პოლიტიკური (საიდუმლო) პოლიცია და რევოლუციონერები საქართველოში 1894-1908 წლებში
(აგენტურის გამოყენების მეთოდები და ხერხები ტერორის წინააღმდეგ)
2003 წელი
ნაწილი პირველი
შესავალი
მეოცე საუკუნის პირველი ათწლეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებით. ეროვნული თვითგამორკვევის, სოციალური სამართლიანობის ლოზუნგებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, სულ მალე დაიწყეს ფიზიკური ანგარიშსწორებები მოწინააღმდეგე ჯგუფებთან, არსებული სისტემის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ისარგებლეს რა ხელისუფლების სისუსტით, ზოგიერთ ქვეყანაში რევოლუციონერების მიერ მოწყობილი შეთქმულებები, აჯანყებები, ცალკეული ტერორისტული აქტები, გადაიზარდა მოსახლეობის მასობრივ გამოსვლებში, რევოლუციებში. ყველაზე მეტად ეს პროცესი საგრძნობი გახდა რუსეთში, სადაც 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომმა, ცარიზმის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებს დაანახა იმპერიის სისუსტე. მათ მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან მიტინგებს, დემონსტრაციებს, გაფიცვებს, მოჰყვა ხელისუფლების მცდელობა, შესაბამისი გამოცდილების და საშუალებების უქონლობის გამო ჩაეხშო მასობრივი გამოსვლები ძალისმიერი მეთოდებით. 1905 წლის 9 იანვრის ტრაგედია კარგად გამოიყენეს რევოლუციონერებმა და ტოტალური პროპაგანდის მეშვეობით შეძლეს მოსახლეობის ეგზალტაცია _ დაიწყო რევოლუცია.
1905-1907 წლების რუსეთის პირველი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია სამი წელი გრძელდებოდა. მოიცვა იმპერიის მთელი ტერიტორია 160 მილიონიანი მოსახლეობით. რევოლუციური ბრძოლის უკიდურესმა გამოვლინებებმა _ შეიარაღებულმა აჯანყებებმა, ტერორმა, აპოგეას მიაღწია იმპერიის ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ მხარეებში. თავის მხრივ, ხელისუფლებამ საშინელი სისასტიკით ჩაახშო რევოლუციური გამოსვლები პოლონეთში, ფინეთში და განსაკუთრებით კავკასიაში.
1905-1907 წლების პერიოდი რევოლუციური პარტიებისათვის იქცა გენერალურ რეპეტიციად ცარიზმის დამხობისათვის ბრძოლაში. სხვადასხვა ჯურის პარტიებმა განავითარეს რა ევროპული ქვეყნების რევოლუციონერთა გამოცდილება
(განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის 80-90-იან წლებში მოქმედი ფრანგი ანარქისტების),
პრაქტიკაში შეამოწმეს და დახვეწეს რევოლუციური ბრძოლის მეთოდები და ხერხები. კერძოდ, ტერორის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. იტალიელი და ფრანგი ანარქისტების მიერ გამოყენებული ინდივიდუალური ტერორის განვითარებად
1905-1907 წლებში,
იქცა ტერორის განხორციელება პარტიზანული რაზმების მეშვეობით, რომელსაც საქართველოში ეწეოდნენ ე.წ. წითელი რაზმები. სწორედ ამ პერიოდში მიეცა „საბოლოო სახე“ ტერორისტული ორგანიზაციის სტრუქტურის შექმნის, ახალი წევრების გადაბირების, ტერორისტთა ფსიქოლოგიური მომზადების, ტერორის წარმოების მეთოდების, ხერხების ზოგად პრინციპებს.
რევოლუციური პარტიების მიერ გამოყენებული ტერორისტული ტაქტიკის წინააღმდეგ რუსეთის პოლიტიკურმა პოლიციამ თავის მხრივ ისარგებლა საფრანგეთის პოლიციის გამოცდილებით. ეს უკანასკნელი ფართოდ იყენებდა რევოლუციურ წრეებში აგენტურის შეგზავნის მეთოდს. რუსეთის პოლიტიკურმა პოლიციამ განავითარა აგენტურის გამოყენების მეთოდიკა, დახვეწა წინამორბედებისგან გამოყენებული - 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში შეიმუშავა და განავითარა აგენტურის გამოყენების საკმაოდ დახვეწილი სტრატეგია და ტაქტიკა. დიდი წვლილი შეიტანა რევოლუციური მოძრაობის ჩახშობის საქმეში იმით, რომ შეძლო აგენტურის მეშვეობით, განსაკუთრებით რევოლუციის დამამთავრებელ ეტაპზე, პოლიტიკური პარტიების მართვა.
კვლევაში ასახული პოლიტიკური პროცესების მართვის ტექნიკა, ცარიზმის პოლიტიკური პოლიციის მეთოდები და ხერხები რჩება დღევანდელი რუსეთის სპეცსამსახურების შეიარაღებაში.
ჟურნალ-გაზეთებში აქა-იქ გაიელვებს ხოლმე ფსბ-ს თუ გრუ-ს იმ ოფიცრების გვარები, ვინც აქეზებდნენ, ხელს უწყობდნენ სეპარატისტულ რეჟიმებს გამარჯვებაში, კავშირები ჰქონდათ ჩვენში მოქმედ პარტიებთან. გასაკვირი არაა, დღეს საქართველოში, პარტიებს შორის ურთიერთობების დაძაბვა, თვითონ პარტიებს შიგნით არსებული განხეთქილებები, პოლიტიკურ მოღვაწეთა მკვლელობები, ქართულ შეიარაღებულ ძალებში დაწყებული მღელვარებები, ამბოხებები, ხშირ შემთხვევაში საეჭვოდ ემთხვევა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიებს.
ჩვენ, ხომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ვართ, ორი უდიდესი ზესახელმწიფოს ამერიკის და რუსეთის ინტერესთა თანხვედრის გზაჯვარედინზე. დღევანდელი რუსეთი კი, არის რა ბუნებრივი მემკვიდრე საბჭოთა და ასევე ცარიზმის რუსეთის, მისი ინტერესებიც საქართველოს მიმართ კვლავინდებურად ძველია. რუსეთს აწყობს არა ძლიერი, არამედ სუსტი, მართვადი საქართველო და ამ მიზნით იყენებს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ბერკეტებს. ცხადია, რუსეთის სპეცსამსახურებიც საკმაოდ აქტიურად მუშაობენ, ჩვენში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მართვის სადავეების ხელში ჩაგდების მიზნით. საქართველოს უკანასკნელი ათწლეულის ისტორია _ უბრალო თვალისთვისაც კი შესამჩნევი, გარკვეული ძალების მიერ გარედან მართული პროცესები, მოწინააღმდეგე კლანების და პარტიების მიერ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, საზოგადოების დასაშინებლად გამოყენებული ტერორისტული აქტები _ მიუთითებს ჩვენს მიერ გამოკვლეული საკითხის აქტუალურობაზე. მით უმეტეს, რომ დღეს არსებული ცხელი წერტილები _ აფხაზეთი, სამაჩაბლო, პანკისის ხეობა, სადაც თავმოყრილია დიდი რაოდენობით უკონტროლო იარაღი, შეიარაღებული პირები, ასეთი საფრთხის გაძლიერების ნოყიერი ნიადაგია.
ჩვენი ნაშრომი, რომელიც შეიცავს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს, შეიძლება გამოყენებულ იქნას უმაღლესი სასწავლებლების სალექციო კურსის, სასემინარო მასალების თუ სპეცკურსების მოსამზადებლად, საქართველოს ისტორიის შესაბამისი პერიოდის გასაშუქებლად. იგი დაეხმარება საკითხით დაინტერესებულ სპეციალისტებს.
თავი I
პოლიტიკური პოლიციის ორგანოების წარმოშობა რუსეთის იმპერიაში
ცარიზმის პოლიტიკური (საიდუმლო) პოლიციის ისტორია იწყება 1826 წელს, იმპერატორის კანცელარიის მესამე განყოფილების ჩამოყალიბებით. მასზე, როგორც სახელმწიფო და პოლიტიკურ დანაშაულზე ძიების და ანგარიშსწორების ორგანოზე დაკისრებული მოვალეობები გაყოფილი იყო ხუთ ექსპედიციად (განყოფილებად).
დროთა განმავლობაში ისინი გადანაწილდა და 1870-იანი წლებისთვის:
·
I ექსპედიცია აწარმოებდა საქმეებს, რომლებიც ეხებოდა მეფის და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფას;
·
II ექსპედიცია განაგებდა მესამე განყოფილების შტატში მიღებას, ასევე აგროვებდა ცნობებს რელიგიურ სექტებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკურ საზოგადოებებზე, მოკლედ იმ ორგანიზაციებზე და საქმეებზე, რომელთაც პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონდათ;
·
III ექსპედიცია ხელმძღვანელობდა დამსჯელ ღონისძიებებს მზარდი ოპოზიციური, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ასევე გლეხობის ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების წინააღმდეგ; იძლეოდა განკარგულებებს პოლიტიკური დამნაშავეების დასასჯელად და სასჯელის ამა თუ იმ ზომის განსაზღვრის შესახებ. კრებდა მასალას ადგილებიდან გუბერნიებში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე, რის მიხედვითაც შემდგომ ადგენდა მოხსენებებს იმპერიის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ იმპერატორისადმი წარსადგენად;
·
IV ექსპედიცია აგროვებდა ცნობებს მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობაზე, აღრიცხავდა ქალაქებში ეკონომიური ხასიათის დანაშაულს, ქურდობებს, მკვლელობებს, ხანძრებს. ამასთან კრებდა მაკომპრომიტირებელ მასალას ადგილობრივი ადმინისტრაციის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებზე;
·
V ექსპედიცია 1865 წლამდე განაგებდა ცენზურას. ამ წელს მისი საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბეჭვდითი საქმეების მთავარ სამმართველოს, თუმცა მალე მესამე განყოფილებაში შეიქმნა ე.წ. საგაზეთო ნაწილი, რომელიც პრესაზე მეთვალყურეობასთან ერთად ეწეოდა „პატრიოტული“ ლიტერატურის გამოცემას.
ამრიგად, იმპერატორის კანცელარიის მესამე განყოფილება თავის თავში აერთიანებდა იმპერიის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ასე თუ ისე მთლიან ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ მესამე განყოფილების ჩინოვნიკებს ხშირად საიდუმლოდ გზავნიდნენ გუბერნიებში რევიზიების ჩასატარებლად. სათანადო მასალა გუბერნიის ჩინოვნიკების დანაშაულებებზე, გუბერნიის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე ივსებოდა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებიდან მიღებული ინფორმაციით და მოხსენებების სახით ეგზავნებოდა უმაღლეს ხელისუფალს — იმპერატორს.
