყენებდნენ ასევე რევოლუციონერების ფარულად დასაპატიმრებლადაც.         

          ფილერებს ინსტრუქციის თანახმად არ უნდა სცოდნოდათ საიდუმლო თანამშრომლების ვინაობა და გარეგნობა. პრაქტიკაში კი ეს წესი მუდმივად ირღვეოდა. `ოხრანკის~ განყოფილების უფროსები იძულებული იყვნენ მიეთითებინათ ფილერებისათვის საიდუმლო თანამშრომლები, რათა ისინი დაეცვათ შემთხვევითი დაპატიმრებისაგან. ამასთან ერთად პოლიტიკური ძებნის საჭიროებიდან გამომდინარე ფილერები აგენტებს დაყვებოდნენ უკან, რათა მათთან შეხებაში მყოფი პირები აეყვანათ მეთვალყურეობაში. მაგალითად, . ზეფს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისას აცილებდა რამდენიმე გამოცდილი ფილერი, რომლებიც მეთვალყურეობაში იყვანდნენ მასთან შეხებაში მყოფ ადგილობრივ რევოლუციონერებს (240).  საიდუმლო თანამშრომლებს ფილერები თავის წრეში უწოდებდნენ `პოდმეტკას~ (241).

          1906 წლიდან `ოხრანკის~ განყოფილებები ინახავდნენ განსაკუთრებით მოუხერხებელ ფილერებსაც. როდესაც რევოლუციურ ორგანიზაციაში ყავდათ აგენტი, ან ორგანიზაცია ამზადებდა ტერორისტულ აქტს, მაგრამ `ოხრანკას~ არ სურდა იმ დროს მისი წევრების დაპატიმრება, ასეთ ფილერებს ..'`ბრანდერებს~ უშვებდნენ სამეთვალყურეოდ (242). (`ბრანდერების~ დანიშნულებას ჩვენ შემდგომ შევეხებით). ბუნებრივია, მათ რევოლუციონერები მალევე ამჩნევდნენ და სასწრაფოდ იმალებოდნენ. რა თქმა უნდა ასეთი ხერხი სასურველი არ იყო, რადგან გამჟღავნებულ ფილერს აღარ შეეძლო აქტიური მუშაობა. ასეთ შემთხვევაში ფილე-რებს უცვლიდნენ სამსახურის ადგილს, გადაყავდათ მოშორებულ გუბერნიებში, ან აძლევდნენ რაიმე ოფიციალურ სამსახურს (243).

         1906 წლიდან ფილერებს აძლევდნენ ფოტოსურათიან პირადობის მოწმობებს. მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით 1908 წლიდან ფილერებზე დაიწყეს ლითონის ჟეტონების გაცემა და კონსპირაციის მიზნით კი მეტსახელების მიცემაც (244). ჟეტონის ჩვენება საკმარისი იყო პოლიციის დაბალი ჩინებისთვის, რათა გაეწიათ ფილერებისათვის დახმარება. მაგრამ იარაღი, რომელიც მათ თავის დასაცავად სჭირდებოდათ 1900-1910 წლებში არ გაიცემოდა. თბილისის `ოხრანკის~ უფროსი 1906 წლის 18 სექტემბერს აცნობებდა მეფისნაცვლის კანცელარიის განსაკუთრებული განყოფილების უფროსს, რომ ფილერებს რევოლუციონერები ხშირად თავს ესხმოდნენ და ხოცავდნენ, იცოდნენ რა, რომ მათ იარაღი არ გააჩნდათ. `ოხრანკის~ უფროსს მოყავდა რამოდენიმე კონკრეტული ფაქტი და ითხოვდა თანხის გამოყოფას განყოფილების ფილერების შესაიარაღებ-ლად (245).