1827 წელს მესამე განყოფილების აღმასრულებელ ორგანოდ შეიქმნა ჟანდარმთა ცალკე კორპუსი. იგი წარმოადგენდა სამხედრო ჩინების გაერთიანებას. მას გააჩნდა სამმართველო (კორპუსის შტაბი). 1866 წლისთვის იმპერიის მთელი ტერიტორია რვა საჟანდარმო ოლქად იყო დაყოფილი — პეტერბურგის, მოსკოვის, ვარშავის, ვილენსკის, ოდესის, კავკასიის, ყაზანის და ციმბირის.
ჟანდარმთა კორპუსში შედიოდა ასევე ლეიბ-გვარდიის ჟანდარმთა ნახევრად ესკადრონი, ნახევრად ესკადრონი ვარშავის სამხედრო ოლქის შტაბთან და სამი საჟანდარმო კომანდა სამხედრო ოლქების შტაბებთან, რომლებიც ასრულებდნენ სამხედრო პოლიციის ფუნქციებს გვარდიაში და არმიაში, როგორც მშვიდობიანობის, ასევე ომის დროს. 1866 წლიდან ჟანდარმთა კორპუსის განმგებლობაში გადავიდა პოლიციის სამმართველო რკინიგზის მთავარ მაგისტრალებზე. ორი საჟანდარმო ოლქი — ვარშავის და კავკასიის — იმყოფებოდა განსაკუთრებულ მდგომარეობაში. მათი მეთაური გენერლები 1867 წლამდე ემორჩილებოდნენ ადგილობრივ მეფისნაცვალებს.
1860-იანი წლების დასაწყისში ბატონყმობის გაუქმებასთან ერთად იმპერიაში ძველი სისტემის მსხვრევას მოყვა პოლიტიკური და სოციალური მოძრაობების გაძლიერება. ჟანდარმერიის ძველი ქსელი გაერთიანებულ დიდ ოლქებში მოქნილი და შედეგიანი არ აღმოჩნდა. 1867 წლის 9 სექტემბერს მიღებულ იქნა ჟანდარმთა კორპუსის ახალი დებულება (1). დებულებით გუბერნიებში შეიქმნა საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოები. ისინი ერთ ან რამდენიმე გუბერნიას აერთიანებდა. საოლქო სისტემა შენარჩუნებულ იქნა იმპერიის განაპირა მხარეებში, კერძოდ, კავკასიაში. კავკასიის საჟანდარმო ოლქი მეფისნაცვალის დაქვემდებარებიდან გამოვიდა და დაუმორჩილდა ჟანდარმთა კორპუსს.
1870-იანი წლებისთვის კავკასიაში მოქმედი მმართველობითი სისტემა ნელ-ნელა დაუახლოვდა რუსეთის იმპერიის ცენტრალურ ტერიტორიებზე არსებულს. ამიერკავკასია გაიყო ხუთ გუბერნიად, გუბერნიები — მაზრებად. შედეგად გაუქმდა კავკასიის საჟანდარმო ოლქი და 1870 წელს ჩამოყალიბდა საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოები, მათ შორის თბილისის და ქუთაისის.
ცვლილება განიცადა ჟანდარმთა კორპუსის სახელმაც. 1874 წლიდან ეწოდა ჟანდარმთა ცალკე კორპუსი. ოფიცრებად ძირითადად იღებდნენ სამხედრო პირებს, სამოქალაქოებს — გამონაკლის შემთხვევებში. ჟანდარმთა ცალკე კორპუსში სამსახურის დასაწყებად უმთავრესი კრიტერიუმი იყო პოლიტიკური საიმედოობა. უმცროს სამხედრო ჩინებს იღებდნენ საგამოცდო ვადით 2-დან 4 თვემდე. ამ ხნის განმავლობაში მოწმდებოდა მათი ცოდნა, გონებრივი მონაცემები, მორალური თვისებები საჟანდარმო საქმიანობისათვის. ყურადღება ექცეოდა ფიზიკურ მონაცემებსაც. კერძოდ, მისაღები კანდიდატები უნდა ყოფილიყვნენ წარმოსადეგი გარეგნობის, ფიზიკურად ძლიერი. არ იღებდნენ 25 წლამდე ახალგაზრდებს. აკრძალული იყო გარკვეული სოციალური ფენების და ეროვნებების — ებრაელების, კათოლიკური სარწმუნოების ან კათოლიკეებზე დაქორწინებულების მიღება.
ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს აპარატს ხელმძღვანელობდა წოდებით გენერალი ან პოლკოვნიკი. აპარატი იყოფოდა რამდენიმე განყოფილებად, რომელსაც ტერიტორიული ხასიათი ჰქონდა. ერთი განყოფილება სათავეში ერთი შტაბს-ოფიცრით განაგებდა გუბერნიის ერთ ან რამდენიმე მაზრას. საგუბერნიო სამმართველოს გააჩნდა კანცელარია. იგი იყოფოდა რამდენიმე ნაწილად — საერთო ხელმძღვანელობის, ძიების, ძებნის, პოლიტიკური კეთილსაიმედოობის და სახაზინო-სამეურნეო განყოფილებებად.
საგუბერნიო სამმართველოს გენერლების და შტაბს-ოფიცრების ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებოდნენ ჟანდარმერიის დაბალი ჩინის უმცროსი ოფიცრები (უნტერ-ოფიცრები). მათ მოყავდათ სისრულეში კანონები და სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი; გზავნიდნენ ქურდების, ყაჩაღების სადევნელად, აკრძალული თავყრილობების გასაფანტავად, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების და დაპატიმრებულების ეტაპირებისათვის. ისინი ციხეებში დარაჯობდნენ პოლიტიკურ ტუსაღებს. ახორციელებდნენ ზედამხედველობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე — საეკლესიო დღესასწაულებზე, ბაზრობებზე, სახალხო სეირნობებზე, თეატრალურ წარმოდგენებზე და სხვ.
1867 წელი, რომლის დროსაც მოხდა გარდამტეხი ცვლილებები ჟანდარმთა კორპუსის ორგანიზაციულ აგებულებაში, მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მიღებულ იქნა ჟანდარმერიის ოფიცრების საქმიანობის დამარეგულირებელი ორი ახალი ინსტრუქცია — ერთი ოფიციალური და მეორე საიდუმლო (2). მათ მცირეოდენი სახეცვლილებით იარსებეს 1917 წლამდე.
ოფიციალური ინსტრუქციით ჟანდარმთა ცალკე კორპუსი დაარსდა იმ მიზნით, რომ დაეცვა სახელმწიფოში მცხოვრები ყველა მოსახლის სიმშვიდე და კეთილდღეობა ქონებრივი მდგომარეობის, წარმოშობის და ეროვნების განურჩევლად. ჟანდარმთა ცალკე კორპუსის ოფიცრებს უნდა გაეწიათ მეთვალყურეობა, რომ არ მომხდარიყო არეულობები და სხვა სახის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები. სხვადასხვა სახის პოლიტიკური თუ კრიმინალური დანაშაული უნდა აღმოეფხვრათ პირადი გავლენით. ოფიცრებს ინსტრუქციით სასტიკად ჰქონდათ აკრძალული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და კერძო პირების საქმიანობაში ჩარევა.
საიდუმლო ინსტრუქციით კი სასტიკი საიდუმლოების დაცვით უნდა ეწარმოებინათ მეთვალყურეობა იმპერიის მთელ მოსახლეობაზე და ცალკეულ ფენებზე, სხვადასხვა რელიგიური მიმართულებების, პოლიტიკური იდეების გავრცელებაზე, სასამართლო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზე, დაეპატიმრებინათ მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში მონაწილეები. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ორი ინსტრუქცია წარმოადგენდა ურთიერთგამომრიცხავ დოკუმენტებს. იმ ხანად კავკასიის მეფისნაცვალის კანცელარიის უფროსი ბარონი ა.პ. ნიკოლაი აღშფოთებული წერდა:
„ჟანდარმერიის ოფიცრებისათვის განკუთვნილი ინსტრუქცია მათ აქცევს ყველა პირის მოსამართლედ და განმკარგულებლად, აძლევს უფლებას ჩაერივნენ ყველაფერში. როცა კითხულობ ოფიციალურ ინსტრუქციას, რომ ჟანდარმებს უფლება არ აქვთ ჩაერივნენ სასამართლოს საქმეებში და საიდუმლოში წერია მათ ამისი უფლება აქვთ, ხოლო ორივე ინსტრუქცია დამტკიცებულია უმაღლესი ხელისუფლების მიერ, იფიქრებ რუსეთი არის ბედნიერი მედროვის ხელში“ (3).
ბედნიერ მედროვედ იგულისხმებოდა იმ დროს ჟანდარმთა შეფი და მესამე განყოფილების უფროსი მეზენცევი.
1870-იან წლებამდე ჟანდარმერიას ფაქტობრივად ევალებოდა დამბეზღებლის, მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შემტყობინებლის როლი. 1871 წლის 19 მაისს მიღებულ იქნა კანონი „დანაშაულის ძიებისას ჟანდარმთა კორპუსის ჩინების მოქმედების წესის შესახებ“. ეს კანონი ერთის მხრივ აძლევდა უფლებას სასამართლო ორგანოებს ეწარმოებინათ ზედამხედველობა „სახელმწიფო დანაშაულზე“ ძიების წარმოებისას, რომელსაც უშუალოდ ჟანდარმერიის ჩინები იწყებდნენ, მაგრამ სინამდვილეში სასამართლო ორგანოების და კერძოდ პროკურატურის ზედამხედველობა გადაქცეული იყო ჟანდარმერიაზე ფიქტიურ კონტროლად, რადგან პროკურატურას გააჩნდა მხოლოდ უფლება საჩივარი წარედგინა ჟანდარმების არასწორ მოქმედებაზე ჟანდარმების ხელმძღვანელობისათვის. ამიტომ, ჟანდარმერიის ჩინები ფაქტობრივად თავისუფალი იყვნენ ზედამხედველობისაგან პოლიტიკური დანაშაულის აღმოჩენის და ძიების პროცესის დროს.
პოლიტიკური დანაშაულის აღმოსაჩენად ჟანდარმერია იმ პერიოდში იყენებდა საიდუმლო ზედამხედველობის დაწესების პრაქტიკას პოლიტიკურად „არაკეთილსაიმედო“ პირებზე. მათთან ერთად ამგვარ ზედამხედველობას აწარმოებდნენ საერთო პოლიციის ადგილობრივი ორგანოებიც. ისინი პერიოდულად გზავნიდნენ მესამე განყოფილებაში ანგარიშს იმ პირთა ცხოვრების წესის, საქმიანობის შესახებ, ვისზეც ზედამხედველობა იყო დაწესებული. ასეთი მეთოდი გამოიყენებოდა იმ ადამიანებზე მეთვალყურეობისათვის, ვისაც არ დაუმტკიცდა დანაშაული, მაგრამ იყო ეჭვმიტანილი. ძიების დროს შეგროვებული მასალა, თუკი შეიცავდა მნიშვნელოვან ფაქტებს მოქალაქის დანაშაულებრივ საქმიანობაზე, იგზავნებოდა პროკურორთან, რომელიც თავის მხრივ გზავნიდა იუსტიციის მინისტრის სახელზე შეტყობინებას. ეს უკანასკნელი ჟანდარმთა კორპუსის შეფთან მოლაპარაკების შემდეგ იძლეოდა განკარგულებას ძიების შეწყვეტის, ან გაგრძელების შესახებ, რის შემდეგ დამნაშავეს ან ასახლებდნენ ადმინისტრაციული წესით შორეულ გუბერნიაში საიდუმლო თუ ოფიციალური ზედამხედველობის ქვეშ, ან აპატიმრებდნენ და გზავნიდნენ ციხეში, კატორღაში, სახრჩობელაზე.