         ფილერები ხშირად საკუთარი შეცდომების მსხვერპლიც ხდებოდნენ. ცნობილი ავლაბრის არალეგალური სტამბის მეთვალყურეობის პროცესში ერთ-ერთმა ფილერმა ასე გასცა თავი. სამეთვალყურეოსთან პირისპირ შეხვედრისას მცირე მანძილის გავლის შემდეგ შემოტრიალდა და სახეზე დააკვირდა. ორ დღეში ავლაბრის სტამბა დაარბია `ოხრანკამ~ და ეს ამოცნობილი ფილერიც მეორე დღესვე რევოლუციონერებმა მოკლეს (246). ზემოთ დასახელებულ სამეთვალყურეოს წარმოადგენდა ცნობილი ბოლშევიკი მიხა ბოჭორიძე, რომელიც `ოხრანკის~ დახა-სიათებით `იყო პროფესიონალი რევოლუციონერი და საკმაოდ ფრთხილი მეთვალყურეობის მიმართ~ (247).

 

 

 

 

$5. ინფორმაციის მიღების დამატებითი

ხერხები

 

     პოლიტიკური პოლიცია საჭირო ინფორმაციას ასევე იღებდა მათი `ოფიციალური აგენტების~ _ ჟანდარმერიის საგუბერნიო სამმართველოების და პუნქტის უნტერ-ოფიცრებიდან. ამ უკანასკნელებს სხვა საქმიანობასთან ერთად ევალებოდათ მეთვალყურეობა მოსახლეობაზე და .. `ფარული დაზვერვით~ ინფორმაციის  მოპოვება. მეთვალყურეობაში იგულისხმებოდა თვალყურის დევნება პოლიტიკური საქმიანობისთვის ადრე დაპატიმრებულ პირებზე, მოსწავლე-ახალგაზრდობაზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც საზღვარგარეთ სწავლობდა. ასევე თვალყური უნდა ედევნებინათ პროკლამაციების, ბროშურების გავრცელებაზე მოსახლეობაში. შეეკრიბათ ცნობები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე (248).

     `ფარული დაზვერვა~ კი მდგომარეობდა შემდეგში. უნტერ-ოფიცრები უშუა-ლოდ მოსახლეობასთან ატარებდნენ ფრთხილ გამოკითხვებს მათთვის საინტერესო პირის შესახებ. პოლიციის დეპარტამენტი მიუთითებდა: `გამოკითხვისათვის საინტერესო საგანზე გადასვლა შეუმჩნევლად უნდა მოხდეს, რათა გამოკითხული ვერ მიხვდეს რა და ვინ აინტერესებს უნტერ-ოფიცერს~ (249). რევოლუციური ორგანიზაციის შესახებ ცნობების მიღების შემთხვევაში უნტერ-ოფიცერს უნდა გამოერკვია როდის მოხდა ორგანიზაციის ჩამოყალიბება, მისი შემადგენლობა, გაჩნდა თუ არა ტიპოგრაფია, იარაღის საწყობი და სხვა. ამ სახის ინფორმაციის მიღების საშუალებად რეკომენდირებული იყო ფულადი ჯილდოს გაცემის აუცილებლობა, რისი მეშვეობითაც  გადაიბირებდნენ ორგანიზაციის რომელიმე წევრს.

     პოლიტიკური პოლიციის აზრით მეთვალყურეობის და `ფარული დაზვერვის~ საწარმოებლად მოსახლეობაზე, კავკასიაში საჭირო იყო - `ადგილობრივი პირობების საფუძვლიანი ცოდნა~, ადგილობრივი ენების შესწავლა (250). თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის აზრით, `რადგანაც პუნქტის უნტერ-ოფიცრებმა არ იციან ადგილობრივი ენები, არ აქვთ საშუალება პოლიტიკური ძებნისას მიიღონ აუცილებელი ცნობები ადგილობრივი მცხოვრებლებისგან~, ამიტომ, მათგან ითხოვდა ადგილობრივი ენების  სასწრაფოდ შესწავლას (251).

     მოსახლეობასთან ახლოს ყოფნის მიზნით ჟანდარმერიის ზოგიერთი ოფიცერი ტრიალებდა ადგილობრივი მაღალი საზოგადოების წრეში. მათთან ერთად თამაშობდა ბანქოს, ქეიფობდა, მღეროდა საოჯახო წარმოდგენებზე, ესწრებოდა თეატრალურ სანახაობებს. ერთ-ერთ ასეთ ოფიცერს  პოლიციის დეპარტამენტმა მისცა გაფრთხილება, რომ არ შეიძლებოდა საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელთან ჰქონოდა ამ სახის ფამილარული დამოკიდებულება. მან თავი შემდეგნაირად იმართლა: `მე ვთვლიდი, რაც მეტად ვისარგებლებ ადგილობრივი საზოგადოების სიმპატიით, ეს კი მხოლოდ მათთან ახლო ურთიერთობით მიიღწევა, რაც მეტად ვიცხოვრებ მათი ცხოვრებით, უფრო იოლად მეცოდინება ასეთი საზოგადოების განწყობა, რადგან დაქირავებულ აგენტურას, რომლითაც ჩვენ `ვაშუქებთ~ იატაკქვეშა ორგანიზაციებს, ამ ტიპის საზოგადოებაში ვერ შევიძენთ~. როგორც ჩანს ამ არგუმენტებმა გაჭრა და დეპარტამენტსაც იგი  მეტად აღარ შეუწუხებია (252).

     თანამედროვეთა დახასიათებით, პოლიტიკური პოლიციის მაღალი ჩინები `თითქმის ყველა უმაღლესი განათლებით ყოველთვის იყვნენ ლიბერალები და რადიკალები, რაზეც თვითონ მოახსენებდნენ ყველა ინტელიგენტ პატიმარს, მხოლოდ თვლიდნენ, რომ რუსეთი იმ დროს არ იყო მზად რეფორმებისათვის~ (253).

     ერთ-ერთი რევოლუციონერის მოგონებაში აღწერილია ასეთი შემთხვევა. ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსს გამყრელიძეს დემონსტრაციის დარბევის შემდეგ უთქვამს დაპატიმრებულისთვის: `მეც ქართველის გული მიძგერს, მეც მესმის თქვენი გულის წადილი, მაგრამ  ცოტა უნდა დავიცადოთ ... მე ეს-ესაა მოვედი. როგორც ქართველს მითხარით ვინ იყო, ვინ ყვიროდა?~ (254). იგივე გამყრელიძე ერთ-ერთ თავის მოხსენებაში ხელმძღვანელობას თავისი აზრის დასასაბუთებლად სწერდა, რომ _ მე, როგორც ქართველი, კარგად ვიცნობ ჩემი ხალხის განწყობას და გირჩევთ არაკეთილსაიმედო პირთა მიმართ სასწრაფოდ გამოიყენოთ ყველაზე გადამწყვეტი რეპრესიული ზომები (255).

     ინფორმაციის მოგროვების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენდა მეთვალყურეობა პოლიტიკური პოლიციისათვის საინტერესო პირის ნათესავებზე და ახლობლებზე. ციხიდან ან გადასახლებიდან გაქცეული პირის ადგილსამყოფელის დასადგენად, ჯერ კიდევ 1902 წლის 13 ივლისის ცირკულარში მიუთითებდა პოლიციის დეპარტამენტი ადგილობრივი ჟანდარმთა საგუბერნიოს სამმართველოს უფროსებს, რომ `მეთვალყურეობა აუცილებლად უნდა დაწესებულიყო სახელმწიფო დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის შორეულ ნათესავებზე და ამხანაგებზე~ (256).

     `ოხრანკელები~ ინფორმაციას იღებდნენ ლეგალური და არალეგალური პრესის საშუალებითაც. სპეციალურად აგროვებდნენ პროკლამაციებს, ბროშურებს, რევოლუციურ გაზეთებს. მათ ამუშავებდნენ, ხდებოდა შეჯერება ჟურნალებში და საგაზეთო სტატიებში მოცემული მასალების, სადაც ხშირად იხსენიებოდა ამა თუ იმ რევოლუციურ აქტში მონაწილეების ფსევდონიმები, მათი საქმიანობის ზოგიერთი დეტალი. ეს ყველაფერი იკრიბებოდა, ანალიზდებოდა და იშიფრებოდა ფსევდონიმების ქვეშ დაფარული პირების ვინაობა და საქმიანობა (257).       