1860-1870 წლებში ჟანდარმერიის საქმიანობაში ჩნდება პოლიტიკური ძებნის ელემენტები. პოლიტიკური პოლიციის მხედველობის არეში მოხვედრილ პირზე, ან პირთა ჯგუფზე იწყება ე.წ. „შინაგანი მეთვალყურეობის“ დაწესება ამ უკანასკნელებთან დაახლოებული ადამიანების გამოკითხვით, გადმობირებით, რისთვისაც მათ უწევდნენ გარკვეული სახის სამსახურს, ანდა აშინებდნენ. ამ ადამიანებს, თუკი ისინიც იღებდნენ მონაწილეობას მთავრობის საწინააღმდეგო საქმიანობაში, დანაშაულის გახსნის შემდეგ არ სჯიდნენ. ამ წლებშივე დაიწყეს გამოყენება ე.წ. „გარეგანი მეთვალყურეობის“, რომელსაც აწარმოებდნენ ჟანდარმერიის დაბალი ჩინები — უნტერ-ოფიცრები. ისინი მეთვალყურეობდნენ, უთვალთვალებდნენ, დაყვებოდნენ ფეხდაფეხ ჟანდარმერიის მხედველობის არეში მოქცეულ მოქალაქეებს. მაგრამ პოლიტიკური ძებნა რუსეთის იმპერიაში ამ ხანებში ჯერ კიდევ ჩანასახში იმყოფებოდა. პოლიტიკურ პოლიციას „საიდუმლო თანამშრომლები“ — აგენტები ძალიან მცირე რაოდენობით ყავდა და ისინი თავმოყრილი იყვნენ მესამე განყოფილებაში, იმპერიის პოლიტიკური პოლიციის ცენტრალურ ორგანოში.
1870-იანი წლების ბოლოს გამომჟღავნდა მესამე განყოფილების და ჟანდარმერიის უუნარობა მზარდი რევოლუციური და საზოგადოებრივი მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა იმპერიის ცენტრში. „ნაროდნაია ვოლიას“ ტერორისტული აქტებით დაბნეული და დაშინებული პოლიტიკური პოლიცია მთელი ძალღონით მუშაობდა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. მოხდა მთელი რიგი თავდასხმები სახელმწიფო მოხელეებზე და პოლიტიკური პოლიციის ჩინებზე — თვით ჟანდარმთა შეფი მეზენცევი მოკლულ იქნა რევოლუციონერ კრავჩინსკის მიერ. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკური პოლიციის გარდა ძიებას აწარმოებდნენ საერთო პოლიციის ჩინები. მართალია, სასამართლო, პროკურატურა, სახალხო განათლების სისტემა და ცენზურა თავის მხრივ მუშაობდა მთავრობის საწინააღმდეგო, საზოგადოებრივი და ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ, მაგრამ ისინი საერთო დაბნეულობას და ქაოსს უფრო უწყობდნენ ხელს.
პოლიტიკური პოლიციის ხელმძღვანელობის აზრით ხალხის ჭკუა-გონების მომწავლელი ბაცილა რუსეთში ვრცელდებოდა უცხოეთში მოგზაურობით, უცხოური წიგნების შემოტანით და იქ განათლების მიღებით. 1873 წლის 12 და 26 ნოემბერს მესამე განყოფილებამ სპეციალური ცირკულარებით ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებს დაავალა ფხიზელი მეთვალყურეობა გაეწია პედაგოგიურ სასწავლებლებში სწავლების პროცესის მიმდინარეობაზე (4). ამ მიზნით უნდა შეეგროვებინათ მონაცემები სახალხო სასწავლებლებში და სოფლის სკოლებში მომუშავე მასწავლებლების ვინაობის შესახებ, დაედგინათ მათი კეთილსაიმედოობა. ის ინფორმაცია, რისი შეგროვებაც ოფიციალურად შეიძლებოდა, გროვდებოდა, მაგრამ იატაკქვეშ მომუშავე რევოლუციონერების საქმიანობაში გარკვევა, პოლიტიკური პოლიციის მთლიანი აპარატის ძალღონის დაძაბვის მიუხედავად, თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა.
რევოლუციური ორგანიზაციების საიდუმლო საქმიანობის კურსში ყოფნის მიზნით რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ სცადა ცალკეული დაწესებულებების საქმიანობის გაერთიანება. სახელმწიფოს ქონების მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა „განსაკუთრებული სათათბირო რუსეთის იმპერიაში სიმშვიდისა და უშიშროების უკეთ დაცვის ზომების მოსაძიებლად“. სათათბიროში შევიდნენ ჟანდარმთა კორპუსის შეფი, შინაგან საქმეთა, იუსტიციის და სამხედრო მინისტრები. ამ ორგანომ შეიმუშავა ფართო პროგრამა საერთო და პოლიტიკური პოლიციის აპარატის გაძლიერების, ასევე პრესაზე, უნივერსიტეტებზე, სკოლებზე ზედამხედველობის გაზრდის მიზნით, მაგრამ შედეგი კვლავ არ ჩანდა.
1880 წლის 5 თებერვალს მოხდა აფეთქება ზამთრის სასახლეში. ხელისუფლებამ სასწრაფოდ შექმნა ე.წ. „უმაღლესი განმკარგულებელი კომისია სახელმწიფო წესრიგის და საზოგადოებრივი სიმშვიდის დაცვის მიზნით“ გენერალ ლორის-მელიქოვით სათავეში. მას დროებით დაუმორჩილდა მესამე განყოფილება და ჟანდარმთა ცალკე კორპუსი. იმპერიის ცენტრში აღძრულ პოლიტიკურ დანაშაულზე წარმოებული ყველა საქმე და მთელ ტერიტორიაზე წარმოებული პოლიტიკური საქმეების ძიება მოექცა ზემოაღნიშნული კომისიის ხელში.
1880 წლის 6 აგვისტოს კი შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სახელმწიფო პოლიციის დეპარტამენტი. დაიხურა „უმაღლესი განმკარგულებელი კომისია“. მისი საქმეები, მესამე განყოფილების საქმეებთან ერთად, გადავიდა პოლიციის დეპარტამენტის ხელში. პოლიციის დეპარტამენტს დაუქვემდებარდა საერთო პოლიციაც, რითაც ფაქტობრივად დასრულდა პოლიციის დეპარტამენტის ჩამოყალიბება. პოლიციის დეპარტამენტის როლი პოლიტიკური ძიების საქმეში გაიზარდა 1882 წელს, როცა მის ხელმძღვანელად დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის ის მოადგილე, რომელიც ამავე დროს იყო ჟანდარმთა ცალკე კორპუსის მეთაური. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა ასევე ჟანდარმთა ცალკე კორპუსის აპარატიც. ასე დამთავრდა პოლიტიკური ძიების ორგანოების დაახლოება საერთო პოლიციასთან.
პოლიციის დეპარტამენტში გარკვეული ცვლილებების შემდეგ XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა შემდეგი განყოფილებები:
·
I
— პირადი
შემადგენლობის;
·
II
— პოლიციის
დაცვის
(„სტრაჟა“),
დეპარტამენტის
დადგენილებები,
ბრძანებები;
·
III
— ფულადი;
·
IV
— საზოგადოებრივი
მოძრაობები;
·
V
— ადმინისტრაციული
გასახლება;
·
VI
— განსაკუთრებული
(პოლიტიკური)
განყოფილება;
·
VII
— კანონპროექტები;
·
VIII
— სისხლის
სამართლის
დანაშაულებები;
·
IX
— ომთან
დაკავშირებული
საქმეები,
რეგისტრაციის
განყოფილება,
სახაზინო
ნაწილი
(5).
უშუალოდ პოლიტიკურ ძიებას და ძებნას აწარმოებდა 1898 წელს ჩამოყალიბებული პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებული განყოფილება (6). განსაკუთრებული განყოფილება იყოფოდა თავის მხრივ ცალკე განყოფილებებად:
·
I
— საერთო
ხასიათის
მიმოწერა;
·
II
— სოციალისტ-რევოლუციონერები;
·
III
— სოციალ-დემოკრატები;
·
IV
— იმპერიაში
შემავალ
მხარეებში
არსებული
ეროვნული
რევოლუციური
ორგანიზაციები;
·
V
— შიფრების
გარჩევა;
·
VI
— პოლიტიკური
ძიების
(რომელიც
შემდეგ
შეურთდა
V განყოფილებას);
·
VII
— ცნობები
მოქალაქეების
კეთილსაიმედოობის
შესახებ
(ყოფილი
VI განყოფილება).
ამასთან ერთად არსებობდა სპეციალური ე.წ. „სასტიკად საიდუმლო განყოფილება“, რომელშიც თავს იყრიდა ჟანდარმერიის და „ოხრანკის“ განყოფილებიდან საიდუმლო თანამშრომლებზე შემოსული ცნობები (7).
პოლიციის დეპარტამენტის „განსაკუთრებული განყოფილების“ შტატი დაკომპლექტებული იყო განათლებული, პოლიტიკური ძებნის საქმეში გამოცდილი და ადრე სასამართლო სფეროში მომუშავე პირებით. ამ უკანასკნელების მოზიდვით პოლიციის დეპარტამენტი ცდილობდა გაეუმჯობესებინა პოლიტიკური ძიების სამართლებრივი მხარე. პოლიციის დეპარტამენტის დირექტორებმა პლევემ და დურნოვომ „განსაკუთრებულ განყოფილებაში“ თავი მოუყარეს პროკურატურის ყოფილ მუშაკებთან ერთად უმაღლესი განათლების მქონე ინტელიგენტებს, პროფესორებს, რომლებსაც იყენებდნენ საიდუმლო წერილების გაშიფვრაში (8).
ამ ადამიანებთან ერთად განსაკუთრებულ განყოფილებაში მუშაობდნენ უმაღლესი განათლების არმქონე, მაგრამ პოლიტიკური ძიების და ძებნის საქმეში პრაქტიკულად გამოცდილი პირები. ყოფილი საიდუმლო თანამშრომლები — აგენტები, ანებებდნენ რა თავს სამსახურს გამჟღავნების („ჩავარდნის“), ანდა სხვა მიზეზების გამო, „საქმის“ ცოდნიდან გამომდინარე მუშაობას მაინც აგრძელებდნენ პოლიციის დეპარტამენტში, სადაც იკავებდნენ კიდეც მაღალ თანამდებობებს.
მაგალითად, პ. რაჩკოვსკი (პოლიციის დეპარტამენტის „განსაკუთრებული განყოფილების“ უფროსი 1905-1906 წლებში), ს. ზუბატოვი (პოლიციის დეპარტამენტის „განსაკუთრებული განყოფილების“ უფროსი 1902-1903 წლებში), ა. გერასიმოვი (პეტროგრადის „ოხრანკის“ განყოფილების უფროსი 1906-1909 წლებში), გუროვიჩი (პოლიციის დეპარტამენტის „განსაკუთრებული განყოფილების“ ჩინოვნიკი 1902-1907 წლებში) ახალგაზრდობისას რევოლუციურ ორგანიზაციებში ირიცხებოდნენ, დაპატიმრების შემდეგ კი, გასცეს რა ამხანაგები, ისინი სამუშაოდ გადავიდნენ პოლიტიკურ პოლიციაში ოფიციალურ თანამშრომლებად.
1890-იანი წლების მეორე ნახევარში ნათელი გახდა, რომ მხოლოდ წარმოშობის და ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კავშირების ქონის გამო დანიშნული ჟანდარმერიის ოფიცრები ვერ ასრულებდნენ თავის მოვალეობას. პოლიტიკურ ძებნას და ძიებას სჭირდებოდა სათანადო ნიჭი და უნარი. ამასთან, ისინი საერთოდ არ იცნობდნენ რევოლუციურ გარემოს და მასში მიმდინარე პროცესებს ვერ აანალიზებდნენ. ხელისუფლება მიხვდა, რომ პოლიტიკური ძებნის პროცესს კარგად წარმართავდნენ რევოლუციურ ორგანიზაციებთან პრაქტიკულად დაკავშირებული პირები და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ადამიანებს ფართოდ გაუხსნა გზა პოლიტიკურ პოლიციაში სამუშაოდ.
პოლიციის დეპარტამენტის შემსრულებელ ორგანოს XX საუკუნის დასაწყისისთვის კვლავ ადგილობრივი ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოები წარმოადგენდა.
თავი II
პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი ორგანოები
საქართველოში 1894-1900 – იან წლებში
$1. ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოები
საქართველოში 1894-1901 წლებში
XIX და XX საუკუნის მიჯნაზე საქართველოში კვლავ ჟანდარმთა ორი საგუბერნიო სამმართველო არსებობდა _
თბილისის და ქუთაისის. წამყვანი როლი მინიჭებული ჰქონდა თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს. იგი მდებარეობდა თბილისში, დღევანდელი რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის გვერდით ჩამავალ ქუჩაზე. მას სათავეში ედგა სამმართველოს უფროსი _ ჩინით პოლკოვნიკი. შტატში შედიოდნენ სამმართველოს უფროსის ადიუტანტი (შტაბს-როტმისტრი), სამმართველოს თარჯიმანი, მწერლები. 1903 წლისთვის ჰყავდათ სამი მწერალი. სამმართველოს უფროსს ჰყავდა თანაშემწეები, რომლებიც განაგებდნენ ერთ ან რამოდენიმე მაზრას. პირველი თანაშემწე განაგებდა თბილისის, მეორე _ თელავის და სიღნაღის, მესამე _ ახალციხის, ახალქალაქის და გორის მაზრებს, მეოთხე _ ელიზავეტოპოლის გუბერნიას (9). თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს შტატში შედიოდნენ ასევე სამმართველოს თარჯიმანი და თარჯიმნები ახალციხის, ახალ-ქალაქის და გორის მაზრებში, ასევე თარჯიმანი ელიზავეტიპოლის გუბერნიაში. 1902 წლისთვის თბილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს შტატში ჰყავდა 31 უნტერ-ოფიცერი და 3 ვახმისტრი.
ზემოთ ჩამოთვლილი უფროსი ჩინის ოფიცრები, ელიზავეტოპოლის გუბერ-ნიაში დანიშნული თანაშემწის გარდა, იმყოფებოდნენ თბილისში. ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს დაბალი ჩინები კი ასე იყო გადანაწილებული პუნქტებზე _
თბილისში 2 ვახმისტრი და 20 უნტერ-ოფიცერი, ელიზავეტოპოლის გუბერნიაში 1 ვახმისტრი და 3 უნტერ-ოფიცერი, თელავში, სიღნაღში, ახალციხეში, ზაქათალაში, ნუხაში, გორში, ახალქალაქში, სურამშიDD თითო უნტერ-ოფიცერი და შუშაში 2 უნტერ-ოფიცერი (10). 1902-1904 წლებში დასაწყისში სამმართველოს უფროსს რევოლუციური მოძრაობის ზრდასთან დაკავშირებით დაუნიშნეს ახალი თანაშემწე ქალაქ თბილისში. მიმდინარეობდა მიმოწერა ახალციხეში განსახლებული სომხების ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებთან დაკავშირებით ახალციხეში თანაშემწის დანიშვნის შესახებ, რაც არ განხორციელდა.
1907 წლისთვის უნტერ-ოფიცრების რიცხვი ავიდა 45-მდე. საერთოდ კი საშტატო განრიგით თბილისის საგუბერნიო სამმართველოს ძირითადი შტატი შედგებოდა სამმართველოს უფროსის, ადიუტანტის, მწერლის, 1 ვახმისტრის და 8 უნტერ-ოფიცრის, სამწყობრო მოვალეობის შემსრულებლი 2 უნტერ-ოფიცრისგან. დამატებითი შტატის ჩინები კი იყვნენ სამმართველოს უფროსის 5-ვე თანაშემწე, 3 ვახმისტრი და 31 უნტერ-ოფიცერი (11). რაც შეეხება ქუთაისის ჟანდართა საგუბერნიო სამმართველოს, მისი არქივის დროთა განმავლობაში განადგურების გამო, დღეს საკმაოდ მწირი მასალა მოგვეპოვება ამ ორგანოს საქმიანობის შესახებ. ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს შტატი შემდეგნაირად იყო დაკომპლექტებული. სამმართველოს სათავეში ედგა უფროსი _ ჩინით პოლკოვნიკი. შტატში შედიოდნენ _ ადიუტანტი, თარჯიმანი, 1 ვახმისტრი, 4 უნტერ-ოფიცერი და ორი მწერალი (12). სამმართველოს უფროსის თანაშემწე _ ჩინით პოდპოლკოვნიკი განაგებდა ბათუმის ოლქს. აღნიშნული განყოფილების შტატში შედიოდა 1 ვახმისტრი, 12 უნტერ-ოფიცერი და თარჯიმანი (13). ბათუმშივე იყო განლაგებული მიხაილოვსკის ციხის ჟანდარმთა რაზმი მეთაურის _ პოდპოლკოვნიკის, 1 ვახმისტრის და 10 უნტერ-ოფიცრის შემადგენლობით. ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსს თანაშემწე ყავდა ასევე სოხუმის ოლქში _ ჩინით როტმისტრი. შტატში შედიოდა 4 უნტერ-ოფიცერი და 4 ვახმისტრი. ამ განყოფილების ჟანდარმთა ჩინებს, იმასთან დაკავშირებით, რომ სოხუმი წარმოადგენდა საპორტო ქალაქს, დამატებით ევალებოდათ საბაჟოზე მეთვალყურეობა.
ქალაქ თბილისში იმყოფებოდა ამიერკავკასიის ჟანდარმთა პოლიციის რკინიგზის სამმართველო. მას მეთაურობდა სამმართველოს უფროსი ჩინით პოლ-კოვნიკი. შტატში შედიოდნენ ადიუტანტი _
ჩინით როტმისტრი და 2 მწერალი. სამმართველო დაყოფილი იყო განყოფილებებად. განყოფილებები მდებარეობდა მნიშვნელოვან სარკინიგზო საკვანძო პუნქტებში. ბათუმში განყოფილებას მეთაურობდა ჩინით პოლკოვნიკი, შტატში შედიოდნენ 1 ვახმისტრი და 33 უნტერ-ოფიცერი. ქუთაისის განყოფილებას მეთაურობდა – პოლკოვნიკი, შტატში შე-დიოდნენ 1 ვახმისტრი და 32 უნტერ-ოფიცრი. გორის განყოფილებას მეთაურობდა პოდპოლკოვნიკი, შტატში შედიოდნენ 1 ვახმისტრი და 33 უნტერ-ოფიცერი. თბილისში ცალკე იყო განყოფილება და მის სათავეში იდგა ოფიცერი _ როტმისტრი. შტატში შედიოდნენ ერთი ვახმისტრი და 46 უნტერ-ოფიცერი. განყოფილებები მდებარეობდა ასევე ელიზავეტოპოლში, ბაქოში, ალექსანდროვკაში და ნახიჭევანში (14).
ამრიგად, როგორც ვნახეთ რიცხობრივად რკინიგზის პოლიციის ჟანდარმთა სამმართველო ბევრად ჭარბობდა, თბილისის და ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოების შტატს, რომელთა რიცხვი თითქმის უცვლელი დარჩა 1894-დან 1910 წლამდე (თუ არ ჩავთვლით, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თბილისში თანაშემწის დანიშვნას და 10 უნტერ-ოფიცრის დამატებას).
რაოდენობ-რივი სიმცირის მიუხედავად, მზარდი რევოლუციური მოძრაობის პერიოდში, ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოები ასე თუ ისე ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.
ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მაღალი ჩინის ოფიცრების მოვალეობა და საქმიანობა განსაზღვრული იყო მთელი რიგი ინსტრუქციებით და ცირკულარებით. მათ შორის უმთავრესს წარმოადგენდა
1867 წელს მიღებული `ჟანდარმთა ცალკე კორპუსის დებულება~.