     დამხმარე ინფორმაციის სახით გროვდებოდა ხალხში მოარული ხმები, ჭორები, რომლებიც ასევე მუშავდებოდა, მოწმდებოდა. ყველანაირი ცნობების მიღება ხდებოდა პატიმრების დაკითხვის დროს. პატიმრების ჩვენებები ანალიზდებოდა, ედრებოდა სხვა პატიმრების თუ თავისუფლებაში მყოფი რევოლუციონერების საუბრების შინაარსს, რომელსაც გამოკითხვის სახით აწარმოებდნენ `ოხრანკის~ აგენტები. საჭიროების შემთხვევაში კი ფიზიკური ძალდატანებით ხდებოდა პატიმრებისგან ინფორმაციის მიღება.

     `ოხრანკის~ განყოფილებებს გააჩნდათ ინფორმაციის მიღების კიდევ ერთი წყარო. ესენი იყვნენ განყოფილებებს დაქვემდებარებული გარე მეთვალყურეების მეორე კატეგორიის აგენტები _ პოლიციის ზედამხედველები, რომლებიც შედიოდნენ `ოხრანკის~ შტატში, თუმცა ოფიციალურად გაფორმებული იყვნენ საერთო პოლიციის კანცელარიაში. პოლიციის ზედამხედველები კვირაში ორჯერ მოვალენი იყვნენ გამოცხადებულიყვნენ `ოხრანკის~ განყოფილებაში დავალებების მისაღებად (258). სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე შეეძლოთ ჩაეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი, მაგრამ მათი ოფიციალური ფორმა იყო ისეთი, როგორიც ეცვათ საერთო პოლიციის უბნის ზედამხედველებს _ `ოკოლოტნიკებს~. 

     პოლიციის ზედამხედველებს გზავნიდნენ საერთო პოლიციასთან ერთად პოლიტიკური დამნაშავეების დასაპატიმრებლად. ევალებოდათ პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პირების შესახებ ცნობების შეგროვება გამოკითხვების და `გამოკვლევის~ საშუალებით. ზედამხედველები მოვალენი იყვნენ გამოერკვიათ ასეთი პირების ზუსტი მისამართი, შეესწავლათ მათი საცხოვრებელი ბინების შესასვლელები, ფანჯრების განლაგება. განსაკუთრებით უნდა გაეწიათ მეთვალ-ყურეობა მოსწავლე ახალგაზრდობაზე, შეეკრიბათ ცნობები მათ ცხოვრების წესზე, საქმიანობაზე, სასწავლებლებში არალეგალური ლიტერატურის გავრცელებაზე, საიდუმლო შეკრებების მოწყობაზე. ინფორმაცია ძირითადად უნდა მიეღოთ სასწავლო დაწესებულებების მოსამსახურეების მეშვეობით. ასეთივე ხასიათის ინფორმაცია ზედამხედველებს უნდა მოეპოვებინათ მათი სამოქმედო რაიონის ფაბრიკა-ქარხნების მუშათა ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, იქ მომუშავე საამქროს ოსტატების, ზედამხედველების საშუალებით.

          ინფორმაციის მოპოვების ხერხებს ზედამხედველებს ასწავლიდა `ოხრანკის~ განყოფილების ერთ-ერთი ოფიცერი. ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცრებისგან განსხვავებით პოლიციის ზედამხედველები ოფიციალურად ვალდებულნი იყვნენ ჩამოევლოთ სასტუმროები, საერთო საცხოვრებლები, დაქირავებული კერძო ბინები და დაემყარებინათ სანდო ურთიერთობა ამ სახის დაწესებულებების მომსახურე პერსონალთან. ინსტრუქციით სასტუმროების მფლობელებისათვის ამ მიზნით უნდა გაეწიათ დახმარება ცნობების აღებაში ქალაქის ადმინისტრაციისგან, ეშუამდგომლათ საერთო პოლიციის ჩინებთან წვრილმანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მიეცათ მოსამსახურე პერსონალისათვის მცირე ღირებულების საჩუქრები და სხვა. იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ზედამხედველების მიერ სანდო ურთიერთობის დამყარებას ამ პირებთან, რომ რაიმე მიზეზით თუკი კარგი ურთიერთობა ვერ მყარდებოდა, მათ უცვლიდნენ სამუშაო ადგილსაც კი. ითვლებოდა, რომ პოლიციის ზედამხედველებს ასეთი ურთიერთობა უნდა გამოეყენებინათ იმისათვის, რათა მოსახლეობას ნებაყოფლობით მიეცა ინფორმაცია. საქმე კი დაეყენებინათ ისე, რომ აუცილებელი  შეტყობინებები ბინაზე მიეტანათ მათთვის, სათანადო ანაზღაურების ფასად.