მან მცირეოდენი ცვლილებებით და დამატებებით იარსება 1917 წლამდე (15). `ნაროდნაია ვოლიას~ ტერორისტული აქტებით შეშინებულმა რუსეთის ხელისუფლებამ 1881 წლის 14 აგვისტოს დაამტკიცა `დებულება სახელმწიფო წესრიგის და საზოგადოებრივი სიმშვიდის დაცვის ზომების შესახებ“. მისი შემოღება ხდებოდა იქ, სადაც დანაშაულებრივი მოქმედებები სახელმწიფო წესრიგის და საზოგადოებრივი სიმშვიდის დაცვის მიმართ იღებდა ისეთ ხასიათს, რომ არსებული კანონები არასაკმარისს წარმოადგენდა მის აღმოსაფხვრელად. იგი ორ ნაწილად იყოფოდა: პირველი _ `გაძლიერებული დაცვა“ და მეორე `განსაკუთრებული დაცვა~ (მიღებული ზომების მიხედვით) (16). ამ დებულებას რუსეთის ხელისუფლება ხელახლა ამტკიცებდა ყოველი სამი წლის გასვლის შემდეგ, მისი არსებობის ბოლო წლამდე. ზემოაღნიშნული დებულება პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ლოპუხინის აზრით რუსეთის მთელ მოსახლეობას აყენებდა პოლიტიკური პოლიციის ჩინების პირად შეხედულებაზე დამოკიდებულად, რადგან ჟანდარმერიის ოფიცრებს მიეცათ ყველა `დასაბუთებულად ეჭვმიტანილი~ პირის დაპატიმრების უფლება (17). პრაქტიკაში ეს ნიშნავდა, რომ ჟანდარმერიის ჩინებს შეეძლოთ ნებისმიერი პირი დაეპატიმრებინათ, თუ იგი მათი აზრით კავშირში იყო ანტისახელმწიფოებ-რივ საზოგადოებებთან, ან სახელმწიფო დანაშაულის ჩამდენ პირებთან. ლოპუხინი წერს: დაპატიმრებისათვის საკმარისი იყო ობიექტური მონაცემების მაგივრად ჟანდარმერიის ჩინების სუბიექტური შეხედულება, რადგან დებულების მიხედვით ჟანდარმერიის ჩინებს შეეძლოთ ჩხრეკის ჩატარება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შენობაში (18).
`სახელმწიფოში სიმშვიდის და წესრიგის დაცვა~ ნიშნავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღმოსაფხვრელად ბრძოლას. პირველ რიგში სახელმწიფო დანაშაულად ითვლებოდა უმაღლესი ხელისუფალის იმპერატორის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების ხელყოფა, არსებული წყობილების წინააღმდეგ ნებისმიერი ფორმით გამოსვლა, რუსეთის იმპერიისგან მისი რომელიმე ნაწილის _
კავკასიის, ყირიმის, პოლონეთის, ფინეთის გამოყოფის მცდელობა (19). შესაბამისად ფართო იყო ამ დანაშაულის ჩამდენ პირთა რიცხვი, რადგან შემთხვევით ხელში მოხვედრილი აკრძალული წიგნი ან ბროშურა, ანტისახელ-მწიფოებრივი მიმართულების კრებაზე დასწრება, მიტინგზე მაყურებლად ყოფნა, მეგობართან წერილში რაიმე `ანტისახელმწიფოებრივი~ აზრის გამოთქმა და სხვა კანონის მიხედვით უკვე სახელმწიფო დანაშაულს წარმოადგენდა. ამ სახის დანაშაულის დასადგენად ჟანდარმერია იწყებდა მუშაობას: ან აწესებდა არაოფიციალურ მეთვალყურეობას, ან იწყებდა ე.წ. ფორმალურ მოკვლევას _
ფაქტების, ცნობების მოძიებას სახელმწიფო დანაშაულის ჩადენის შესახებ. მოკვლევის წარმოების დაწყება ჟანდარმერიის ჩინებს უნდა ეცნობებინათ პროკურატურისათვის, მაგრამ რუსეთის იმპერიის სისხლის სამართლის კოდექსის 1035 მუხლის (1904 წლის რედაქციის) მიხედვით პროკურატურის წარმომადგენლის დასწრება ჟანდარმერიის მიერ პოლიტიკურ დანაშაულზე მოკვლევის დაწყების, ჩხრეკის ან დაპატიმრების დროს სავალდებულო აღარ იყო. პრაქტიკაში მას მოყვა, ჟანდარმერიის ოფიცრების მიერ არამარტო ფორმალური მოკვლევის დასაწყისში პროკურატურის კონტროლის არიდება, არამედ მთელი ფორმალური მოკვლევის პროცესში მისი სრული იგნორირება (20).
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის
1035 მუხლის მიხედვით სახელმწიფო დანაშაულზე ფორმალური მოკვლევის წარმოების უფლება ჰქონდათ ასევე სასამართლო გამომძიებლებსაც. სახელმწიფო დანაშაულის აღმოჩენის და ძიების უკეთ წარმართვის მიზნით 1881 წლის 1 მარტს მიღებულ იქნა `დებულება პოლიციის ფარული ზედამხედველობის შესახებ~. მასაც ყოველ სამ წელიწადში ანახლებდნენ. აღნიშნული „დებულება“ წარმოადგენდა ერთ-ერთ სა-შუალებას სახელმწიფო დანაშაულის მომზადების აღმოსაჩენად პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პირებზე ფარული ზედამხედველობის მეშვეობით. პრაქტიკაში მას ანხორციელებდნენ როგორც საერთო პოლიციის, ასევე ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ჩინები. ამ დებულებით ადგილობრივ რუსულ ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა ნებისმიერ საეჭვო პირზე დაეწესებინა საიდუმლო მეთვალ-ყურეობა.
1904 წლის იანვარში შინაგან საქმეთა მინისტრის პლევეს ბრძანებით საიდუმლო მეთვალყურეობა დაევალათ მხოლოდ პოლიტიკური პოლიციის წარმომადგენლებს _ ჟანდარმერიის და `ოხრანკის~ ჩინებს, რადგან `საერთო პოლიცია ვერ ართმევდა მას თავს~ (21).
,,სახელმწიფო დანაშაულმა’’ ნელ-ნელა მიიღო ,,პოლიტიკური დანაშაულის’’ კლასიფიკაცია. მასზე ძიებას აწარმოებდნენ ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი ჩინის ოფიცრები. ისინი ხელმძღვანელობდნენ თავის საქმიანობაში ზემოთ აღნიშნული დებულებებით, ინსტრუქციებით და ცირკულარებით, რომლებსაც პოლიციის დეპარტამენტი და ჟანდარმთა კორპუსის შტაბი უგზავნიდა. იმის გამო, რომ 1867 წლის დებულებით კანონით დადგენილი სასამართლო წარმოების წესებთან ერთად ჟანდარმერიის ჩინებს უნდა ეხელმძღვანელათ სახელმწიფო დანაშაულის ძიების პროცესში თავისი უფროსების მითითებებით და ახსნა-განმარტებით, პრაქტიკაში უფროსის ბრძანება ცხადია კანონზე მაღლა იდგა. ამასთან, პოლიციის დეპარტამენტიდან და ჟანდარმთა კორპუსის შტაბიდან ხშირად მოდიოდა ისეთი ინსტრუქციები და ცირკულარები, რომელშიც მითითებული იყო კანონების შემოვლის გზები, რათა სახელმწიფო დანაშაულის ძიების პროცესი წარმართულიყო ისე, როგორც პოლიტიკური პოლიციის ხელმძღვანელობას სურდა. მართალია, პოლიციის დეპარტამენტი ითვლებოდა ჟანდარმერის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის წარმმართველად, მაგრამ ჟანდარმთა კორპუსის შტაბი მაინც ერეოდა თავისი ადგილობრივი ორგანოების არა მარტო სამხედრო-სამწყობრო, საკადრო, არამედ სახელმწიფო დანაშაულის ძიების საქმეშიც. ლოპუხინის აზრით, რომელსაც თავისი მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ამ აზრის გამოსატანად საკმაო მასალა გააჩნდა:
`საკმარისი იყო ჟანდარმთა კორპუსის მეთაურის ან შტაბის უფროსის სიტყვა თავის ხელქვეითებთან, რომ პოლიციის დეპარტამენტის ნებისმიერი განკარგულება შეუსრულებლი რჩებოდა~ (22). როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს გამოწვეული იყო ერთის მხრივ ჟანდარმთა კორპუსის შტაბისადმი ჟანდარმერიის ჩინების დამოკიდებულებით სამხედრო, დისციპლინარული, თანამდებობრივი დაწინაურების და დაჯილდოების სფეროში, მეორეს მხრივ კი პოლიციის დეპარტამენტს მხოლოდ მოთხოვნების წაყენების უფლება ჰქონდა, ამიტომ ადგილებზე ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოები მინიმალურად ემორჩილებოდნენ გუბერნატორებს, ხშირად სრულ იგნორირებას უკეთებდნენ მათ მითითებებს. კავკასიაში 1881 წლიდან მთავარმმართველობის შემოღების შემდეგ კი ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსები მხოლოდ ჟანდარმთა კორპუსის შტაბზე აღმოჩნდნენ დამოკიდებული. მდგომარეობა ამ მხრივ დიდად არ შეცვლილა კავკასიაში მთავარმართებელზე მეტი უფლებების მქონე მეფისნაცვალის თანამდებობის შემოღების შემდეგაც 1905 წლიდან. ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსები ადგენდნენ რა გუბერნიის პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობის შესახებ მოხსენებებს კორპუსის შტაბში გასაგზავნად, 1890-1900-იან წლებში მასში კვლავ ათავსებდნენ ადგილობრივი ჩინოვნიკების და თვით გუბერნატორების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტებს (23). უფრო მეტიც, სისტემატურად მიმდინარეობდა თვით მეფისნაცვალთან დაახლოებული პირების წერილების პერლუსტრაცია და ამონაწერების გაკეთება.
პოლიციის დეპარტამენტი ამაოდ სთხოვდა ჟანდარმერიის ადგილობრივი ორგანოების
ხელმძღვანელებს სახელმწიფო დანაშაულზე მოკვლევის გამო დასაკითხად ან მოწმედ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოეძახათ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები, აუცილებლად გაეთვალისწინებინათ მათი საზოგა-დოებრივი მდგომარეობა. ჟანდარმთა კორპუსის შტაბი მაინც ითხოვდა ცნობებს ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ. ამ მოთხოვნას თან სდევდა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსების მიერ თავისი უფლებამოსილების ხშირი გადაჭარბება. პოლიციის დეპარტამენტი 1903 წელს აფრთხილებდა თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსს, რომ მას უფლება არ ჰქონდა გაეცა მოწმობები ამა თუ იმ პირის კეთილსაიმედოობის შესახებ, რაც გუბერნატორის პრეროგატივა იყო. დაწვრილებით უხსნიდა, რომ `ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსს მხოლოდ განყოფილებაში არსებული მასალა უნდა მიეწოდებინა გუბერნატორებისათვის, რათა მის საფუძველზე გადაეწყვიტა მოწმობის გაცემის საკითხი~ (24). თუმცა, საგუბერნიო და საოლქო ჟანდარმთა სამმართველოების უფროსებისადმი გაგზავნილ 1901 წლის პოლიციის დეპარტამენტის ცირკულარში აღნიშნულია შემდეგი: `მართალია, გუბერნატორს მისი მოთხოვნის პასუხად უნდა გაუგზავნოთ მოთხოვნილი მასალა, მაგრამ ცნობები, რომლებიც გუბერნატორების პასუხში არ უნდა ჩაერთოს, უნდა აუცილებლად გამოგზავნოთ პოლიციის დეპარტამენტში~ (25).