          საინტერესოა, რომ პოლიციის ზედამხედველებისაგან ითხოვდნენ, რა თქმა უნდა არაოფიციალურად, სანდო ურთიერთობის დამყარების მიზნით, მათაც მიეღოთ მცირეოდენი ქრთამი `სადღესასწაულების~ სახით, რადგან ასეთ შემთხვევაში სასტუმროების მფლობელებთან, კერძო გასაქირავებელი ბინების მეპატრონეებთან მყარდებოდა უფრო მჭიდრო, გულახდილი ურთიერთობა. `ოხრანკის~ განყოფილების ოფიცრები კითხვაზე _ რაშია ზედამხედველის ვალდებულება? იმაში რომ შეემოწმებინათ კანონის ზუსტი დაცვით შევსებულია თუ არა დოკუმენტაცია სასტუმროში, ჩაწერის გარეშე აცხოვრებენ მოქალაქეებს, ამუშავებენ დამლაგებ-ლებს (ქალაქში სამუშაოდ ჩამოსული პირები მოვალენი იყვნენ აღრიცხვაზე დამდგარიყვნენ საერთო პოლიციაში), რაც იწვევს ხშირად კონფლიქტს ადმინისტრაციასთან, თუ იმაში, რომ არ გაემახვილებინათ ასეთ საკითხებზე ყურადღება და სამაგიეროდ მიეღოთ ინფორმაცია? პასუხობდნენ ერთმნიშვნელოვნად _ `წვრილმანი დარღვევებისათვის არ უნდა მიექციათ ყურადღება, რათა ინფორმაციის წყაროებთან არ გაეფუჭებინათ ურთიერთობა~ (259). ასეთი სახის კარგ ურთიერთობას ზედამხედველები იყენებდნენ იმისათვის, რომ სასტუმროების, თუ კერძო ბინების დამლაგებლებს შეეტყობინებინათ მაცხოვრებლების საეჭვო ქცევა და მათი ოთახების დასუფთავების შემდეგ ყველა ჩანაწერი და ქაღალდის ნახევიც კი, რასაც ბინაში ნახავდნენ, გადაყრის წინ აუცილებლად მათთვის გადაეცათ.

     პოლიტიკური ძებნის წარმოების დამხმარე საშუალებებში შედიოდა ასევე `პერლუსტრაცია~ _ კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეების, მოქალაქეების პირადი მიმოწერის საიდუმლოდ გახსნა და მისი შინაარსის გაცნობა. კანონი `პერლუსტრაციის~ შესახებ ჯერ კიდევ ეკატერინე II გამოსცა. იგი ძირითადად ინტერესდებოდა კერძო პირების მიმოწერით.

          1900-იანი წლების დასაწყისიდან `პერლუსტრაციას~ ეწეოდნენ ფოსტებში სპეციალურად გამოყოფილ კაბინეტებში, რომლის არსებობა მხოლოდ მოსამსახურეების ვიწრო წრემ იცოდა. პეტერბურგში და მოსკოვში არსებულ ასეთ .. `შავ კაბინეტებში~ 10-დან 15 კაცამდე მუშაობდა, პროვინციებში ორიდან ხუთამდე. ასეთი სახის `შავი კაბინეტი~ არსებობდა თბილისის ფოსტაშიც (260).

          მოწმდებოდა საზღვარგარეთიდან შემოსული და იქ გაგზავნილი ყველა კორესპონდენცია, ბანდეროლი, წიგნი, რომელშიც შეიძლებოდა წერილის მოთავსება (261). ასევე მოწმდებოდა იმპერიის ტერიტორიაზე ფარული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირების მიმოწერა და იმ ადამიანების კორესპონდენციაც, ვისი მისამართითაც შეიძლება ესარგებლათ ზემოთაღნიშნულ პირებს.