ასეთი სახის კანონის დარღვევები, უფლებების გადამეტება, განსაკუთრებით დამახასიათებელი გახდა ჟანდარმერიის ჩინების საქმიანობისათვის
1900-1908 წლებში. ჟანდარმერიის ოფიცრები წარმართავდნენ ოფიციალურ მოკვლევას, გასცემდნენ დაპატიმრების, თუ ჩხრეკის ბრძანებას. ასეთი სახის შავ სამუშაოს კი ძირითადად ასრულებდნენ უნტერ-ოფიცრები. მათი საქმიანობა განსაზღვრული იყო 1868 წელს მიღებული შუვალიოვის მიერ შედგენილი ინსტრუქციით, რომელმაც გარკვეული ცვლილებები განიცადა მომდევნო პერიოდში. 1881 წლის 14 აგვისტოს მიღებულ იქნა `თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უნტერ-ოფიცრების ინსტრუქცია~ (26). (აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამ დღეს მიიღეს ზემოთ მოყვანილი `დებულება საზოგადოებრივი წესრიგის და საზოგადოებრივი სიმშვიდის დაცვის ზომების~ შესახებ“ - თ.ს.). ინსტრუქცია წარმოადგენს კითხვა-პასუხის მეთოდით აგებულ საკმაოდ დიდ ჟურნალის ტიპის კრებულს. იგი უნტერ-ოფიცრებს ზეპირად უნდა სცოდნოდათ. ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოების რევიზიისას ამოწმებდნენ უნტერ-ოფიცრებს რამდენად კარგად ჰქონდათ დახსომებული ინსტრუქციის ცალკეული პუნქტები.
ინსტრუქციის შესავალში მოცემულია ჟანდარმთა ცალკე კორპუსის, საგუბერნიო სამმართველოების შტატის დაკომპლექტების პროცესში გასათვალისწინებელი აუცილებელი პირობები. აღნიშნულია, რომ ჟანდარმთა საგუბერნიო და საოლქო, ასევე ჟანდარმთა პოლიციის რკინიგზის სამმართველოები კომპლექტდებოდა იმ უნტერ-ოფიცრებისაგან, ვინც იმსახურეს ჯარში, გავიდნენ თადარიგში, ანდა დატოვეს არმია. როგორც ზევით ავღნიშნეთ, მასში არ იღებდნენ
25 წელზე ნაკლებ ახალგაზრდებს. თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უნტერ-ოფიცრების პირადი საქმეებიდან ირკვევა, რომ ძირითადად მსახურობდნენ 35-დან 50 წლამდე ასაკის პირები. ისევე როგორც 1890-იან წლებში, მომდევნო ათწლეულშიც შტატში მიღებისას ყურადღება ექცეოდა მისაღები კანდიდატის წარმოსადეგ გარეგნობას, გონებრივ მონაცემებს, საერთო განათლებას და უნაკლო ყოფაქცევას. თუმცა 1870-იან წლებში ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის აზრით, ჟანდარმერიის უნტერ-ოფიცერთა უმრავლესობა ძნელად წერს და კითხულობს (27). იგივე კვლავ მეორდება 1913 წელს. ახალციხის, ახალქალაქის და გორის მაზრებში თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსის მოადგილის გაცემულ ბრძანებაში პირდაპირ მითითებულია, რომ პუნქტის უნტერ-ოფიცრებს აუცილებლად უნდა ესწავლათ წერა-კითხვა და თავისუფალ დროს ეკითხათ გაზეთები და წიგნები (28). უნტერ-ოფიცერი, გამოსაცდელი ვადის დამთავრების შემდეგ, დებდა ხელშეკრულებას 5 წლის ვადით, რომ იმსახურებდა ჟანდარმთა ცალკე კორპუსში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შეეძლო ეთხოვა ან სამსახურიდან განთავისუფლება, ანდა სამსახურში დატოვება. ამ საკითხს კი წყვეტდა მისი უშუალო უფროსი. სამსახურში დატოვების შემდეგ უკვე ყოველ წელს საჭირო იყო ხელშეკრულების ხელახალი განახლება, რაც საშუალებას აძლევდა ჟანდარმერიას თავიდან მოეშორებინა ყოველგვარი გართულების გარეშე მისთვის არასასურველი თანამშრომელი.
როგორც ავღნიშნეთ, საგუბერნიო სამმართველოების უნტერ-ოფიცრები იყვნენ ძირითადი და დამატებითი შტატის. ძირითადი შტატის უნტერ-ოფიცრების ნაწილი მსახურობდა კანცელარიაში, მიმაგრებული იყვნენ სამმართველოს უფროს-თან ან მის თანაშემწეებთან, მორიგეობდნენ წერილების მიღების ან ჩაბარების დროს, აცილებდნენ პატიმრებს, თან ახლდნენ პოლიციის ჩინებს სასამართლოს გამომძიებლის ან ჟანდარმერიის ოფიცრების ბრძანების შესაბამისად ჩხრეკისა და დაპატიმრებების დროს, განაწილებული იყვნენ პუნქტებში.
1902 წლისთვის თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს 13 უნტერ-ოფიცერი განაწილებული იყო პუნქტებში. 3 მუდმივად იმყოფებოდა სამმართველოს კანცელარიაში, 4 უნტერ-ოფიცერი კი ეწეოდა სამეთვალყურეო-საიდუმლო სამსახურს, ანუ უთვალთვალებდნენ რევოლუციონერებს (29). მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ დამნაშავის დაპატიმრება, თუ პირადად შეესწრებოდნენ დანაშაულის ჩადენას. სისხლის სამართლის დანაშაულზე დამოუკიდებლად ძიების წარმოება შეეძლოთ იმ შემთხვევაში, როდისაც პროკურატურა დაავალებდათ, ან საერთო პოლიციის ჩინი არ იმყოფებოდა დანაშაულის ადგილზე და დამნაშავეს შეეძლო მიმალულიყო. პოლიტიკურ დანაშაულზე ძიების დამოუკიდებლად წარმართვის უფლება კი საერთოდ არ გააჩნდათ (30).
დამატებითი შტატის უნტერ-ოფიცრები 1900 წლიდან გამოიყენებოდნენ დროის შესაფერისად ახალი მოთხოვნების შესასრულებლად. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ მოსახლეობის განწყობას და საერთოდ საზოგადოებრივ ცხოვრებას; ეძებდნენ სახელმწიფო დამნაშავეებს, ანხორციელებდნენ სხვადასხვა ღონისძიებებს პოლიტიკურ დანაშაულის მომზადების აღმოჩენის და შემდგომში ძიების უკეთ ჩატარების მიზნით; უთვალთვალებდნენ პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პირებს; მეთვალყურეობდნენ პოლიტიკურ დამნაშავეებს პატიმრობის ადგილზე; ამოწმებდნენ პორტებში (სოხუმში, ბათუმში) და სასაზღვრო პუნქტებზე პასპორტებს, ტვირთებს. ადგილობრივ რუსულ ადმინისტრაციას, კერძოდ გუბერნატორებს, უფლება ჰქონდათ ჟანდარმთა საგუბერნიო და საოლქო სამმართველოების უნტერ-ოფიცრები გამოეყენებინათ არეულობების დროს წესრიგის დასამყარებლად, როგორც სამხედრო ძალა. ბათუმში არსებული მიხაილოვსკის ციხის უნტერ-ოფიცერთა რაზმი ბათუმის ოლქში ასრულებდა ასევე სამხედრო პოლიციის მოვალეობებს.
რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას სურდა მათი სახით ყოლოდა ერთგული, ბრძანებისადმი ბრმად მორჩილი შეიარაღებული ძალა. ინსტრუქცია უნტერ-ოფიცრებისაგან ითხოვდა, რომ ისინი არ მოქცეულიყვნენ მეგობრის, ოჯახის წევრების გავლენის ქვეშ. ამიტომ მათი ოჯახის წევრებს ეკრძალებოდათ საქმიანობა კერძო ბიზნესში და ქრთამის სახით საჩუქრების, ე.წ. `სადღესასწაულოების~ მიღება. სიფხიზლე, უანგარობა, უფროსებისადმი პატივისცემა, სიმართლის თქმა _ ასეთი იყო ინსტრუქციის მოთხოვნა. რჩევის მიცემა, გასაჭირში კანონის ფარგლებში დახმარება, ხალხში თავის დაჭერა წარმოადგენდა იმ საფუძველს, რითაც უნტერ-ოფიცრობას უნდა მოეპოვებინათ ნდობა საზოგადოებაში.
`სხვანაირად _ ნათქვამია ინსტრუქციაში _ ისინი ვერ მოიპოვებდნენ მოსახლეობის მხარდაჭერას ისეთი პოლიტიკური დანაშაულის აღკვეთის საქმეში, როგორიცაა მოსახლეობაში რევოლუციური აგიტაცია-პროპაგანდა, ანტისახელმწიფოებრივი თავყრილობების ფარული გამართვა და სხვა~ (31).
ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი დაახლოების მიზნით
1898 წელს პუნქტის უნტერ-ოფიცრებს დაევალათ ადგილობრივი მოსახლეობის ენების შესწავლა. თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსმა 1910 წელს გამოსცა ბრძანება, რომ პუნქტის უნტერ-ოფიცრები მოვალენი იყვნენ სცოდნოდათ ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა, მაგრამ ისინი არ ფლობდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ენას, რის გამოც შეუძლებელი იყო მათგან აუცილებელი ცნობების შეკრება და ავალებდა მათ შეეძინათ ადგილობრივი ენების თვითმასწავლი ლიტე-რატურა (32). 1913 წელს იგი უკვე კატეგორიულად მოითხოვდა პუნქტის უნტერ-ოფიცრებისაგან 1914 წლის 1 აპრილამდე შეესწავლათ მათი სამსახურის ადგილზე ყველაზე უფრო გავრცელებული ენები: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ ემუქრებოდა სამსახურიდან გათავისუფლება (33).
პუნქტებზე მყოფი უნტერ-ოფიცრები მოვალენი იყვნენ შეეკრიბათ საზოგადოებ-რივ ცხოვრებაში მომხდარი ყველა ფაქტი და მოვლენა. მონაცემები კი უნდა მიეღოთ მოსახლეობაზე ფარული დაზვერვისა და მეთვალყურეობის გზით. იგი გამოიხატებოდა ადგილობრივი მცხოვრებლების ფრთხილ გამოკითხვაში ამა თუ იმ მათთვის საინტერესო საკითხზე. ევალებოდათ განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება პროკლამაციების, აგიტაციური ხასიათის ბროშურების, გაზეთების გავრცელებაზე. მათ უნდა ეთვალთვალათ წიგნების გამყიდველი წვრილი, მოხეტიალე ვაჭრებისათვის როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. ინსტრუქციაში არის მოცემული მითითება, როგორ უნდა დაეყოლიებინათ ადამიანი ცნობების მისაწოდებლად და როგორ უნდა მოპყრობოდნენ შემდგომში მას, რათა კვლავ მიეღოთ მისგან საინტერესო ინფორმაცია. უნტერ-ოფიცრებს ასევე ევალებოდათ შემოვლების ჩატარება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. ისინი მეთვალყურეობის მიზნით უნდა დასწრებოდნენ ბაზრობებს, საეკლესიო დღესასწაულებს და სხვა ხალხმრავალ შეკრებებს.
პუნქტის უნტერ-ოფიცრებს ამ საქმიანობის განხორციელება ევალებოდათ არა მარტო წესრიგის დაცვის მიზნით, არამედ იმიტომაც, რომ აღმოეჩინათ მათ-თვის ნაცნობი პოლიტიკური დამნაშავეები. მათ ევალებოდათ სახეზე სცოდნოდათ პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პირები, რომლებიც აღრიცხული ყავდა ადგი-ლობრივ ჟანდარმერიას და იდგნენ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. უნდა ეთვალთვალათ მათთვის, რათა გამოერკვიათ ვისთან ჰქონდათ მათ ურთიერთობა.
ინსტრუქციის ბოლოში მოცემულია იმ პირთა სია, ვინც გარეგნულად უნდა სცოდნოდა სახეზე. კერძოდ, უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები _
გუბერნატორი, სასამართლო პალატის, საოლქო სასამართლოს, პროკურატურის, ფოსტის ჩინოვნიკები, სასწავლებლების ხელმძღვანელები. მითითებულია როგორი ხერხებით ემუშავათ მეთვალყურეების გაწევისას. აქვე დაწვრილებით გაშიფრულია, ითვალისწინებდნენ რა მათ გონებრივ მონაცემებს, რა სახის დანაშაულზე აწარმოებდა ძიებას ჟანდარმერია, რომელი სასამართლო ორგანო არჩევდა სამოქალაქო, სისხლის სამართლის და პოლიტიკურ დანაშაულს, როგორი იყო სასამართლოს დაწესებულებების იერარქია, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს აგებულება, კავკასიის მხარის ადმინისტრაციული მოწყობა და სხვა.
ამ კრებულში მოთავსებულია იმ დროს იმპერიაში მოქმედი არალეგალური პარტიების სია, მათი პროგრამებით, მიზნებით და მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი საშუალებებით.
1900-იანი წლებიდან მკვეთრად შეიცვალა უნტერ-ოფიცრების მოვალეობები. მათი საქმიანობის სფერო საკმაოდ გაფართოვდა და პოლიტიკური ძებნის ელემენტები უნტერ-ოფიცრების პრაქტიკულ საქმიანობაში ფართოდ იქნა გამოყენებული. ამიერკავკასიის რკინიგზის ჟანდარმთ პოლიციის სამმართველოს საქმიანობა
ჟანდარმერიის სისტემაში შემავალი ამიერკავკასიის რკინიგზის ჟანდარმერიის პოლიციის სამმართველოს ჩინების მოვალეობა განსაზღვრული იყო 1885 წელს გამოსული რუსეთის იმპერიის რკინიგზის წესდებით. ამ წესდების მიხედვით რკინიგზის ჟანდარმთა პოლიციის ოფიცრები განლაგებული იყვნენ რკინიგზის სადგურებზე. მათ უნდა აღეკვეთათ რკინიგზაზე მომხდარი ყველა სახის დანაშაული. 1900-იანი წლებიდან უკვე დაევალათ წინასწარი ზომების მიღებით გამოეკვლიათ დანაშაულის მომზადება. რაც შეეხება ამ დაწესებულების უნტერ-ოფიცრებს, მათი საქმიანობა განსაზღვრული იყო ე.წ. `რკინიგზის ჟანდარმერიის პოლიციის სამმართველოს უნტერ-ოფიცრებთან მუშაობის პროგრამით~
(34). ამ პროგრამის მიხედვით უნტერ-ოფიცრებს თითქმის იგივე მოვალეობები ჰქონდათ დაკისრებული, რაც ჟანდარმთა საგუბერნიო და საოლქო სამმართველოების უნტერ-ოფიცრებს, მხოლოდ მასში გათვალისწინებული იყო რკინიგზის სპეციფიკა. მათვე ევალებოდათ რკინიგზის მაგისტრალების დაცვა იმპერატორის მატარებლის გავლისას. ამ საკითხს არეგულირებდა 1903 წელს ჟანდარმთა ცალკე კორპუსის ტიპოგრაფიაში გამოცემული ბროშურა, სადაც ჩამოთვლილია მათი მოვალეობები ასეთი განსაკუთრებული შემთხვევის დროს. 1905 წლიდან რკინიგზის ჟანდარმთა პოლიციის სამმართველოებს დაევალათ საერთო-პოლიციური ხასიათის საქმიანობის განხორციელებასთან ერთად პოლიტიკური ძიების წარმოებაც, თუმცა მანამდეც რკინიგზის ჟანდარმთა პოლიციის სამმართველოებში მიდიოდა ცირკულარები ამა თუ იმ სახის პოლიტიკურ ძიების ზომების განსახორციელებლად. 1903 წელს ჟანდარმთა ცალკე კორპუსის შტაბის უფროსის ბრძანებით ნება მიეცათ რკინიგზის ჟანდარმთა პოლიციის სამმართველოს უფროსებს შტაბიდან მოსული ბრძანების გარეშე Aაღმოეჩინათ დახმარება ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ჩინებისათვის, რამაც გააიოლა მათი საქმიანობა პოლიტიკური დამნაშავეების წინააღმდეგ ბრძოლაში (35).
$2. პოლიციის დეპარტამენტის ადგილობრივი
ორგანოები 1894-1901 წლებში
რუსეთის იმპერიაში 1890-იან წლებში და 1900-იანი წლების დასაწყისში
სახელმწიფო დანაშაულზე მოკვლევის წარმოება და ძიება საკმაოდ დაბალ დონეზე იდგა. 1890-იან წლებში რევოლუციური და საზოგადოებრივი მოძრაობების შესუსტების ფონზე პოლიციის დეპარტამენტი კარდინალურ ღონისძიებებს არ მიმართავდა იმპერიის შიგნით პოლიტიკური ძებნის სისტემის გასაუმჯობესებლად. იგი იფარგლებდა მხოლოდ დროებითი ხასიათის ღონისძიებებით და პოლიტიკური პოლიციის სუსტი მუშაობის მიზეზად თვლიდა სხვა სამართალდამცავ ორგანოებს. დეპარტამენტის ჩინოვნიკების აზრით, საერთო პოლიცია ვერ უწევდა სათანადო დახმარებას ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებს პოლიტიკურ დანაშაულზე ძებნილი პირების აღმოჩენაში და დაკავებაში. საერთო პოლიციის ჩინები მართლაც დაინტერესებული არ იყვნენ პოლიტიკურ საქმეებზე ძებნილების დაკავებით. ეს პირები დაკავების შემდეგ უნდა გადაეცათ ჟანდარმერიის ადგილობრივი სამმართველოებისათვის. ჯილდოებსაც და წახალისებასაც ჟანდარმები იღებდნენ. ამიტომ, ხშირად, პოლიტიკური დამნაშავეების შესახებ მიღებულ ცირკულარებს აგზავნიდნენ არქივში. მიუთითებდა რა ამდაგვარ მდგომარეობაზე, პოლიციის დეპარტამენტი ადანაშაულებდა საერთო პოლიციის ჩინებს უმოქმედობაში. პოლიციის დეპარტამენტი თავის ხელქვეითებს წერდა, რომ ხშირად პოლიტიკურ დანაშაულზე ძებნილი პირები თავისი ნამდვილი გვარით და სახელითაც კი ეწყობიან სამსახურში დიდ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე და მოყავდა მაგალითები (36). მარტო საერთო პოლიცია როდი სცოდავდა. პოლიტიკური ძებნილების დაკავებაში გამოჩენილი უმოქმედობა დამახასიათებელი იყო ასევე ადგილობრივი ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოების ჩინებისათვის. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მათ არ გააჩნდათ პოლიტიკური ძებნის და ძიებისათვის საჭირო ფსიქოლოგიური და ტექნიკური მომზადება. ხანდაზმული, სამხედრო წვრთნა გავლილი, სხვისი ბრძანებების შესრულებას დაჩვეული, დამოუკიდებელი მოქმედების უნარის არ მქონე ჟანდარმერიის უფროსი და უმცროსი ჩინის ოფიცრები, ბუნებრივია, არ ფლობდნენ პოლიტიკური ძებნის ხერხებს და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრმა მათგანმა არ იცოდა კავკასიის ადგილობრივი მოსახლეობის ენა და ტრადიციები, რაც ცხადია უარყოფითად მოქმედებდა მათ მიერ პოლიტიკური ძებნის წარმოების პროცესზე.
პოლიციის დეპარტამენტი იმ წლებში ითხოვდა პოლიცმეისტერების და სამაზრო პოლიციის უფროსებისაგან, რომ მათ პირადად აეხსნათ და გაეცნოთ საერთო პოლიციის ჩინებისათვის პოლიტიკური ძებნის ხერხები. როგორც ჩანს, დეპარტამენტის ჩინოვნიკები არ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, ფლობდნენ თუ არა ადგილობრივი პოლიციის მესვეურები ასეთ ხერხებს და ერთობ პრიმიტიული ხასიათის მითითებს უგზავნიდა _
რომ აუცილებელი იყო მეთვალყურეობის დაწესება პოლიტიკური ძებნილის ამხანაგებზე, ნათესავებზე, ახლობელ ადამიანებზე, ასევე სამოქმედო ტერიტორიაზე გამოჩენილი უცნობი პირების დოკუმენტაციის შემოწმების აუცილებლობაზე. მოითხოვდა განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მოსწავლე-ახალგაზრდობაზე (37). იმ წლებში იგივე სახის მითითებები ეგზავნებოდა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოებსაც.
პოლიციის დეპარტამენტი, როგორც ცირკულარებიდან ჩანს, საკმარისად აღარ თვლიდა პროვინციებში მხოლოდ პოლიციის ზედამხედველობის დაწესებას პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო პირებზე.
1897 წლამდე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირთა სია იმყოფებიდა საერთო პოლიციის სამმართველოებში (38). ცხადია, ჟანდარმერიის ადგილობრივი ორგანოები საერთო პოლიციის ჩინების უმოქმედობის გამო არ იყვნენ ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პოლიტიკურ დანაშაულში ეჭვმიტანილების საქმიანობის კურსში.