           რუსეთის იმპერიის სისხლის სამართლის კოდექსის 1035 მუხლის მიხედვით შეიძლებოდა ოფიციალური ზედამხედველობის და ფორმალური მოკვლევის პრო-ცესში მყოფი პირების კორესპონდენციის ამოღება და გახსნა. ეს ხდებოდა ასეთნაირად. `ოხრანკის~ განყოფილების ჩინოვნიკი იგზავნებოდა ფოსტაში და საინტერესო პირის გვარი გადადიოდა ხელიდან ხელში, რათა არ ყოფილიყო ოფიციალური მიმოწერა (262). კორესპონდენციის `პერლუსტრაცია~ ხდებოდა თვით შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. აქ ამ საქმეს წლების განმავლობაში ასრულებდა ცენზორი მარდარიევი. საინტერესოა, რომ . ლოპუხინმა მხოლოდ წლების შემდეგ შეიტყო, რომ მის მიმოწერას პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ყოფნის პერიოდში სისტემატურად კითხულობდნენ თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრის პლევეს ბრძანებით (263).

            პოლიტიკური პოლიციისთვის საინტერესო წერილებს უღებდნენ ფოტოსურათს ან იღებდნენ წერილის ასლს, მას ხელახლა ლუქავდნენ და გზავნიდნენ დანიშნულების ადგილზე უკვე პასუხის `პერლუსტრაციისათვის~.

     პოლიციის დეპარტამენტი რეკომენდაციას უწევდა წერილების `პერლუსტრაციას~, რადგან `მათში არის მონაცემები რევულუციურ მოძრაობაზე~ (264). წერილების შინაარსი მუშავდებოდა-მოწმდებოდა, ხოლო დაშიფრული წერილები კი პოლიციის დეპარტამენტში იშიფრებოდა სპეციალისტების მიერ. დეპარტამენტში ამ მიზნით მიწვეული ჰყავდათ უმაღლესი განათლების მქონე, სხვადასხვა ენების მცოდნე პირები (265). რევოლუციონერები ხშირად იყენებდნენ დაშიფრულ წერილებს საიდუმლო შეტყობინებებისათვის. მათგან გამოყენებული გახსნილი შიფრების გასაღები იგზავნებოდა გუბერნიებში პოლიტიკური პოლიციის  ადგილობრივ დაწესებულებებში. მაგალითად, რევოლუციონერები დასაშიფრად ხშირად იყენებდნენ ოფიციალურ გამოცემებს, ჟურნალებს, წიგნებს. ამიტომ რეკომენდირებული იყო ჩხრეკისას ყურადღება მიექციათ ერთი და იგივე რევოლუციური ორგანიზაციის წევრებს ერთნაირი წიგნები გააჩ-ნდათ, ან ამ წიგნებში რომელიმე გვერდი ხშირი ხმარებისაგან გაცვეთილი, გაჭუჭყული იყო თუ არა (266). საინტერესოა, რომ წიგნებით საიდუმლო წერილების დაშიფრვის ასეთი მეთოდი `ოხრანკამ~ კი გახსნა 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში, მაგრამ გერმანელებმა ამ ხერხით დაშიფრვის მეთოდი გახსნეს მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. მას შვეიცარიაში მოქმედი საბჭოთა სადაზვერვო ქსელი იყენებდა 1940-1943 წლებში (267).

         გაშიფრული წერილის ავტორის, მასში მოხსენიებული პირების შესახებ გროვდებოდა ცნობები და იგზავნებოდა სამისამართო განყოფილებაში, რომელიც არსებობდა ქალაქების, ადამინისტრაციული ცენტრების მმართველობით ორგანოებში და იწოდებოდა `სამისამართო მაგიდად~. თბილისში `სამისამართო მაგიდა~ ქალაქის მმართველობაში დაარსდა 1906^წლის სექტემბერში (268). რუსეთის იმპერიის კანონებით მოქალაქეები პასპორტის საშუალებით მიწერილი იყვნენ რომელიმე ადგილზე, რასაც აკონტროლებდნენ სწორედ `სამისამართო მაგიდები~. პოლიციის დეპარტამენტმა 1907 წლის მაისში მოსთხოვა პოლიტიკური ძებნის ადგილობრივ ორგანოებს შეეძინათ და გაეგზავნათ დეპარტამენტში სამისამართო-საცნობარო წიგნები, ადმინისტრაციული ცენტრების, ქალაქების გეგმები, ქუჩების სია, სახლების მფლობელების მონაცემები (269).

         კავკასიაში პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივ ორგანოებს აინტერესებდათ არა მარტო რევოლუციური ორგნიზაციის წევრების, არამედ კავკასიის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიმოწერაც. ერთ-ერთი ასეთი წარმომადგენლის წერილის ასლი საინტერესოა იმით, რომ მასში ასახულია პეტერბურგში სასახლის კარზე მიმდინარე ინტრიგები დანახული კავკასიიდან და ჩანს ავტორის სიმპატია-ანტიპატია ამ ინტრიგებში მონაწილე პირების მიმართ. ჩანს, ეს ინფორმაცია აინტერესებდა თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების რომელიღაც მაღალჩინოსანს (270).

           პოლიტიკური პოლიციის ინტერესის საგანს შეადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის შეხედულება ცარიზმის პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ. ამ მხრივ საინტერესო `პერლუსტრირებული~ წერილის ასლი არის შემონახული `ოხრანკის~ საქმეებში. წერილის ავტორი ვინმე . შარაშენიძე (წერილი ქართულიდან არის რუსულად ნათარგმნი) მეგობარს სწერს `ინტელიგენტ თათართან~ საუბრის შინაარსს: `მე მასთან საუბარმა გამაოცა. იგი ამბობდა _ რუსები დაუფიქრებლად მიიყვანენ რუსეთის იმპერიას დაღუპვისაკენ. როცა რუსული გაზეთები ქართველებს აქებდნენ, რადგან მართლმადიდებლები არიან და აქეზებდნენ სომხების წინააღმდეგ, ჩვენ მოლოდინში ვიყავით და ვაკვირდებოდით. როდესაც რუსებმა ეს ვერ შეძლეს, მაშინ თათრები მიგვისიეს სომხებზე, დაიწყო სისხლისმღვრელი შეტაკებები. შემდეგ რუსებმა ახალი ხერხი იხმარეს. დაადანაშაულეს ქართველები სეპარატიზმში და დაიწყეს სადამსჯელო ექსპედიციების გაგზავნა, ქართველი მოსახლეობის დარბევები. ახლა კი გაიძახიან `რუსეთი რუსებისათვის~. ჩვენც თვალი აგვეხილა _ რუსებისთვის ზედმეტები ვართ, მათ მხოლოდ ჩვენი მხარე სჭირდებათ. ამიტომ, ჩვენ, კაზაკები, პოლონელები და ფინელები უნდა გავერთიანდეთ მათ წინააღმდეგ~ (271).

          ვერაფერს იტყვი, წერილში კარგად არის გადმოცემული (1907 წელი) რუსეთის იმპერიის პოლიტიკური პოლიციის ტაქტიკა ეროვნულ-განმათავისუფ-ლებელი და რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ ამიერკავკასიაში, რომელსაც დღესაც, ჩვენს მიერ გავლილი ბოლო ათწლეულის განმავლობაში კარგი ანალოგები მოეძებნება.

          დოკუმენტაციის, კორესპონდენციის ავტორების გამოსარკვევად, ექსპერტიზის ჩატარებისათვის პოლიტიკურ პოლიციის ადგილობრივ ორგანოებს სპეციალისტები არ ჰყავდათ. ისინი ამ მიზნით  იყენებდნენ სუფთა წერის, ხაზვის მასწავლებლებს და  შესაბამისად აძლევდნენ სათანადო ანაზღაურებას (272).