ამ პერიოდში რუსეთის იმპერიაში ნელ-ნელა მატულობს საზღვარგარეთიდან არალეგალური რევოლუციური ლიტერატურის შემოტანა. საზღვარგარეთ მოწყობილ სტამბებში დაბეჭდილი წიგნები, ბროშურები, პროკლამაციები სხვადასხვა ხერხით დიდი რაოდენობით იწყებს შემოსვლას რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე. არალეგალური ლიტერატურის შემოტანის ერთ-ერთი გზა კავკასიაზე გადიოდა. ამ პერიოდში იმისათვის, რომ გაეადვილებინა ჟანდარმებისათვის არალეგალური ლიტერატურის აღმოჩენა და დაკავება, პოლიციის დეპარტამენტი ხშირად აცნობებდა მათ მისთვის ცნობილ ლიტერატურის შემოტანის საშუალებებს და ხერხებს
(39). არალეგალური ლიტერატურა იბეჭდებოდა იმპერიის ტერიტორია-ზეც. რევოლუციონერები მათ ხანდახან ოფიციალურად გამოსული წიგნების შესა-ხედაობას აძლევდნენ _ რევოლუციური შინაარსის ლიტერატურას ათავსებდნენ სტამბიდან გამოსული რომელიმე ოფიციალური წიგნის ყდაში. დეპარტამენტი დაჟინებით ითხოვდა განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას ტიპოგრაფიებიდან შრიფტის დაკარგვის შემთხვევებზე, მიუთითებდა, რომ რევოლუციონერები ხშირად ოფიციალურად სავაჭრო კომპანიების მეშვეობით ყიდულობდნენ სტამბისათვის საჭირო მოწყობილობებს და ითხოვდა ამ საკითხისადმი მეტი ყურადღების მიქცევას (40). მართალია, საკვირაო სკოლებში ფართოდ გაშლილ სააგიტაციო მუშაობას მუშათა შორის კარგად ხედავდა, მაგრამ მასწავლებლად მიწვეული პირებზე კეთილსაიმედოობის ცნობის გაცემაზე, ადგილობრივი რუსული ადმინისტრაციიდან კონტროლის დაწესებაზე მეტი ღონისძიებების გატარებას არ ითხოვდა (41). აღსანიშნავია, რომ პოლიციის დეპარტამენტი სოციალ-დემოკრატების მიერ კავკასიაში და ცენტრალურ რუსეთში ოფიციალურ პრესაშიც კი ფართოდ გაშლილი პროპაგანდის წინააღმდეგ არავითარი ზომების მიღებას არ ითხოვდა. პოლიციის დეპარტამენტის ამდაგვარი საქციელის მიზეზებს ჩვენ კვლავ დავუბ-რუნდებით. მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ იმ წლებში პოლიციის დეპარტამენტი ცდილობდა ჟანდარმერიის ჩინებს დაეცვათ ელემენტარული კანონიერება პოლიტიკური ძიების წარმოების პროცესში (42). მაგალითად, 1900 წლის ოქტომბერში თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსი დეპარტამენტმა გააფრთხილა, რომ `მართალია, თქვენ მოქმედებდით გიმნაზიის მოსწავლეების და აღსაზრდელების მიმართ კანონის ზუსტი დაცვით, მაგრამ ძიების პროცესში გამოიჩინეთ არასაკმარისი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან გიმნაზიის მოსწავლეების დაკითხვა კანონით უნდა მომხდარიყო არა საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოში, არამედ ჟანდარმერიის ჩინი პირადად უნდა გამოცხადებულიყო სასწავლებელში და იქ დაეკითხა (43). ჩანს საგუბერნიო სამმართველოს უფროსისადმი განკუთვნილი მითითება გახდა იმ ცირკულარის საბაბი და საფუძველი, რომელიც 1900 წლის 2 ნოემბერს დაეგზავნათ ჟანდარმერიის ადგილობრივ ორგანოებს. მასში მითითებულია ფაქტები _ გიმნაზიის მოსწავლეების დაკავება არასაკმარისი მიზეზით, ასევე გიმნაზიის მოსწავლე გოგონების გამოძახება ჟანდარმერიის სამმართველოში. აღნიშნულია, რომ გიმნაზიელი გოგონების გამოძახება მოხდა სასწავლო საათებში და ისინი იქ მიიყვანეს პოლიციელების თანხლებით. დეპარტამენტი ურჩევდა, რომ საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოების უფროსებს დიდი სიფრთხილე და წინდახედულება გამოეჩინათ სასწავლებლებში ჩხრეკის და მოსწავლეების დაკავების დროს.
საერთოდ, ეს წლები (1895-1901) მთლიანობაში ხასიათდება ჟანდარმერიის და პოლიციის ჩინების მიერ პოლიტიკური დამნაშავეებისადმი შედარებით ნორმალური მოპყრობით. რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთ წარმომადგენლის
გ. ჩხეიძის მოგონებებში
(1901 წელი) აღნიშნულია, რომ მან დაპატიმრების პირველ დღეს საჭმელი არ შეჭამა. უბნის ზედამხედველს ეგონა, რომ იგი გაიფიცა და `ჯერ სთხოვა მიეღო საჭმელი, შემდეგ კი ბოქაული მოიყვანა და შესჩივლა არაფერს არ ჭამსო~. გ. ჩხეიძის სიტყვებითვე `ეს დამახასიათებელია, თუ როგორ ეპ-ყრობოდნენ მაშინ პოლიტიკურებს~
(44). იმ პერიოდში ჟანდარმთა კორპუსის შტაბის მიერ გაგზავნილ სპეციალურ ცირკულარში ჟანდარმერიის ადგილობრივი ორგანოებისადმი მითითებულია, რომ პოლიტიკური პატიმრებზე, თუკი ისინი საჭმლის მიღებაზე უარს განაცხადებდნენ, არავითარი ძალდატანებითი ღონისძიება არ გაეტარებინათ, საჭმელი ჩვეულებრივ დროს მიეტანათ საკანში და დაეტოვებინათ, მხოლოდ გრძელვადიანი შიმშილობის დროს მიერთმიათ მათთვის განსაკუთრებულად გემრიელად მომზადებული საჭმელი, გაეთვალისწინებინათ მოშიმშილის ეროვნება და რელიგია, რათა `შიმშილს გაეღვიძებინა მოშიმშილისთვის ჭამის სურვილი~ (45).
ამ პერიოდში პოლიციის დეპარტამენტი ითხოვდა, რომ საფაბრიკო არეულობების, მღელვარებების დროს დაეპატიმრებინათ `მთავარი წამქეზებლები~,
რითაც დანაშაული დასაწყისშივე აღიკვეთებოდა. მეორეს მხრივ კი საზღვარზე არალეგალურად გადმოსული პირები, ან არეულობებში სხვას აყოლიებული ადამიანები შეეძლოთ თავისუფლად დაეტოვებინათ (46). ამრიგად, ძალიან ძნელი გასარჩევი იყო ვისი დაპატიმრება იყო აუცილებელი და ვისი არა. ამასთან ერთად, ეს ცირკულარი ჟანდარმერიის ჩინებს აძლევდა საშუალებას სახელმწიფო დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პიროვნება მიეჩნიათ ნაკლებ საშიშად, თუ რა თქმა უნდა ისეთი ხელშესახები ფაქტები არ არსებობდა, როგორიცაა არალეგალური ლიტე-რატურის, იარაღის ქონა და გაენთავისუფლებინათ შესაბამისი გასამრჯელოს (ქრთამის) აღების ფასად.
1902-1903 წლებში პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლოპუხნის დანიშვნის შემდეგ, განსაკუთრებით იმრავლა მითითებებმა ჟანდარმთა კორპუსის ადგილობრივი ორგანოების მისამართით დაეცვათ კანონიერება და არ გადაეჭარბებინათ თავისი უფლებებისათვის. იგი ცდილობდა ჩაეტარებინა პოლიტიკური პოლიციის რეფორმა, დაეხვეწა დეპარტამენტის ადგილობრივი ორგანოების მუშაობა.
XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიაში მოხდა პოლიციის ორგანოების გაძლიერება ე.წ. `სტრაჟნიკების~
(დაცვის რაზმების) დაარსებით. ამიერკავკასიის პოლიციის სტრაჟნიკების საქმიანობის, მოვალეობის განსაზმღვრელი დებულება დამტკიცებულ იქნა 1899 წელს. სტრაჟნიკები წარმოადგენენ რეალურ ძალას, რადგან გააჩნდათ იმ პერიოდისათვის კარგი შეიარაღება (შაშხანები) და გადაადგილების საშუალებად იყენებდნენ ცხენებს. ხელისუფლებამ იზრუნა იმაზედ, რომ მათი სახით ყოლოდა ცარიზმის ინტერესების დამცველი ძალა. დებულებაში პირდაპირაა მითითებული, რომ შტატ-ში მიღებისას უპირატესობა მიეცათ რუსი ეროვნების პირებისათვის, ხოლო სხვა ერის წარმომადგენლები მიეღოთ მცირე რაოდენობით. ამასთან, აკრძალა ადგილობრივი მოსახლეობის მიღება სამსახურში, მათსავე საცხოვრებელ ტერიტორიაზე, რაც სხვათა შორის რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი გონივრული ნაბიჯი აღმოჩნდა რევოლუციური მოძრაობის წარმომადგენლების დევნის პროცესში (47).
დიდ ქალაქებში თბილისში და ქუთაისში პოლიციის დაბალ ჩინებს,
`გოროდოვოებს~, რომლებსაც ეკავათ პოსტები ქალაქის სხვადასხვა უბნებში, ამ პერიოდში დაევალათ არა მარტო წესრიგის და სიმშვიდის დაცვა ქალაქის ქუჩებში, არამედ მეთვალყურეობა პოლიტიკური საქმიანობით დაკავებულ საეჭვო პირებზე.
ამავე წლებში თბილისში შემოღებული იქნა სახლის მეეზოვეების და ღამის ყარაულების სამსახური. რა თქმა უნდა, ამ პროფესიის ადამიანები ადრეც არსებობდნენ, მაგრამ
XIX საუკუნის ბოლოდან აღრიცხულ იქნენ საერთო პოლიციაში. მათ აძლევდნენ ხელფასს და ევალებოდათ ყურადღების მიქცევა ნებადაურთველი განცხადებების, აფიშების ან სხვა ქაღალდების გამკვრელებზე. მოვალენი იყვნენ შეესრულებინათ პოლიციის ნებისმიერი ჩინის მოთხოვნა დამნაშავე პირის დევნის ან დაჭერის დროს.
სახლის მეეზოვეს უნდა სცოდნოდა სახეზე ბინის ყველა მცხოვრები. ამასთან გაეწია მეთვალყურეობა სახლის ბინადრებზე, რომ მათ არ შეეფარებინათ პოლიტიკურად დევნილი, ან არ ჩაეტარებინათ არალეგალური კრებები. სახლში მომხდარი ყველა შემთხვევის, პოლიციისაგან ნებადაურთველი შეკრებების, ქუჩაში მიმდინარე მიტინგების, თუ მოქალაქეების სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შესახებ უნდა ეცნობებინათ პოლიციისათვის.
No comments:
Post a Comment