     XIX საუკუნის ბოლოს ევროპაში პიროვნების იდენტიფიკაციის ორი მეცნიერული სისტემა: ანთროპომეტრია და დაქტილოსკოპია ებრძოდა ერთმანეთს. რუსეთის იმპერიაში 1890 წელს საერთო და პოლიტიკური პოლიციის საჭიროებისათვის შემოღებული იქნა ალფონს ბერტილიონის მიერ შექმნილი ანთროპომეტრია. შეიქმნა პოლიციის დეპარტამენტში ანთროპომეტრული განყოფილება. 1903 წელს ბერტილიონის მიერ შემუშავებული პიროვნების ვინაობის დასადგენი სპეციალური პროგრამა დაეგზავნა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებს. მასში მითითებულია, რომ არ იყო საჭირო ეჭვმიტანილების გაშიშვლება, რადგან პროგ-რამის მიხედვით სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით  იზომებოდა მხოლოდ ადამიანის  შემდეგი მონაცემები: სიმაღლე მჯდომარე და მდგომარე პოზაში, თავის ქალის სიგრძე, სიგანე, თმის ფერი, მარცხენა ხელის საშუალო თითის და ნეკის სიგრძე, მარცხენა თვალის ფერი და ასე შემდეგ (273). ეს ითხოვდა დიდ დროს და გაზომვების პროცესში ადვილი იყო შეცდომების დაშვება. აღნიშნული სისტემა აგებული იყო პრინციპზე, რომ  ადამიანის სხეულის გარკვეული ნაწილები დროთა განმავლობაში არ განიცდიან დეფორმაციას, რაც  ცხადია სიმართლეს არ შეესაბამება.

          `დაქტილოსკოპია~ _ თითებიდან ანაბეჭდების აღება კი,  როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის იმპერიაში პირველად შემოიღო მოსკოვის `ოხრანკის~ უფროსმა . ზუბატოვმა 1890-იანი წლების მეორე ნახევარში და დაიწყო მისი ფართოდ დანერგვა 1902-1903 წლებიდან. ზუბატოვის სამსახურიდან წასვლის შემდეგ ამ სისტემის დანერგვა შეჩერდა გარკვეული ხნით და მხოლოდ 1905-1907 წლების რევოლუციის დროს დამნაშავეთა რიცხვის კატასტროფულმა ზრდამ აიძულა პოლიციის დეპარტამენტი გაეგრძელებინა `დაქტილოსკოპიის~ დანერგვა ძალოვან სტრუქტურებში.

     დამნაშავეების და ეჭვმიტანილების ფოტოგრაფირება რუსეთში დაიწყო 1870 წლებიდან. ამ პირებს ჟანდარმერიის საგუბერნიო სამმართველოებში პროფილში და ანფასში 12 სურათს უღებდნენ. 5 იგზავნებოდა პოლიციის დეპარტამენტში. 1903 წლიდან პატიმრებს 6 ფოტოს უღებდნენ და მათგან ორ ცალს გზავნიდნენ ცენტრში (274). განყოფილებაში ფოტოსურათები ეკვრებოდა სპეციალურ ბლანკებს: ერთი პროფილში, ერთი ანფასში, ერთიც მთელი ტანით გადაღებული. თუ ატარებდა სათვალეს, სათვალით და ასე შემდეგ. ბლანკის მეორე მხარეს აღნიშნული იყო პიროვნების გვარი, სახელი, თმის ფერი, წვერისა და ულვაშის სიგრძე, ყურის მოყვანილობა, სიარულის მანერა, განსაკუთრებული ნიშნები და სხვა (275).

         აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ დანაშაულში ყველა ეჭვმიტანილის, ან დაპატიმრებულის ფოტოგრაფირება 1905-1907 წლებშიც ვერ ხერხდებოდა. რევოლუციონერ . ცინცაძის მოგონებაში ვკითხულობთ: `ეტაპში ვინც უნდა წასულიყო, ავად გავხადეთ და საავადმყოფოში დავაწვინეთ. როცა გამოიძახეს მისი გვარი, გავიდა ამბაკო სამანიშვილი. სურათებს ქუთაისში არ იღებდნენ მაშინ. ადმინისტრაცია არ იცნობდა და მოტყუვდა~ (276). `ოხრანკის~ განყოფილებებში ხვდებოდა სხვა გზით მოპოვებული ფოტოებიც, რომლებსაც პოლიტიკურ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ახლობლებიდან, მოსამსახურეებიდან მოიპოვებდნენ, ყიდულობდნენ.     

 

 

No comments:

Post a Comment